2108 Views
პოლიტიკა

სააკაშვილი: შევწყვიტოთ წინასწარ მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფა

პოლიტიკოსები ხალხის ზურგს უკან ვეღარაფერს ვეღარ გაინაწილებენ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს "გირჩის" ინიციატივის  შესახებ, იმის თაობაზე, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვას ძალოვანი სტრუქტურების აღებაზე, კოალიციური მთავრობის პირობებში - სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ხალხის გადასაწყვეტია და არა პოლიტიკოსების. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, გაუგებარია რა ლოგიკით და რომელი ნიშნით უნდა ჩაეკეტოს  გზა მაგალითად ხატია დეკანოიძეს, სააკაშვილის აზრით ის ყველაზე კვალიფიციური კადრია პოლიციის რეფორმის მიმართულებით.

"ხატია დეკანოიძეს რა ნიშნით უნდა ჩაეკეტოს გზა? იმის გამო რომ ნაციონალურ მოძრაობაშია? ეს არის ფანტომებით ვაჭრობა, ახალაია მოვა, მერაბიშვილი მოვა, რა სისულელეა? მთელი უკრაინა დღემდე ტაშს უკრავს, რაც გააკეთა, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. ვის ჰყავს ხატია დეკანოიძეზე კვალიფიციური კადრი? გინდ ნაციონალურ მოძრაობაში, გინდ სხვაგან."

ამბობს სააკაშვილი ფორმულას ეთერში. მისივე თქმით, მხოლოდ ხალხის გადასაწყვეტია ყველაფერი და არა პოლიტიკოსების.

"აწი უნდა შევეგუოთ, რომ პოლიტიკოსები ხალხის ზურგს უკან ვეღარაფერს ვეღარ გაინაწილებენ საქართველოში, დამთავრდა ეგ ეპოქა, 21-ე საუკუნეში სულ უფრო დემოკრატიული პროცესები მიდის და ივანიშვილი ამის პირისპირ რომ მიდის, ამიტომ არის ეს პრობლემები ჩვენს ქვეყანაში. შევწყვიტოთ წინასწარ მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფა. წინასწარ იმის განაწილება, რაც ჯერ ხელში არ გვიჭირავს, ივანიშვილი ახლოს არის დასრულებასთან, მაგრამ ჯერ კიდევ რთული ბრძოლა გველის წინ...ოღონდ ესენი წავიდნენ და მე ვეთანხმები ზურაბ ჯაფარიძეს, ვინც უნდა ის მოვიდეს, მერე უკვე ხალხი გადაწყვეტს, ვის აირჩევს, მაგრამ რაც მთავარია შეიქმნება პრეცედენტი, რომ ეს გათავხადებული ქართველების მოძულე ოლიგარქი ჩამოშორდეს ხელისუფლებას."

სააკაშვილის თქმით, მეათე ხარისხოვანია, ვინ რა თანამდებობებს გაინაწილებს და რომელ პარტიას რა შეხვდება, მთავარია ქვეყნის მომავალი მდგომარეობა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები