სიახლეები

875 Views

გირჩის პირველი პოსტი

ეს გვერდი წარმოადგენს “ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” ოფიციალურ ფბ გვერდს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი, გამჭვირვალე, თანამედროვე ტიპის პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას.

თუ ფიქრობთ რომ:

  • ქართული პოლიტიკა დაჭაობდა, პოლიტიკოსები სამუზეუმო ექსპონატებად გადაიქცნენ და საკუთარი ამბიციებითა და არაკომპეტენტურობით აქცევენ ქვეყანას;
  • ხელისუფლებები ამ ქვეყანაში ძირითადად მოქალაქეების ფულის ფლანგვით არიან დაკავებული;
  • მილიონები იხარჯება წინასაარჩევნო კამპანიების დროს ტყუილი დაპირებების გაცემაში;
  • ქვეყანაში გაცილებით მეტი ინტელექტუალური პოტენციალია, ვიდრე პოლიტიკურ ელიტაში;
  • მოგბეზრდათ დრომოჭმული, ტრაფარეტული პოლიტიკური კამპანიის მეთოდები;
  • არსებული პოლიტიკური სპექტრი 2016 წლის არჩევნებისთვის საინტერესოს და სანდოს ვერაფერს გთავაზობთ,
  • პოლიტიკაში სიახლის, ახალი ადამიანების, მეტი გამჭვირვალობისა და სიმართლის დროა...

თუ მოგბეზრდათ:

ურაპატრიოტიზმი პოლიტიკაში, ჰაერიდან მოტანილი, ტყუილი დაპირებები, მედროვეობა, მლიქვნელობა და უპრინციპობა, ჯოს ჯოს ძახილი, ბელადის ძებნა, ადამიანების დანიშვნა-დაწინაურება ნათესაობისა და ახლობლობის მიხედვით, დაშტამპული, ყავლგასული, ზოგადი საუბრები დემოკრატიაზე, ჰალსტუხით დაბადებული პოლიტიკოსები, კონსტიტუციისა და საარჩევნო სისტემის მუდმივად საკუთარ თავზე მორგება.
თუ მოგბეზრდათ "ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგონ" პოლიტიკოსები შავი ჯიპებით, სირენებით და 500 კაციანი დაცვით, ახლადგახსნილი ობიექტების წინ პოლიტიკოსების პოზიორობა, არათანმიმდევრულობა და პოპულიზმი, ახლობელი ბიზნესების რიგითი მოქალაქეების ხარჯზე მხარდაჭერა, წინასაარჩევნოდ გაჭირვებული ადამიანების მოსყიდვა, ჩინოვნიკების პრივილეგიები და ლოჟებში ჯდომა, გაზულუქებული ადამიანების მიერ ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვა პრემიებსა და დანამატებზე, ზიზღის თესვა და ადამიანების დაყოფა ჩვენიანებად და მტრებად, პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ქედმაღლობა და მათგან ჭკუის დარიგება, უკანონო მოსმენები, ჩხრეკა და მოსაშარდად გადაყვანა, კაბინეტებში გამოკეტილი მმართველები, რომლებიც ხალხს ვერ ენახვებიან, უპრინციპო ადამიანების ქეიფი და მოგზაურობა ბიუჯეტის ხარჯზე, ტელევიზორში გამოსაჩენად ფარისეველი პოლიტიკოსების ეკლესიებში სიარული და სანთლით ხელში პოზირება.

ნუ ელოდებით ახალ ბელადს და ახალ პოლიტიკურ ძალას!
ახალი ძალა ხართ თქვენ!

თუ იზიარებთ შემდეგ ღირებულებებს:

1. ადამიანის, გონიერებისა და სახელმწიფოს შესახებ

ჩვენ გვწამს ადამიანის გონიერების.
გონიერი ადამიანების ნებაყოფლობითი თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლოა. საზოგადოების (ქვეყნის) წარმატებისთვის საჭიროა მისი თითოეული წევრის ქმედება იყოს თავისუფალი, გარდა ერთადერთი გამონაკლისისა - სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენება დაუშვებელია.

2. თავისუფალი ადამიანი

მიგვაჩნია, რომ ადამიანის უპირველესი პასუხისმგებლობა ბუნებრივად საკუთარ ბედნიერებაზე ზრუნვაა, ხოლო სხვის კეთილდღეობაზე ზრუნვა მისი ნებაყოფლობითი არჩევანია.

3. პიროვნული თავისუფლება

ადამიანს ღიად და თავისუფლად უნდა შეეძლოს თავი მიაკუთვნოს ნებისმიერ რელიგიურ კონფესიას, გამოთქვას აზრი საჯაროდ (საკუთარი ხარჯით), არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი მოსაზრების, რელიგიური კუთვნილების, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის, ქონებრივი მდგომარეობის ან ნებისმიერი უმრავლესობისგან განსხვავებული ნიშან-თვისების გამო.

4. ეკონომიკური თავისუფლება

სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში საკუთრების დაცვაში მოქალაქეების დახმარებით და დავების გადაწყვეტით უნდა შემოიფარგლოს.
მთავრობას უნდა აეკრძალოს ეკონომიკურ სფეროში ჩარევა - ვაჭრობის კონტროლი, ხელფასის, პროდუქციის ფასის, იჯარის, მოგებისა და საპროცენტო განაკვეთის დადგენა ან კონტროლი. მთავრობას უნდა აეკრძალოს ადამიანების ნებაყოფლობით შეთანხმებებში ჩარევა.

5. საერთაშორისო ურთიერთობები

ქართული სახელმწიფო უნდა ესწრაფვოდეს მშვიდობიან თანაცხოვრებას სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოს დასავლეთზე ორიენტაციასა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე მიმართული ძალისხმევა ერთადერთი სწორი საგარეო პოლიტიკაა.

ახალი პოლიტიკური ცენტრი გთავაზობთ:

  • აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობას;
  • ღია და თავისუფალ საპარლამენტო სიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც არ დაგხვდებათ წინასწარ ჩამოწერილი ხალხი;
  • სიაში მოხვედრის გასაგებ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს - რაც არასოდეს ჰქონია საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას;
  • თქვენი იდეებისა და ინიციატივების საპარლამენტო მხარდაჭერას მომდევნო 1 წლის განმავლობაში;
  • მედია მხარდაჭერას;
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • მხარდაჭერას საარჩევნო გამოცდილებით როგორც წინასაარჩევნოდ, ისე არჩევნების დღეს;
  • საარჩევნო პროგრამას ტყუილი დაპირებების გარეშე;
  • საოფისე მხარდაჭერას რეგიონულ ცენტრებში;
  • რესურსებით მხარდაჭერას წინასაარჩევნო პერიოდში.

ვის არ ვიღებთ და არ ვეხმარებით:

ფაშისტებს
ჰომოფობებს
ქსენოფობებს
პროოკუპანტებს.

ჩვენთვის, მოქალაქეებთან ძირითადი და მთავარი საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება სოციალური ქსელები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

ჩვენ შევქმნით პირველ პარტიას საქართველოში, რომელიც პარლამენტში ძირითადად თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით შევა.

კომენტარები