ინტელექტუალური საკუთრების უფლება რეალური საკუთრების უფლების წინააღმდეგ

"მე ვუსტვენ მელოდიას ან ვწერ პოემას, შენ ისმენ ამ მელოდიას ან კითხულობ ამ პოემას, და მათ რეპროდუცირებას ან კოპირებას ახდენ. ამ დროს შენ მე არაფერს მართმევ. მე ისევე შემიძლია სტვენა ან წერა, როგორც მანამდე შემეძლო. უფრო მეტიც, მთელმა სამყარომ შეიძლება დამაკოპიროს და მე მაინც არაფერი წამერთმევა. თუკი მე არ მსურდა, რომ ვინმეს ჩემი იდეები დაეკოპირებინა, შემეძლო ისინი ჩემთვის შემენახა და ისინი არასდროს გამომეთქვა.
ახლა, წარმოიდგინეთ, რომ მე მომენიჭა საკუთრების უფლება ჩემს მელოდიაზე ან პოემაზე ისე, რომ შემიძლია აგიკრძალო მათი კოპირება, ან, გადასახადი მოგთხოვო, თუკი ასე იზამ. უპირველეს ყოვლისა, განა ეს არ გულისხმობს, აბსურდულად, რომ მე, ჩემს მხრივ, გადასახადი უნდა ვუხადო იმ პიროვნებას (ან მის მემკვიდრეებს), ვინც სტვენა ან წერა გამოიგონა, ან, თუკი უფრო შორს წავალთ, იმათ, ვინც ხმების გამოცემა ან სამეტყველო ენა გამოიგონა, და ა.შ.? შემდეგ, რადგან შენ შენივე საკუთრების გარდა სხვა არაფერი გამოგიყენებია ჩემი კოპირებისას, შენთვის ჩემი მელოდიის სტვენისთვის ან ჩემი პოემის ციტირებისთვის ხელის შეშლის, ან, ამისთვის საფასურის გადახდევინების პროცესში მე, სინამდვილეში, შენი ნაწილობრივი მფლობელი გავხდი - შენი ფიზიკური სხეულის, შენი ხმოვანი იოგების, შენი ქაღალდის, შენი ფანქრის, და სხვ. თუკი შენ ჩემი კოპირება აღარ შეგიძლია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მე, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელმა, შენი და შენი "რეალური" საკუთრების ექსპროპრიაცია მოვახდინე.
ეს გვიჩვენებს, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება და რეალური საკუთრების უფლება ერთმანეთთან შეუთავსებელია, და ინტელექტუალური საკუთრების დაწესება უნდა განვიხილოთ როგორც მწირ რესურსებზე არსებული "რეალური" საკუთრების იდეაზე ყველაზე უფრო სახიფათო შეტევა.
— ჰანს-ჰერმან ჰოპე

კერძო საკუთრების უფლება მხოლოდ მწირი რაოდენობით არსებულ რესურსებზე შეიძლება არსებობდეს. ეს უფლება სწორედ იმიტომ გამოიგონა კაცობრიობამ, რომ მწირი რესურსებისთვის კონფლიქტი აერიდებინა თავიდან. აქედან გამომდინარე, ის, რისი კოპირებაც უსასრულოდ შეიძლება, კერძო საკუთრება დეფინიციის თანახმად ვერ იქნება. თუკი შენ ავტომობილი გყავს და მე შენს ავტომობილს მოვიპარავ, შენ ავტომობილი აღარ გეყოლება. თუკი შენ წამლის ფორმულა გაქვს და მე და კიდევ მილიონობით ადამიანი ამ წამლის ფორმულას დავაკოპირებთ, ამით მას არაფერი მოუვა. ამდენად, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კოპირება ქურდობა არ არის.

ინტელექტუალური საკუთრების ყალბი უფლება წინააღმდეგობაში მოდის კერძო საკუთრების ჭეშმარიტ უფლებასთან, რადგან ადამიანებს უკრძალავს, რომ საკუთარი კერძო საკუთრება - იქნება ეს დაზგა, მანქანა-დანადგარები, კომპიუტერი, ტვინი, თითები, თუ ხმოვანი იოგები - შეუზღუდავად გამოიყენონ. ინტელექტუალური საკუთრების ყალბი უფლება სახელმწიფოს მიერაა დაკანონებული და პირდაპირ ურტყამს შეუზღუდავი კონკურენციის და, შესაბამისად, თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. ინტელექტუალური საკუთრების უფლების მომხრეობა ნიშნავს ძალადობრივი მონოპოლიის მომხრეობას, ანუ, მონობის და სიღატაკის მომხრეობას, და ცივილიზაციის პროგრესის წინააღმდეგ ბრძოლას.

დამსახურებული და გამართლებული მოგება, რომელსაც გამომგონებელი, აღმომჩენი, და ავტორი, ან მათთან ასოცირებული მწარმოებლები ნახულობენ, არის ის უპირატესობა, რასაც მათ ბაზარზე პირველად და, ამდენად, სხვებზე ადრე შესვლა აძლევთ. სახელმწიფოს მიერ ინტელექტუალური საკუთრების ყალბი უფლების დაწესება ნიშნავს ძალადობრივი მონოპოლიის შექმნას და ამის ხარჯზე გამომგონებლების, აღმომჩენების, ავტორების, და მათთან ასოცირებული მწარმოებლების დაუმსახურებლად და გაუმართლებლად გამდიდრებას, მომხმარებლების და კონკურენტი მწარმოებლების ინტერესების დაზარალების და, ამდენად, მთელი საზოგადოების გაძარცვის და გაღატაკების ხარჯზე.

ყველანაირი კრეატიული მუშაობა მანამდე სხვა ადამიანების მიერ გაწეულ კრეატიულ მუშაობას ემყარება. მაგალითად, ენა და დამწერლობა, რითაც ამჟამად არსებული გამომგონებლები, აღმომჩენები, და ავტორები სარგებლობენ, მრავალი საუკუნის წინ არის შექმნილი და ეს ადამიანები ენით და დამწერლობით სარგებლობაში ფულს არ იხდიან, თუმცა, თავად მათ სურთ რომ საკუთარი გამოგონებით, აღმოჩენით, ან ნაწარმოებით სარგებლობაში სხვა ადამიანებს ფული ძალადობრივი მონოპოლიის დაწესების გზით ახდევინონ და ამით უსამართლო მოგება ნახონ. თუკი თითოეული კონკრეტული გამოგონების, აღმოჩენის ან ნაწარმოების არსს შევისწავლით, ადრე გაკეთებული გამოგონებებიდან, აღმოჩენებიდან, ან ნაწარმოებებიდან მათი უშუალო დერივატიული ბუნება კიდევ უფრო მეტად აშკარა გახდება.

ინტელექტუალური საკუთრების ყალბი უფლების დაცვის შედეგად მიღებული ზიანის განსაკუთრებით თვალსაჩინო მაგალითია ფარმაცევტული წარმოება. შეუზღუდავი კონკურენციისთვის აუცილებელია, რომ ბაზარი ღია იყოს და ყველას შეეძლოს მასში შესვლა. ამჟამად არსებული ფარმაცევტული ბაზარი ღია არ არის: ის სახელმწიფოების მთავრობების მიერაა ჩაკეტილი ინტელექტუალური საკუთრების ყალბი უფლებით. შედეგად, ბაზარზე არსებობენ ძალადობრივი მონოპოლისტები, რომელთაც შეუძლიათ მედიკამენტის ფასი ისე გაზარდონ, რომ კონკურენციის არ ეშინოდეთ.

ინტელექტუალური საკუთრების ყალბი უფლება ინოვაციას და პროგრეს კლავს, რადგან წამლის ფორმულის სხვადასხვა გზით მოდიფიცირების საშუალებას არ იძლევა და ამით ახალი, უფრო ეფექტური და/ან იაფი წამლების გამოგონებას უშლის ხელს. იგივე შეიძლება ითქვას ყველა სხვა სფეროზეც. სწორედ ამიტომ, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაწესებამ სასურველის დიამეტრულად საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი და ხელოვნების და მწერლობის განვითარება კი არ წაახალისა, არამედ, პირიქით, ჩაკლა.

ინტელექტუალური საკუთრების ყალბი უფლების არარსებობის პირობებში ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც პირველი შევიდოდა ბაზარზე, საკმარისი დრო ექნებოდა იმისთვის, რომ მაქსიმალური გამართლებული მოგება ენახა, სანამ სხვა კომპანიები ააწყობდნენ იგივე ან მსგავსი წამლის წარმოებას და მას კონკურენციას გაუწევდნენ. ამჟამად, ინტელექტულური საკუთრების ყალბი უფლების დაცვის პირობებში, მთავრობა ფარმაცევტულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ ძალადობრივი მონოპოლია დააწესონ და დამატებით გაუმართლებელი მოგება ნახონ, რაც კატასტროფულად აძვირებს მედიკამენტების ფასს, ხოლო მათ ხარისხს დაბლა სწევს. ფარმაცევტულ წარმოებაში ინტელექტუალური საკუთრების ყალბი უფლების დაცვა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონობით პაციენტს სწირავს ტანჯვისთვის და სიკვდილისთვის.

უფრო მეტიც, სახელმწიფო მის მიერვე ხელოვნურად გაძვირებულ ჯანდაცვის სერვისს - რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ინტელექტუალური საკუთრების ყალბი უფლების დაცვას მიუძღვის - იმის საბაბად იყენებს, რომ ამ სერვისის ძალადობრივი მონოპოლიზება მოახდინოს და მისი დაფინანსება გადასახადების გადამხდელებს აიძულოს. შედეგად, ჯანდაცვის სერვისი ხდება კიდევ უფრო მეტად უხარისხო და/ან ძვირი, და ყველანი ვღატაკდებით. ამას "მოლიპული დაღმართი" ეწოდება: მონობისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯი მეორეს ითხოვს, მეორე - მესამეს, და ა.შ.

"როცა ამ სამკურნალო რესურსის დინამიკაზე ვფიქრობდი, მივხვდი, რომ ის არა იმდენად ჯანდაცვის შესახებაა, რამდენადაც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ. მკურნალი საწოლები, თავისთავად, განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენდა და დედამიწის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათი მასობრივი წარმოება შესაძლებელი იქნებოდა, ხოლო თავისუფალი ბაზრის ბაზისური ეკონომიკა მათ ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდიდა. მკურნალობის განმახორციელებელი ტექნოლოგია იყო ის, რასაც რეალური ღირებულება გააჩნდა, და ელიზიუმის პრივილეგირებული ერთეულების მიერ სარგებლობის გარდა, ის ჩაკეტილი უსაქმოდ იდგა პორტებში. განა რაიმე გამოხატავს ინტელექტუალური საკუთრების იდეას უფრო მეტად, ვიდრე სახელმწიფოს მიერ ჩაკეტილი სუპერ-უხვი რესურსი, რომელიც მხოლოდ ერთეულებისთვისაა ხელმისაწვდომი? ელიზიუმი მწირი რესურსების მდიდრებიდან ღარიბებზე გადანაწილების შესახებ კი არაა, არამედ მთავრობის მიერ დაწესებული მონოპოლიების ბორკილებიდან ინტელექტუალური საკუთრების დედამიწის ყველა მოქალაქისთვის გათავისუფლების შესახებ."
— ონლაინ სტატია ფილმ "ელიზიუმის" შესახებ

 

ავტორი: გიორგი ლომინაძე



კომენტარები