სიახლეები

1963 Views
გირჩი

ჯედების და საბიუჯეტო ფულის ამბავი

მოკლედ:

გირჩის სათათბირომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ გირჩის მიერ საბიუჯეტო დაფინანსებით მიღებული ფული ჯედების მფლობელებს პროპორციულად გაუნაწილოს. 

ეს ფული იმ ხალხისაა, ვინც გირჩი პარლამენტში გაიყვანა. 

მათი დივიდენდია, ჯედის მიერ გამომუშავებული.

ჯედის მფლობელი, კვარტალში ერთხელ შეძლებს მისი წილი ფული: 

- ან გაიტანოს (დაიბეგრება გადასახადებით); 

- ან გირჩს შესწიროს მთლიანად თუ ნაწილობრივ (შემოწირულობა არ დაიბეგრება და შესაბამისი ახალი ჯედები დაგემატებათ); 

- ან სულად დატოვოს ფული გირჩს ანგარიშზე, შესანახად, და მომავალში გადაწყვიტოს, თუ რას უზამს (აქ არის იმის რისკი, რომ გირჩი სახელმწიფომ დააჯარიმოს რამეზე და ანგარიშზე ჩატოვებული ეს ფული ჯარიმებმა წაიღოს). 
ფულის გაცემას 20 აგვისტოდან დავიწყებთ.


გრძლად:

ჩვენ ვეწინააღმდეგებით პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გადასახადების გადამხდელების ხარჯზე დაფინანსებას. როგორც კი საშუალება მოგვეცემა, დაფინანსების ამ გზას გავაუქმებთ. პარტიებს ნებაყოფლობით უნდა აფინანსებდნენ მისი მხარდამჭერები.

თუმცა, ჯერ ამის გაუქმების ძალაუფლება არ გვაქვს და მას მერე, რაც გირჩი 2020-ის არჩევნებით პარლამენტში მოხვდა, ჩვენც მივიღეთ “საბიუჯეტო დაფინანსება” - თვეში დაახლოებით 64 000 ლარი, 2020-დან 2024-მდე (რაც ჯამში, ორ მილიონ ლარზე მეტი გამოვა).

რა უნდა გვექნა ამ ფულისთვის?

უკან, ბიუჯეტში დაბრუნება რომ სისულელე იქნებოდა, ამაზე ყველა ვთანხმდებოდით გირჩში.

ვერც პარტიას დავახარჯავდით - ეს ფული ხომ ადამიანებს თავისი ნებით არ შემოუწირიათ ჩვენთვის, ჰოდა საჩვენოდ გამოსაყენებლად ხელს ვერ მოვკიდებდით. რაიმე ფორმით უკან, ადამიანებისთვის უნდა დაგვებრუნებინა.

ბევრი კამათი გვქონდა ამაზე ოფისში 2020-მდე, წინასწარ გვინდოდა დაგვედო პირობა, თუ სად წავიდოდა ის ორი მილიონი ლარი, რომელიც პარლამენტში მოხვედრის მერე, 4 წლის მანძილზე ჩაგვერიცხებოდა.

ბოლოს ტესლების გათამაშების იდეამ გაიმარჯვა. ამ იდეით ორი კურდღლის მოკვლა გვინდოდა - 1) ფულს უკან დავუბრუნებდით ადამიანებს და 2) ვაჩვენებდით, როგორ არასამართლიანად იხარჯება, ზოგადად, საბიუჯეტო ფული.

2020 არჩევნების მერე ბევრი რამ მოხდა: ჯერ ბოიკოტი, რის გამოც ეს ფული აღარ ჩაგვერიცხა. მერე ოპოზიციის შესვლა პარლამენტში და დაფინანსების აღდგენა “მოქალაქეების” პარტიის ინიციატივით.

მოკლედ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენს ანგარიშზე საკმარისი თანხა დაგროვდა მანქანის გასათამაშებლად, ჩვენც ავდექით და ელექტრო პორშე ტაიკანი გავათამაშეთ. 

თუმცა, ამ გათამაშებით ვერცერთ მიზანს ვერ მივაღწიეთ - 100 000$-ის ღირებულების მანქანა ერთ ადამიანს შეხვდა (ხალხს კი არ დავუბრუნეთ, ერთ კაცს დავუბრუნეთ და იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მას ექნებოდა გადასახადებში გადახდილი) და ვერც “საბიუჯეტო ფულის ხარჯვის აბსურდულობის” იდეა მივიტანეთ ადამიანებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ადამიანური თუ ფინანსური რესურსის მაქსიმუმი ჩავდეთ ამ პროექტში.

თუმცა, 2021 წლის წინ ვინც დარეგისტრირდა ჩვენს საიტზე და გათამაშებაში ჩაერთო, იმ ხალხთან მაინც გვაქვს დაპირება გაცემული, რომ ტესლას გავათამაშებთ და ეს დაპირება შესრულდება.

მას მერე, რაც მანქანების გათამაშებით მიზანს ვერ მივაღწიეთ და შეცდომა დავინახეთ, გადავწყვიტეთ მეტი გვეფიქრა, თუ რა ფორმით იქნებოდა ყველაზე სწორი, რომ ეს ფული ხალხისთვის დაგვებრუნებინა.

ბევრი ფიქრის შემდეგ, ასეთ გადაწყვეტილებამდე მივედით:

ჯედს უკვე წლებია გირჩის შიდაპარტიულ პრაიმერისში ვიყენებთ ისე, როგორც აქციონერები იყენებენ საკუთარ აქციებს კომპანიის დირექტორთა საბჭოს დასაკომპლექტებლად. 

ანუ, ჯედი, თავისი შინაარსით, ფასიანი ქაღალდია, აქციაა.

როდესაც სააქციო საზოგადოება (კომპანია) მოგებაზე გადის, ამ მოგებას თავის აქციონერებს უნაწილებს ხოლმე. 
მაგალითად, თუ ეფლის აქციებს იყიდით, თითო აქცია წელიწადში 0.95 ცენტ დივიდენდს მოგიტანს.

ზუსტად ასევე, თუ წარმოვიდგენთ, რომ ჯედები არის გირჩის აქციები, გამოდის, რომ ის ფული, რაც გირჩმა მთავრობისგან მიიღო, არის გირჩის, როგორც კორპორაციის მოგება და ეს მოგება მის მეწილეებზე, ჯედების მფლობელებზე დივიდენდის სახით უნდა გადანაწილდეს.

ფული ყოველთვე ირიცხება, თვეში 64 000.

იმისთვის, რომ ბუღალტერიაში არ დავიკარგოთ და მთელი ჩვენი რესურსი ამ ფულის გაცემას არ გადაყვეს, ფულს გავცემთ კვარტალში ერთხელ (ბევრი საქმე იქნება, პროცედურულად მარტივი არაა ეს ფული ვინმეს მისცე. აუდიტს თავისი ფორმები უნდა შეუვსო, კონტრაქტები დადო, აქეთური-იქეთური).

პირველ გაცემას ელოდეთ 20 აგვისტოსთვის, იქამდე ყველა საჭირო პროცედურას გავივლით და მოვემზადებით.
ამ სტატიის წერის მომენტში გირჩის ანგარიშზე დაგროვილია 1 374 577 ლარი (დიახ, მილიონზე მეტი და მიმავალი წლის ნოემბრამდე კიდევ ერთი მილიონი დაემატება).

ხოლო ჩვენს აქციონერებს აქვთ 148 020 451 ჯედი.

მარტივი არითმეტიკით გავიგებთ, რომ თუ თქვენ გაქვთ 1000 ჯედი, თქვენი წილი შეადგენს 9 ლარს და 29 თეთრს.
ერთი მილიონი ჯედი თუ გაქვთ - 9 286 ლარი და 40 თეთრი გეკუთვნით!

გასაგებია, რომ ამ სტატიით ყველა იმ ადამიანს ვერ გავაგებინებთ ამბავს, ვისაც ჯედები აქვს (2962 ხართ ასეთი), ამიტომ მალე დავიწყებთ ჩამორეკვას, სმს-ების გაგზავნას და საინფორმაციო კამპანიას, რათა ამ ხალხმა ამ სამი გზიდან ერთ-ერთი აირჩიოს:

1. გაიტანოს თავისი წილი ფული გირჩის ანგარიშიდან და სულ კაი ამბებში მოიხმაროს. ამ შემთხვევაში Gross თანხას გამოაკლდება სახელმწიფო გადასახადები (20% საშემოსავლო, + 4% საპენსიო).

2. გვითხრას, რომ მის წილ ფულს სწირავს გირჩს, წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად და მიიღოს შემოწირულობის შესაბამისი ახალი ჯედები. შემოწირულობის შემთხვევაში გადასახადები აღარ მოუწევს, რადგან თანხა არ დატოვებს გირჩის ანგარიშს.

აქ მეორე ვარიანტიც არსებობს - შეგიძლიათ, ნაწილი შესწიროთ გირჩს და პირდაპირ დაგვიტოვოთ ანგარიშზე, ხოლო ნაწილი გაიტანოთ და თქვენს გემოზე დახარჯოთ. აქაც, ის ნაწილი, რომელსაც შემოგვწირავთ, არ დაიბეგრება გადასახადებით და Gross-ის შესაბამის ჯედებს მიიღებთ, ხოლო გატანილი ნაწილი დაიბეგრება იმ წესით, რაც პირველ პუნქტშია აღწერილი.

3. საერთოდ არ გამოვიდეს კონტაქტზე, ან საკუთარი ნებით მისი თანხა გირჩის ანგარიშზე დატოვოს შესანახად - არც გვწირავს, არც გააქვს, აგროვებს უბრალოდ, მომავალში განსაკარგავად.

თუმცა, ასეთ ვარიანტს ერთი რისკი ახლავს - სახელმწიფოსთვის ნებისმიერი ფული, რაც გირჩის ანგარიშზეა, გირჩის ფულია, ამიტომ თუ რამე მოხდა და გირჩი დააჯარიმეს, შეიძლება ეს თქვენი “სამომავლოდ გადადებული, გირჩის ანგარიშზე ჩატოვებული” ფული უბრალოდ ჯარიმებმა შეჭამოს.

კიდევ ერთი გასათვალისწინებელი საკითხი:

თუ მილიონი ჯედი გაქვთ, ამ თვეში ბიუჯეტიდან ჩარიცხული 64 832 ლარიდან თქვენი წილი 438 ლარია ( 64 832 ლარი / 148 020 451* ჯედზე = 438 ლარი), მაგრამ სამი თვის შემდეგ, როდესაც ფულის გაცემის შემდეგი თარიღი მოვა, მიმოქცევაში არსებული ჯედების რაოდენობა გაზრდილი იქნება - ამ სამი თვის მანძილზე ვიღაც ხომ შემოგვწირავს ფულს? - ჰოდა, გასაყოფი კი უცვლელი რჩება, მაგრამ გამყოფი გაიზრდება, ამიტომ მილიონი ჯედის პროცენტული წილი ჯედების საერთო რაოდენობაში შემცირდება. შემცირდება თანხაც, რომელიც ამ მოლიონ ჯედს “მოაქვს”. ყოველი კვარტლის 20 რიცხვში თავიდან გადაითვლება რამდენი ჯედი აქვთ ჯედერებს და სამი თვის მანძილზე მოგროვილი თანხა ამ ჯედებზე პროპორციულად ახლიდან გადანაწილდება.

P.S.
დღეს გირჩის პოლიტიკოსების საკუთრებაში, ჯამში ჯედების 21%-ია. ჩვენ ამ ჯედებით მიღებულ ფულს, 275 000 ლარს, მთლიანად ჩავაბრუნებთ გირჩში, წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. ხოლო, თუ რას გადაწყვეტენ დარჩენილი 80% ჯედების მფლობელები, თვის ბოლოს შეგატყობინებთ.

კომენტარები