7 ნოე 2019
269 Views
განათლება

ხვიჩია: განათლების სამინისტროს, ქვეყანაში, მოწყობილი აქვს ერთი დიდი საბჭოთა სკოლა

განათლების სამინისტროს მთელ ქვეყანაში მოწყობილი აქვს ერთი დიდი საბჭოთა სკოლა

იაგო ხვიჩიამ პალიტრა ნიუსის ეთერში, ქართულ სკოლასა და განათლების სისტემაზე ისაუბრა. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო სკოლები თავისი სწავლის მეთოდით, სასწავლო პროგრამით, სწავლის სტილით არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ქართული სკოლა ჯერ კიდევ ვერ ამოვიდა საბჭოთა წარსულის კლანჭებიდან.

სკოლის კონცეფცია მთლიანად უნდა შევცვალოთ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საბჭოთა სკოლის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც უნდა აღეზარდათ სისტემის მორჩილი ბავშვები, რომლებიც რომ გაიზრდებოდნენ ეცოდინებოდათ რა ქვეყანაში უწევდათ ცხოვრება.  საბჭოთა ბავშვს რაღაცის უნდა შინებოდა.. 

როგორც იაგო ხვიჩია აღნიშნავს, დღევანდელი სკოლა ადამიანს მომავალი ცხოვრებისთვის კი არ ამზადებს, სრულიად უკონტექსტოდ რაღაც უაზრო საგნებს ასწავლის მათ, რომელიც შეიძლება არასდროს დასჭირდეთ.

როგორც კახა ბენდუქიძე ამბობდა, დღევანდელმა სკოლამ ძველი შინაარსი დაკარგა, რადგან საბჭოთა კავშირი აღარ არის, თუმცა ვასწავლით იმავეს და ანუ აღარც ის არის და ვეღარც თანამედროვე სკოლად ჩამოყალიბდა.  მთავარი, კონტექსტის გარეშე, რაღაც უაზრო საგნების სწავლება კი არ არის, არამედ ბავშვების მომზადება თანამედროვე საზოგადოებაში ცხოვრებისთვის.

- ამბობს ხვიჩია პალიტრა ნიუსის ეთერში.

იაგო ხვიჩიას თქმით, ნებისმიერი საგნის იძულება მოსწავლეებისთვის დანაშაულია და მნიშვნელოვანია სკოლა იყოს სივრცე, სადაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ისწავლონ ის, რაც მათ აინტერესებთ.

ყველა ბავშვს აინტერესებს განსხვავებული რაღაცები, საბჭოთა სკოლის პრინციპი იყო, ბავშვები დაჯგუფებულიყვნენ ასაკის და არა ინტერესების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ტოლები ვიყოთ, წარმოიდგინეთ ჩვენი ინტერესები რამხელა დიაპაზონით შეიძლება იყოს განსხვავებული. საბჭოთა სკოლას ეს განსხვავებები არ აინტერესებდა, ისევე როგორც დღევანდელ სკოლას არ აინტერესებს.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, სანამ საბჭოთა სკოლის პრინციპი სრულად არ შეიცვლება, მანამდე შეუძლებელია განათლების სისტემაში რაიმე პროგრესზე საუბარი. როგორც "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, განათლების სამინისტრო საერთოდ უნდა ჩაეხსნას ამ პროცესებს და მისცეს სკოლებს თვით-განვითარების საშუალება.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები