სიახლეები

512 Views
პოლიტიკა

წილკნის მიტროპოლიტი ზოსიმე მის წინააღმდეგ ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი, მისი მისამართით გაკეთებულ ბრალდებებს ეხმიანება. მეუფე ზოსიმეს განცხადებით, ყველაფერი, რაც მის წინააღმდეგ გაავრცელეს, ცილისწამებაა და ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად მაშინაც და ახლაც, როცა ისევ ამაზე საუბარი დაიწყეს. როგორც შიოშვილი ამბობს, ამ ადამიანების უკან რაღაც ძალები იდგნენ და მართულნი იყვნენ ისინი.

მოქმედებდნენ რაღაც ძალების წაქეზებით, სხვა სულის ხალხი იყო, ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ. 

მიტროპოლიტ ზოსიმეს განცხადებით, სტუდენტები მისი სემინარიიდან წასვლას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მათგან სულიერებას და შინაგანაწესის დაცვას ითხოვდა. 

იმ ხანებში, 1988 წელს, როცა საქართველოში დიდი პოლიტიკური აშლილობა და დაძაბულობა იყო, მთავრობის სასახლის წინ სულ მიტინგები იყო, სტუდენტების ნაწილი და ის სტუდენტები, რომლებიც ახლა რაღაცებს კადრულობენ, განსაკუთრებით აქტიურად იღებდნენ იმ პროცესებში მონაწილეობას, ჩვენ სემინარიის ხელმძღვანელობა ვადევნებდით თვალს იმ პროცესებს, მაგრამ არანაირი უფლება არ გვქონდა, რომ მეცადინეობისთვის არ მიგვეხედა და აკადემიის შინაგანაწესი არ შესრულებულიყო, როცა მკაცრად მოვთხოვეთ დასწრება მეცადინეობებზე, ამან გამოიწვია პროტესტი, თითქოს ჩვენ  ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ ვიყავით და ა.შ.

როგორც ზოსიმე შიოშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მის მიმართ გავრცელებული განცხადებები და ცილისწამება, სწორედ ამით იყო განპირობებული და იმით, რომ ეს ადამიანები ეკლესიას ებრძოდნენ.

შეგახსენებთ, ფეისბუკის პოსტში, რომელსაც სასულიერო პირი, გიორგი სხილაძე აქვეყნებს, წერია, რომ 1988 წელს, ზოსიმე შიოშვილმა, რომელიც მაშინ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა სემინარიის ერთ-ერთ სტუდენტზე. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები