სიახლეები

99 Views
ეკონომიკა

„გირჩის“ პოზიცია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან მიმართებაში

მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომზადებულია ისე, თითქოს საქართველო არ იდგეს უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე და არ საჭიროებდეს ფუნდამენტურ და რადიკალურ რეფორმებს, როგორც ზოგადი ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების, ისე კონკრეტული სექტორების მიხედვით, იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა თუ სოციალური დახმარება.

მთავრობა გეგმავს გააგრძელოს ეკონომიკიდან ფულის ამოღება და ხარჯვა ისეთივე მასშტაბებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. შემოსავლები იზრდება 160 მილიონი ლარით, ხოლო ხარჯები 243 მილიონი ლარით, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკაში ფულის დატოვებით ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელ ეფექტს არ უნდა ველოდოთ. შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც მთავარი წინაპირობაა ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, გაუმჯობესდება.

სამინისტროების რაოდენობა რჩება იგივე. საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა რჩება იგივე. შრომის ანაზღაურება საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის რჩება იგივე. ასობით სსიპ-ებსა და აიპ-ებში კვლავ ვგეგმავთ 1 მილიარდამდე ლარის გახარჯვას. აქედან ცხადია, რომ მთავრობას არ გააჩნია სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირების პოლიტიკური ნება, რომელიც მძიმე ტვირთად აწევს ქვეყნის ეკონომიკას, ფაქტობრივად, ჭამს კერძო სექტორში შექმნილ ისედაც მწირ დოვლათს და განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს ეკონომიკას.

მოგების გადასახადის გაუქმება ერთადერთი დადებითი ეკონომიკური გადაწყვეტილება შესაძლოა ყოფილიყო. მთავრობის გათვლით, საწარმოებში დარჩება დამატებით 457 მილიონი ლარი, მაგრამ მთავრობა იქვე ვარაუდობს, რომ ფულს, რომელსაც ის მოგების გადასახადის გაუქმებით საწარმოებში დატოვებს, ამოიღებს საშემოსავლო გადასახადის მეშვეობით - 353 მილიონს და დამატებული ღირებულების გადასახადის ფორმით - 210 მილიონს ანუ ჯამში 457 მილიონის ნაცვლად ხალხისგან აკრეფს 106 მილიონით მეტს, 563 მილიონ ლარს.

2017 წელს მთავრობა გეგმავს 1 მილიარდ 660 მილიონი ლარის ახალი ვალის აღებას, აქედან 300 მილიონი შიდა ვალია. უკანასკნელი წლებში დღევანდელმა ხელისუფლებამ უკვე აიღო ასობით მილიონი შიდა ვალი. ასეთი ვალების აღების მოტივად 2013 წელს სახელდებოდა ე.წ. „გრძელი ფულის“ შექმნის აუცილებლობა. დღეს უკვე ნათელია, რომ არანაირი „გრძელი ფული“ ქვეყანაში არ შექმნილა, თუმცა მიუხედავად ამისა, მთავრობა კვლავ აგრძელებს შიდა ვალების აღებას.

განათლების სფეროს დაფინანსება იზრდება 54 მილიონი ლარით. განათლების სისტემა რჩება პრაქტიკულად უცვლელი, რაც ნიშნავს, რომ 1 მილიარდ ლარზე მეტი, რასაც ამ სისტემაში ვხარჯავთ, არანაირი შედეგის მომტანი იქნება. განათლების არსებულმა სისტემამ შეუძლებელია უზრუნველყოს მომავალი თაობის მომზადება და ისეთი უნარებით აღჭურვა, რაც საშუალებას მისცემს მათ, საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ იმ სამყაროში, რომელშიც 15-20 წლის შემდეგ მოუწევთ ცხოვრება.

ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დაფინანსება იზრდება 168 მილიონი ლარით. სისტემური ცვლილებები არც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი. სოციალური დახმარების სისტემით ფარგლებში კვლავ მოხდება საბიუჯეტო სახსრების განაწილება წინასწარ შერჩეული კატეგორიების მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ სოციალური ხასიათის ფულის ნაწილი კვლავ გადანაწილდება შეძლებულ და მდიდარ ოჯახებზე და, შესაბამისად, მოსახლეობის რეალურად გაჭირვებული ნაწილი კვლავ ვერ მიიღებს სახელმწიფოსგან სათანადო ფინანსურ მხარდაჭერას.

მთავრობა აპირებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნებას. ეს ნიშნავს, რომ:

  1. ჯანდაცვის სფეროში ფასების ზრდა გაგრძელდება;
  2. კვლავ დაგვჭირდება ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოძიება ამ სისტემის დასაფინანსებლად;
  3. ჯანდაცვის სისტემაში ისევ არ იარსებებს ბუნებრივი სტიმულები ხარისხის გაუმჯობესებისა და ფასების კლებისთვის;
  4. ჯანდაცვის მომსახურების ობიექტები კვლავ ორიენტირებული იქნებიან ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი თანხების მიღებაზე, მათ შორის სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების გზით.

თავდაცვის დაფინანსება იზრდება 73 მილიონი ლარით, რაც მისასალმებლია. თუმცა ისეთი საგარეო გამოწვევების მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, თავდაცვაზე უნდა ხარჯავდეს გაცილებით მეტს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმეწლიანი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტემპის არსებობის შემთხვევაში.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ნათლად ჩანს, რომ მთავრობას არ აქვს გააზრებული საკუთარი ნაბიჯების სიმცდარე, რომლებსაც უკანასკნელი წლების განმავლობაში დგამდა.

მაგალითად, სწორია, რომ გაუქმებულია ყურძნისა და მანდარინის სუბსიდირება, ისევე, როგორც ხვნის პროგრამა, მაგრამ ამ ფონზე გაუგებარია რატომ დავიწყეთ ჩაის დაფინანსება ან რატომ ვზრდით ისეთი პროგრამის დაფინანსებას, როგორიცაა „დანერგე მომავალი“? რა საჭირო იყო სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნა და 300 ათასი ლარით დაფინანსება, როცა 2017 წელს მისი დაფინანსება აღარ იგეგმება? ზოგადად გაუგებარია, რატომ ვაგრძელებთ ასობით მილიონი ლარის ხარჯვას პროგრამებში, რომლებმაც არანაირი ეკონომიკური სიკეთე არ მოუტანა ქვეყნის მოსახლეობას? ისევე როგორც, გაუგებარია რატომ ვაგრძელებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას 47 მილიონი ლარით ან დომინანტი კონფესიის დაფინანსებას 25 მილიონი ლარით?

ბიუჯეტის პროექტის მთავარი პრობლემა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზია - 4%. თუ გადავხედავთ ამავე მთავრობის მიერ წინა წლებში გაკეთებულ პროგნოზებს 2017 წელთან მიმართებაში, ჩანს, რომ ის გაუარესებულია (შემცირება 5-5.5%-დან მოხდა). თუ მთავრობას თავად არ სჯერა, რომ ქვეყანას შეუძლია სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რატომ უნდა დაიჯეროს ეს რომელიმე პოტენციურმა ინვესტორმა? თუ დავუჯერებთ მთავრობის გეგმას, 2020 წლისთვის, ერთ სულ მოსახლეზე დოლარში ეკონომიკის მოცულობით, ვიქნებით დაახლოებით დღევანდელი აზერბაიჯანისა და ირანის მსგავსი ქვეყანა და უფრო ღარიბი ვიდრე დღევანდელი სამხრეთ აფრიკა, ბელორუსი ან ტაილანდია. გასაგებია, რომ 4 წელიწადში ვერ გავხდებით ნორვეგია, მაგრამ პოლიტიკური ნებისა და სწორი რეფორმების შემთხვევაში, გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი.

კომენტარები