22 ნოე 2019
77 Views
პოლიტიკა

სუსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ აქციაზე დაკავებული 6 აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აქტივისტები მოძრაობა "გაბედეს" წევრები არიან. მათგან ერთ-ერთი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილია. როგორც ნათელაშვილი წერს, მათი დაკავება ზებრა გადასასვლელზე ინტენსიურ მოძრაობის მიზეზით მოხდა. 

ბუნებრივია, ზებრაზე სიარულის გამო ვერ დაგვაკავებდნენ და მოიფიქრეს, რომ თითქოს თითოეული ჩვენგანი ვილანძღებოდით, უშვერი სიტყვებით ვიგინებოდით და ბოროტად არ ვემორჩილებოდით პოლიციის კანონიერ მოთხოვნას

- წერს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა დღეს, 22 ნოემბერს, სუს-ის შენობის პიკეტირება სცადეს. როგორც უწყება აცხადებს, 5 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც აქტივისტებმა გზის გადაკეტვა სცადეს, ხოლო 1 პირი პოლიციამ შედარებით ადრე დააკავა.

ასევე “გაბედეს" აქტივისტებმა ქართული ოცნების დეპუტატს, მერაბ ქვარაიას, რომელმაც სრულად პროპორციულ რეჟიმზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.  

აქტივისტებმა ბოქლომი დაადეს "ქართული ოცნების" მაჟორიტარის, მიხეილ ყაველაშვილის ოფისსაც.

ბოქლომის დადება სცადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სამაჟორიტარო ბიუროს ოფისის კარებზეც, თუმცა, პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული მამუკა მდინარაძის ბიუროსთანაც, სადაც აქტივისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბოქლომი დაადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს.

21 ნოემბერს სამოქალაქო აქტივისტებმა ბოქლომი კანცელარიის შენობასაც დაადეს.

18 ნოემბერს ოპოზიციის წევრებსა და აქციის მონაწილეებს პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტის შენობაც და ამბობდნენ რომ დეპუტატებს არ მისცემდნენ შენობაში შესვლის საშუალებას და დისკომფორტს შეუქმნიდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი დაშალა.



კომენტარები