367 Views
პოლიტიკა

20/30 იანელების საგანგებო განცხადება

მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში,  მოძრაობა 20/30 იანელებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, 14 დეკემბერს დაგეგმილი "ქართული ოცნების" დემონსტრაცია ბიძინა ივანიშვილის სახელის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. იხილეთ განცხადება სრულად:

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, 14 დეკემბერს, თბილისში, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება” აწყობს ფართომასშტაბიან დემონსტრაციას, რომელიც ეძღვნება ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას.

სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ღონისძიება არ არის შეთანხმებული ბ-ნ ბიძინა ივანიშვილთან და მიზნად ისახავს ამ დიდი ქართველი ქველმოქმედის დისკრედიტაციასა და მისი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებას.

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა უწევს ანბანის მიხედვით და არაფერი აღსანიშნავი ამ ფაქტში არ არის. ამჟამად ამ პოზიციას იკავებს საბერძნეთი, მაგრამ გსმენიათ რომ საბერძნეთში ეს ფაქტი ზარზეიმით აღნიშნულიყოს?

ცხადზე ცხადია რომ ამ დემონსტრაციის რეალური მიზანი დიდი რაოდენობით ადამიანების დედაქალაქში მობილიზაციით ისედაც გაუბედურებული ოპოზიციისთვის ძალის დემონსტრირებაა. ჩვენს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით ბ-ნი ბიძინა წინააღმდეგია პოლიტიკური ბრძოლის წარმოების ასეთი გაცვეთილი გზების. მეტიც, ზუსტად ვიცით რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევამ ქართული ოცნების აქტივისტების მზრიდან, მასში მხოლოდ სინანული და ბრაზი გამოიწვია.

ჩვენთვის, ისევე როგორც ბ-ნი ბიძინასთვის, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მმართველი პარტია უწყობდეს დემონსტრაციას ოპოზიციას. მეტიც, ეს არის ამ ქვეყანაში არაერთხელ გავლილი გზა, რომელიც ყოველთვის მმართველი პოლიტიკური ძალის მარცხით დასრულა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2012 წელს, სააკაშვილის რეჟიმმა სწორედ ასეთ გზას მიმართა ბ-ნი ბიძინას წინააღმდეგ - რეგიონებიდან ჩამოიყვანა ხალხი და შეეცადა ბორის პაიჭაძის (ღმერთმა აცხონოს მისი სული) სახელობის სტადიონის გავსება. სტადიონი ღონისძიების დასრულებამდე დაიცალა, ხოლო სააკაშვილმა როგორც დაასრულა  - ყველას კარგად მოეხსენება.

განსაკუთრებული შორსმჭვრეტელობა არ სჭირდება იმის დანახვას რა მოჰყვება 14 დეკემბერს თბილისში ხალხის ჩამოყვანას. ბ-ნ ბიძინაზე დაგეშილი პარტიული ტელევიზიები გადაიღებენ უამრავ კადრს, რომლებშიც გამოჩნდება რომ ეს ადამიანები იძულებით ან გარკვეული საფასურის სანაცვლოდ არიან დედაქალაქში მობილიზებული, რაც გამოიწვევს ჩვეულებრივი, პოლიტიკურად არააქტიური მოქალაქეების გულისწყრომას და აუცილებლად ნეგატიურად აისახება ბ-ნი ბიძინას რეიტინგზე მომავალი არჩევნებისთვის.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას:

არ ჩამოხვიდეთ 14 დეკემბერს თბილისში!

არ აჰყვეთ პროვოკაციას, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების” შიგნით არსებული ხუნდაძე-ბერაიას დაჯგუფების მიერ არის წამოწყებული!

ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე უღალატეს ბ-ნ ბიძინას, რომდესაც დაივიწყეს ვისი მოყვანილი არიან ქართულ პოლიტიკაში და ფაქტობრივად მთელი დედამიწის დასანახად მატყუარა გამოიყვანეს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთი ტყუილიც კი არ უთქვამს.

ნუ მიცემთ ამ მოღალატეებს ბ-ნი ბიძინას დისკრედიტაციის მეორე შანსს!

ბ-ნ ბიძინას არაფერში სჭირდება მიტინგებით ძალის დემონსტრირება!

მისი ღვაწლი ფასდაუდებელია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, შესაბამისად იქნება დაფასებული ქართველი ერის მიერ!

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები