საკუთრება ადამიანებს გაუჩენს მოტივაციას, რომ აღარ მიდიოდნენ ქვეყნიდან - პაატა შეშელიძე

"გირჩის აზრის" ეთერში "ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელმა, ეკონომისტმა, პაატა შეშელიძემ, "გირჩის" პრივატიზაციის გეგმის შესახებ ისაუბრა. შეშელიძის აზრით, პრივატიზაციის ასეთი მოდელი, ბიუროკრატიის ხარჯებს აგვარიდებს და მოქალაქეებზე იქნება ორიენტირებული, რაც ადამიანებს გაუჩენს მოტივაციას, ჰქონდეთ საკუთრება საქართველოში და არ მიდიოდნენ ქვეყნიდან.

"გირჩის" პრივატიზაციის მოდელი საინტერესო და ბევრად მოქნილი მოდელია. შეიძლება ე.წ. უფასო პრივატიზების მოდელიც დავარქვათ, როდესაც ქონება გადაეცემა ადამიანებს მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ისინი ქვეყნის მოქალაქეები არიან. გარკვეულად სოციალური ფუნქციაც შეიძლება ჰქონდეს ამას იმ გაგებით, რომ ადამიანებს გაუჩნდებათ მოტივაცია შეინარჩუნონ მოქალაქეობა, არ გაიქცნენ ქვეყნიდან და ფიზიკური დაინტერესება ჰქონდეთ, რომ დარჩნენ ქვეყანაში.

პაატა შეშელიძე აღნიშნავს, რომ მეორე ტიპის პრივატიზებას, რომელიც ნაწილობრივ დღესაც ხორციელდება, თავისი უარყოფითი მხარეები აქვს, რაც პირველ რიგში ბიუროკრატიის ხარჯებია. როდესაც სახელმწიფო აუქციონის გზით ყიდის ქონებას, ფული რომელსაც ინვესტორი იხდის, ბიუროკრატიის ხარჯებზე მიდის, რაც შეშელიძის აზრით, ფაქტობრივად გაფლანგული ფულია და შემდეგ მთავრობამ ისეთი პროექტების განსახორციელებლად შეიძლება გამოიყენოს, რომელიც ისევ ბიზნესსა და მოქალაქეებს დააზარალებს.

"ბევრად უფრო გონივრული მგონია, ადამიანების დაინტერესება მატერიალურად, რომ იყვნენ მესაკუთრეები და რადგან მესაკუთრე იქნება, დიდია ალბათობა, რომ უკეთ დაიცავს თავის საკუთრებას, ბიზნესის კლიმატს ქვეყანაში და ა.შ. იქნება ბევრად უფრო მოტივირებული პოლიტიკაზე ისეთი გავლენა მოახდინოს, რომელიც მას ხელს არ შეუშლის მომავალში. ამითი საბოლოო ჯამში მოტივაციას გავუჩენთ, რომ არამარტო თავის ეზოზე იფიქრონ, არამედ მთელ ქვეყანაზე, დანარჩენ სისტემაზე. ანუ ხუთ კილო კარტოფილსა და 20 ლარზე არ გაყიდონ თავისი ხმა, როდესაც უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მისაღები."

- ამბობს შეშელიძე "გირჩის აზრის" ეთერში. 

"ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველო" ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოებაა, რომელიც კლასიკური ლიბერალიზმის იდეების გავრცელებაზეა ორიენტირებული. ორგანიზაციას ისეთი მნიშვნელოვანი ავტორების ნაშრომები აქვს ნათარგმნი, როგორებიც არიან -  ბასტია, მიზესი, ჰაიეკი, ადამ სმითი, აინ რენდი და სხვა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები