პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება - უგულავა დაკავების მოლოდინშია

უზენაესი სასამართლოს ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა, პირველი პოლიტიკური დაკვეთა გიგი უგულავას საქმეზე მიიღეს. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ადვოკატის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლო უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას, ათ თებერვალს გამოაცხადებს. 

ბექა ბასილაიას თქმით, საქმეზე გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოცხადდება ისე, რომ მოსამართლეების, მერაბ გაბინაშვილის და შალვა თადუმაძისგან შემდგარი კოლეგია გიგი უგულავასა და მისი ადვოკატის პოზიციებს არ მოისმენენ. 

"უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა უკვე მიიღეს პირველი პოლიტიკური დავალება. ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როდესაც ის ამბობს, რომ დაჭერები გაგრძელდება და 10 თებერვალს ჩვენ ისე, რომ სხდომაზეც კი ვერ მივიღებთ მონაწილეობას, გავიგებთ იმას, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო თადუმაძემ, რომელიც საინტერესოა, რომ ამ საქმის საკასაციო საჩივრის მომზადების დროს იყო გენერალური პროკურორი. რამდენიმე თვის წინ ის იყო ამ საქმის პროკურორი და დღეს არის ამ საქმის მოსამართლე," - ამბობს ბექა ბასილაია. 

თავად გიგი უგულავა კი ამ საქმესთან დაკავშირებით, თბილისის ამჟამინდელი მერის, კახა კალაძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც "ამ კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა" და შესაბამისად, არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს. 

„არც ერთ საქმეზე მე არავინ არ მედავება, რომ რაიმე მოვიპარე და სახლში წავიღე. მედავებიან მხოლოდ იმას, რომ დავასაქმე ადამიანები, რომელიც სავარაუდოდ, მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. მედავებიან იმას, რაც ათი ათას ხარისხში აქვს აყვანილი ბატონ კალაძეს და გავსებული აქვს მერია უვიცი „ქოცებითა“ და პარტაქტივით. ამიტომ როდესაც ბატონი კალაძე საუბრობს, რომ მე რაღაც მოვიპარე - ბატონო კახი, ხარ უწიგნური, ეტყობა არ იცი კითხვა და არ იცი ის, რომ მე არანაირი ჩვენება ამ საქმეზე არ მიმიცია, არათუ ბრალი არ მიღიარებია.

ამიტომ გეუბნებით, რომ თქვენ ხართ უწიგნური და ეს სამწუხარო ემპირიული მოცემულობაა და ხარ მატყუარაც და ცდილობთ ხალხი შეიყვანოთ სიცრუეში. ამიტომ დღეს ბოლომდე მოგიწოდებთ თქვენთვის გასაგები ენით- „ტოებით და ბიჭოებით“, თუ გინდათ მის გარეშე დღის ბოლომდე წარმოადგინეთ ჩემი ხელმოწერილი განცხდება თუ ბრალის აღიარება, რომ მე 50 მილიონი მოვიპარე. თუ ამას არ იზამთ, მაშინ დღის ბოლოსთვის იქნებით ის, რაც ჰომოგენურად ყველაზე მეტად გესმით. ანუ დაგინების შემდეგ მატყუარას რა ჰქვია თქვენივე ჟარგონით თქვენსავე წრეში მოიკითხეთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილ მერს, 2018 წელს, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და გიგი უგულავას დღევანდელი სასჯელი მოხდილად ეთვლება.



ავტორი: მარია გეგეჭკორი



კომენტარები