სიახლეები

70 Views
განათლება

განათლების მინისტრს ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას

განათლების მინისტრად დაინიშნეთ 3 ივნისს. საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე განათლების სფეროში მკვეთრი ცვლილებების დაწყების მოლოდინი არარეალისტურია. ამავე დროს, სწორედ იმიტომ, რომ ოთხ თვეში არჩევნებია, განათლების პოლიტიკაზე საჯარო დისკუსია, არჩევნებზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად, ამომრჩევლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იმედი მაქვს, განათლების პოლიტიკის შესახებ მსჯელობის წინადადება, ეკონომიკურ პოლიტიკაზე დებატების გამართვის მსგავსად, საფრთხედ არ იქნება აღქმული პოლიტიკური აქტორების, განსაკუთრებით ხელისუფლების მიერ.

შევეცდები ლაკონურად აღვწერო პრობლემები, რომელთა გაცნობიერება თქვენს საჯარო გამოსვლებში, რბილად რომ ვთქვათ, არ იგრძნობა.

დავიწყოთ მომავალი თაობის განათლების საბოლოო მიზნიდან.

ფორმალური განათლების დასრულების შემდეგ (საშუალო, პროფესიული და უმაღლესი) რას უნდა ველოდოთ ახალგაზრდისგან? მისგან ბუნებრივია ველოდოთ ახალგაზრდულ ენერგიას, მიღებული თანამედროვე ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ამბიციას.

სინამდვილეში, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ამ ასაკში უმუშევრობა თითქმის სამჯერ მაღალია (30%) ქვეყანაში საშუალო უმუშევრობასთან შედარებით (12%).

წესით, ახალგაზრდებისგან საზოგადო საქმით დაინტერესებასაც უნდა ველოდოთ და ქვეყანაზე, მასთან ერთად საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობის აღების სურვილსაც.

სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში ანუ არჩევნებში ახალგაზრდები ყველაზე ინდიფერენტული და ნიჰილისტურად განწყობილი ჯგუფია.

ვფიქრობ, გაგიჭირდებათ მოძებნოთ ადამიანი, რომელიც კმაყოფილი იქნება ფორმალური განათლების სისტემის შედეგებით.

21-ე საუკუნეა, გარემო სწრაფად იცვლება, ჩნდება ახალი საჭიროებები და შესაძლებლობები. მსოფლიო ცდილობს მოერგოს დროის მოთხოვნებს, ჩვენ საბჭოთა განათლების სისტემის რიგიანად მოშლაც კი ვერ მოვახერხეთ და ვცდილობთ წინა საუკუნის საგანმანათლებლო სისტემა უბრალოდ შევალამაზოთ.

მთავარი კითხვა, რაზეც საზოგადოებას საფუძვლიანად არ გვიმსჯელია, არის: „რისთვის ვამზადებთ ბავშვს?“

თავს თუ არ მოვიტყუებთ, დღესაც, ისევე როგორც საბჭოთა დროს, უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრისთვის ვამზადებთ. უმაღლესი სასწავლებლის წინ ბარიერებად სასკოლო და ეროვნული გამოცდები გვაქვს აღმართული და ამ ბარიერზე გადასახტომად მომზადება განათლებად წარმოგვიდგენია.

ცხოვრების გამოცდა განსხვავებულია. ცხოვრება ადამიანისგან ითხოვს უნარს მას შეეძლოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ზეპირად და წერილობით, ესმოდეს როგორ საზოგადოებაში და რა ფიზიკურ გარემოში ცხოვრობს, აღიჭურვოს ღირებულებებით და კრიტიკული აზროვნების უნარის მეშვეობით სწორი არასწორისგან გაარჩიოს.

ის, რომ გამოცდების დაძლევაშიც კი დიდად წარმატებულები არ ვართ, აჩვენა საერთაშორისო შეფასების ტესტმა (PISA). ამ ტესტის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, 15 წლის ქართველი მოზარდების 60%-ზე მეტს წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ შეუძლია, კიდევ უფრო მეტს წარმოდგენა არ აქვს გარემოზე, სადაც ცხოვრობს და ათიდან თითქმის შვიდს რაოდენობრივი აზროვნების საყოფაცხოვრებო დონეზე გამოყენების უნარი არ შესწევს.

