492 Views
პოლიტიკა

როგორი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, "ოცნება" ნებისმიერ შემთხვევაში წააგებს - ცოტნე კობერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, "გირჩის" წევრმა ცოტნე კობერიძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და "გირჩის" ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც წინა ხელისუფლების ძალოვან სტრუქტურებში დაბრუნების შიში არ უნდა ჰქონდეს ხალხს.

სააკაშვილის მიმართ შიში უკავშირდება ძალოვან სტრუქტურებს, თორემ მისი დადებითი თვისებები შეიძლება ბევრს მოსწონდეს, მთავარი რაც გვაშინებს მისგან, არის ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც დღემდე შენარჩუნებულია და ჩვენი მთავარი მესიჯი სწორედ ეგ არის, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. ამიტომ ეს შიში მოსახსნელია.

ამბობს ცოტნე პირველი არხის ეთერში. მისი აზრით, ამ იდეაზე მსჯელობა და დიალოგი აქედანვე უნდა დაიწყოს, რეალური შედეგის დასადებად.

კობერიძემ "გირჩის" გეგმის მეორე ნაწილზე, პრივატიზაციაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნოდ, ივანიშვილის დიდ ქონებას და ფინანსურ რესურსს, ოპოზიცია მხოლოდ მოქალაქეების გამდიდრების გეგმით შეიძლება დაუპირისპირდეს.

ერთადერთი, რაც ჩვენ, დღეს, ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ შეიძლება დავპირდეთ მოქალაქეებს, რასაც მყისიერად მიიღებენ, თუ ჩვენ აგვირჩევენ, შეიძლება იყოს ის საკუთრება, რომელიც ახლა სახელმწიფოს ხელშია და რაც შეიძლება მოქალაქეებს დაუბრუნდეთ და გამდიდრდნენ ისინი.

როგორც ცოტნე კობერიძე აღნიშნავს, "ოცნებას" ხალხის ხმის ეშინია და ამიტომ გადათქვა პროპორციული არჩევნების დაპირება:

"ჩვენ ვითხოვთ იმგვარ სისტემას, სადაც წარმომადგენლობითობა იქნება გაზრდილი, სადაც ხალხის ხმა არ იკარგება. სწორედ ხალხთან დიალოგის ეშინია "ქართულ ოცნებას". ვიცით, რომ მაჟორიტარულ სისტემაში მოსახლეობის ხმა იკარგება"

კობერიძის აზრით, უმრავლესობის არგუმენტი, რომ თითქოს მაჟორიტარები, რომლებმაც კანონპროექტი ჩააგდეს, დამოუკიდებლები იყვნენ და ივანიშვილმა უბრალოდ თავისუფალი კენჭისყრა დაუშვა, არარეალურია და ამ მოცემულობით, "ოცნების", როგორც გუნდის დაპირება, არასდროს იქნება სანდო.

"მაშინ რატომ გასცა ბიძინა ივანიშვილმა გუნდის სახელით? მაშინ როგორ შეიძლება, როდისმე ქართულმა ოცნებამ გუნდის სახელით რააიმე ერთი დაპირება მაინც გასცეს? როგორ შეიძლება ამის შემდეგ ივანიშვილი რამეს დამპირდეს, თუ ვიცი, რომ ისეთ მნიშვნელოვან ამბავზე, რაზეც ყველა, მთლიანი ოპოზიცია, ხალხი და ბიძინა ივანიშვილი შეთანხდა, ამაში თუ გადაგვაგდეს, სხვა რა დაპირება შეიძლება იყოს ისეთი,რაც ქართულმა ოცნებამ გუნდის სახელით შეიძლება გასცეს."

"გირჩის" წევრის თქმით, რომელი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს, ქვეყანაში ისეთი მოცემულობაა, "ქართული ოცნება" ნებისმიერ შემთხვევაში წააგებს არჩევნებს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები