29 ოქტ 2019
996 Views
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა შს მინისტრს

ზურაბ ჯაფარიძე შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურს მიმართავს:

შინაგან საქმეთა მინისტრს, ბ-ნ ვახტანგ გომელაურს

ბ-ნო ვახტანგ,

გაცნობებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს, შმაქსის ლექტორებსა და ჩვენი სერვისებით მოსარგებლე თბილისის მოქალაქეების უკანონოდ ავიწროვებენ, მათ შორის, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე წერენ ადმინისტრაციულ ჯარიმებს.

შეგახსნებეთ, რომ შპს ,,შმაქსი” არის საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ფუნქციონირებადი საგანმანათლებლო ბიზნესი. ამავე დროს, შმაქსი წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" პოლიტიკურ პროექტს, რომლის მიზანია ერთი მხრივ, თბილისის მოქალაქეებში ანტი-საბჭოთა მსოფლმხედველობის გავრცელება, ხოლო მეორე მხრივ, დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელებული ე.წ. ,,ტაქსების რეფორმის” მაგალითზე სახელმწიფო რეგულირების მავნებლური შედეგების საჯარო დემონსტრირება.

შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან "შმაქსის" საქმიანობისთვის ხელის შეშლას, განვიხილავთ ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლად.

აქედან გამომდინარე მოვითხოვთ:

  1. დაუყოვნებლივ გაუქმდეს ყველა ჯარიმა რომელიც შმაქსის ლექტორებს გამოუწერა საპატრულო პოლიციამ 1 ოქტომბრიდან;
  2. დაუყოვნებლივ შეწყდეს შმაქსის ლექტორებზე ნადირობა საპატრულო პოლიციის მხრიდან;
  3. გაუქმდეს ე.წ ტაქსების რეფორმა, რომელმაც ათასობით ადამიანი ერთ დღეს აქცია კრიმინალად და დააკარგვინა შემოსავლის წყარო.

      პატივისცემით,

      ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
      შპს ,,შმაქსი”-ს დამფუძნებელი.

 



კომენტარები