ვფიქრობ, მოყვანილი არგუმენტები საკმარისია პრობლემის გაცნობიერებისა და პოლიტიკური ძალების პოზიციის გარკვევისთვის შემდეგ საკითხებზე:

1. განათლების დაწყების ასაკი: ვინ უნდა მიიღოს ბავშვის ფორმალური განათლების მიღების დაწყებისთვის მზაობის ასაკის შესახებ გადაწყვეტილება? თქვენმა ხელისუფლებამ ხისტად გადაწყვიტა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვის სკოლაში სწავლა არ შეიძლება. თქვენ ვალდებული ხართ, საზოგადოებას აუხსნათ, რომ უკლებლივ ყველა 10 სექტემბერს დაბადებული 6 წლის ასაკის ბავშვი მზადა იმ გარემოსა და რეჟიმისთვის, რომელიც მას კონკრეტულ სკოლაში დახვდება და ვერც ერთი 20 სექტემბერს დაბადებული ბავშვი ვერ განვითარდება, რაც უნდა მის უნარებსა და საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემო დაახვედროს სკოლამ.

2. სასწავლო პროგრამა თქვენდამი დაქვემდებარებულმა უწყებამ შეუცდომლად იცის როგორ უნდა ასწავლონ ბავშვებს საქართველოს 2,500 სკოლაში. ყველა ერთნაირად, მიუხედავად მოსწავლეთა კონტინგენტისა, მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობებისა და მასწავლებლების კვალიფიკაციისა, სასჯელის შიშით უნდა დაემორჩილოს შემდეგ დირექტივებს:

  • რამდენი საათი და რა საგანი უნდა ასწავლოს 12 წლის განმავლობაში.

ასახსნელი გაქვთ, რატომ არ შეიძლება სკოლამ, ბავშვების მიდრეკილების შესაბამისად, განსხვავებული საგნების კომბინაციები გამოიყენოს ან ფინელებივით საგნების ნაცვლად პროექტებით სწავლა ამჯობინოს?

  • ნახევარ მილიონზე მეტ მოსწავლეს აიძულებთ უხარისხო და ერთნაირი სახელმძღვანელოებით სწავლას.

რატომაა აუცილებელი სახელმძღვანელოების თქვენ მიერ „კურთხევა“ (გრიფირება), რატომ არ შეიძლება სახელმძღვანელოების ჩანაცვლება ელექტრონული სასწავლო მასალით ან თუნდაც უცხოური სახელმძღვანელოების გამოყენება?

  • რატომ აიძულებთ ყველა სკოლას უშინაარსო ინფრასტრუქტურული ნორმების დაცვას, მაშინ როდესაც თავად არ გაქვთ დაცული იგივე ნორმები საკუთარ საჯარო სკოლებში?

3. სახელმძღვანელოები თქვენმა წინამორბედმა, გიორგი მარგველაშვილმა წარმატებით გააგრძელა საკუთარი წინამორბედის, დიმიტრი შაშკინის დაწყებული პოლიტიკა გამომცემლების მიმართ და სახელმძღვანელოების გამომცემლებს ბანდიტურად წაართვა საკუთრება. თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ „უფასო სახელმძღვანელოების“ პოპულისტური დაპირება კერძო კომპანიების ქონებით დააფინანსა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩეველი მოისყიდა; დღეს „უფასო“ სახელმძღვანელოების საფასურს იხდის გადასახადის გადამხდელი, ახალი სახელმძღვანელოები კი აღარ იწერება. სკოლებს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების არჩევანი, ფაქტობრივად, არ აქვს. გარდა კონკრეტული მესაკუთრეებისა, ამ ქმედებამ, ქვეყნის კერძო საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებული ისედაც საეჭვო რეპუტაცია, კიდევ უფრო შელახა. ვფიქრობ, უნდა დამეთანხმოთ, რომ დღეს მსოფლიოში საუკეთესო სასწავლო მასალა, ელექტრონულიც და ბეჭდურიც, ინგლისურ ენაზე იქმნება. უნდა აგვიხსნათ, რატომ არის სავალდებულო სკოლაში მხოლოდ თქვენ მიერ ნებადართული ერთეული სახელმძღვანელოების გამოყენება?

4. მასწავლებლები განათლების სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ქვეყანაში ყველაზე დაბალია. მასწავლებელთა ანაზღაურება ორჯერ ნაკლებია ქვეყანაში საშუალო და თითქმის სამჯერ ნაკლები სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასებზე. ანაზღაურების გარდა, მასწავლებლის პროფესიული რეგულირება დამატებით დანახარჯებს მოითხოვს, რაც კიდევ უფრო ამცირებს გონიერი ახალგაზრდების მიერ მასწავლებლის პროფესიის არჩევის შანსს.

  • საჭიროა ახსნათ, რა ჯადოსნობა იცით, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას ყველაზე დაბალ ანაზღაურებაზე ამუშაოთ ჩვენი მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიის ადამიანები?
  • აპირებთ თუ არა დაანებოთ თავი მასწავლებლებს, მათ აღზრდა-განათლებას და მიანდოთ ეს საქმე სკოლებს, ვინც უშუალოდ არის დაინტერესებული საკუთარი თანამშრომლების კვალიფიციური შრომით?

5. დაფინანსება განათლების ვაუჩერული დაფინანსების არსი არის სკოლის თავისუფალი არჩევანი, რაც კარგი სკოლისთვის მეტ მოსწავლესა და მეტ ფულს და განვითარებისთვის მეტ შესაძლებლობას ნიშნავს. ვაუჩერული დაფინანსების არსებობის მიუხედავად, ბიუროკრატიამ მოახერხა ამ პრინციპის სრული დისკრედიტაცია. დღეს რაც უფრო წარმატებულია სკოლა, მით უფრო ნაკლებ დაფინანსებას იღებს ის ერთ მოსწავლეზე და რაც უფრო წარუმატებელია, პირიქით - მეტს.

  • საზოგადოებას, ვფიქრობ, აინტერესებს, არის თუ არა წარუმატებლობის წახალისება სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკა? როგორ ფიქრობთ, ვის უფინანსებს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლას - შეძლებულებს თუ გაჭირვებულებს? ლოგიკურია, რომ გამოცდების უკეთ ჩაბარების შესაძლებლობა უმეტესწილად შეძლებული ოჯახების შვილებს აქვთ.
  • თქვენი აზრით, უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო შეძლებულ და გაჭირვებულ სტუდენტებს თეორიულად თანაბრად და პრაქტიკულად კი შეძლებულებს მეტად და გაჭირვებულებს ნაკლებად?

6. გენერალური დირექტორი ბატონო ალექსანდრე, მართალია, თქვენი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან ცოტა დრო გავიდა, მაგრამ მაინტერესებს, უკვე გაგიჩნდათ თუ არა განცდა, რომ გახდით ქვეყანაში ერთადერთი უზარმაზარი სკოლის გენერალური დირექტორი? ამ სკოლის სამართავად გყავთ HR სამსახური - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სახით, შიდა პოლიცია - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახით, დაცვის სამსახურიც კი ცენტრალიზებული გაქვთ მანდატურის სამსახურის სახით, პროდუქციის ხარისხის კონტროლის ბოლო ინსტანციად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გყავთ დაყენებული, ადგილებზე რესურს-ცენტრები გეხმარებიან. ხომ არ დაფიქრებულხართ, რატომ ირჩევენ ყველაზე წარმატებული და შეძლებული ქართველები შვილების განათლებისთვის უცხოეთს, ან საქართველოში QSI-ს და ამერიკულ აკადემიას, სადაც თქვენი უფლებამოსილებები არ ვრცელდება? -

  • ამიტომ, საჭიროა, 8 ოქტომბრამდე ამომრჩეველმა იცოდეს, აპირებთ თუ არა საგანმანათლებლო ინდუსტრიის გათავისუფლებას მარწუხებისგან, მეტი თავისუფლების მიცემას და რა ფორმით წარმოგიდგენიათ ეს?

ვახტანგ მეგრელიშვილი

P.S. „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, როგორც ყოველთვის, მზადაა საგნობრივი დებატების გასამართად ოპონენტებისთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში.

კომენტარები