8 ოქტ 2019
223 Views
ეკონომიკა

ემპათია, როგორც თავისუფალი ბაზრის მამოძრავებელი ძალა

კაპიტალიზმს ხშირად ადანაშაულებენ ეგოიზმსა და სიხარბეში. მისი დამცველები ზოგჯერ ამბობენ, რომ ადამიანი ბუნებით ეგოისტია, რის გამოც სოციალიზმი ვერასოდეს იმუშავებს და რომ კაპიტალიზმი უკეთესად ასახავს ადამიანის ბუნების ფუნდამენტურ მახასიათებლებს. ანტი-კაპიტალისტები კი, ირწმუნებიან, რომ კაპიტალიზმი ხელს უწყობს ადამიანის ყველაზე ცუდი მახასიათებლების გამოვლენას, განსაკუთრებით კი სიხარბეს.

საკითხავია, არის კი სიხარბე და ეგოიზმი კაპიტალიზმის მამოძრავებელი ძალა? ადამიანის პირადი ინტერესი არის მისი მოქმედების ერთი და არა მხოლოდ ერთადერთი  მამოძრავებელი. ამას არაფერი აქვს საერთო კონკრეტულ ეკონომიკურ სისტემასთან. პირიქით, ეს ანთროპოლოგიურად მუდმივია.  კაპიტალიზმში ეს პირადი ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ მხოლოდ იმ მეწარმეს შეუძლია გახდეს წარმატებული და მდიდარი, რომლისთვისაც პრიორიტეტულია სხვა ადამიანების საჭიროებები.

წარმატებული მეწარმეები ემპათიურები არიან

უამრავი მტკიცებულება არსებობს, იმ იდეის სასარგებლოდ, რომ თანაგრძნობა (ემპათია) უფრო მეტად არის კაპიტალიზმის ნამდვილი მამოძრავებელი ძალა, ვიდრე სიხარბე. ემპათია სხვისი გრძნობებისა და მოტივების ამოცნობის და გაგების უნარია და სწორედ ეს არის წარმატებული მეწარმეების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი.

მაგალითად სტივ ჯობსი ავიღოთ. მან iPhone და სხვა პროდუქტები შექმნა, რადგან იმაზე უკეთ ესმოდა თანამედროვე მომხმარებელთა მოთხოვნილებები და სურვილები, ვიდრე სხვა ნებისმიერს. 


იგივე ეხება მარკ ცუკერბერგს, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს. მან ფეისბუქი შექმნა იმიტომ, რომ სხვა მეწარმეებზე უკეთ იცოდა ის, რაც ხალხს სურდა. ყველა წარმატებული ბიზნესმენის მსგავსად, სწორედ მომხმარებლებმა გახადეს სტივ ჯობსი და მარკ ცუკერბერგი, ასეთი მდიდარი.

მრავალი წლის განმავლობაში, ძმები ალბრეხტები იყვნენ ყველაზე მდიდარი ადამიანები გერმანიაში. მათ გამოიმუშავეს საკუთარი წარმატება, კვების პროდუქტების კომპანია „ალდის“ წყალობით, რომელიც დაარსდა იმ პრინციპის საფუძველზე, რომ ძალიან კარგი და ხარისხიანი პროდუქცია შეეთავაზებინათ გონივრულ ფასად.  წარმატების იგივე რეცეპტი იყო, ვოლმარტის დამფუძნებლის სემ უოლტონის შემთხვევაში, რომელიც ასევე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახლდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ბაზარი სჯის ეგოცენტრულ მეწარმეებს

კაპიტალისტური სისტემის პირობებში, ცხადია, ასევე არსებობს კომპანიების მაგალითები, რომლებიც მოქმედებდნენ ეგოისტურად და დაკარგეს ხედვა მომხმარებელთა სურვილებისა და საჭიროებების შესახებ.

უამრავი მაგალითის დასახელება შეიძლება მსოფლიო მასშტაბით: ასეთი იყო, Deutsche Bank, რომლის წინააღმდეგაც ათასობით სარჩელი არსებობს. ასეთი კომპანიები ისჯებიან კაპიტალიზმის პირობებში, არა მხოლოდ კანონით, არამედ, უფრო მეტად, ბაზრის მიერ. Deutsche Bank–მა დაკარგა თავისი პოზიცია, როგორც მსოფლიოს წამყვანმა ბანკმა, რადგან იგი თავისი ინვესტორი ბანკირების ინტერესებს უფრო მაღლა აყენებდა, მომხმარებლებისა და მისი აქციონერების ინტერესებზე.
როცა კერძო კომპანიის რეპუტაცია მათივე არასწორი ქმედების გამო, დაზიანდება, მომხმარებლები ავტომატურად გადაერთვებიან მის კონკურენტ ბიზნესზე. სწორედ ეს არის კაპიტალიზმის უპირატესობა - შეუზღუდავი კონკურენცია.

მეორე მხრივ, სოციალისტურ სისტემებში, მომხმარებლები უძლური სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების წყალობით არიან. თუ სახელმწიფო საწარმო მოქმედებს მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინებით, მათ არ აქვთ ალტერნატივა სოციალიზმის პირობებში, რადგან არ არსებობს კონკურენცია.

კაპიტალიზმის პირობებში, მომხმარებელს შეუძლია (და აკეთებს კიდეც) დასაჯოს ის კომპანიები, რომლებიც ეგოისტურად იქცევიან და თავიანთი მომხმარებლების მოთხოვნილებებს უგულებელყოფენ. რეალურად მომხმარებლები ყოველდღე ირჩევენ კონკრეტულ პროდუქტს იმის მიხედვით, თუ რამდენად ღირებულია ის მათთვის.

კაპიტალიზმს მისი არსებობის დღიდან აკრიტიკებენ, როგორც სისტემას, რომელსაც მონოპოლიების შექმნის თანდაყოლილი ტენდენცია ახასიათებს. ლენინმა 100-ზე მეტი წლის წინ დაწერა, რომ იმპერიალიზმი და მონოპოლიური კაპიტალიზმი კაპიტალიზმის ბოლო სტადიებია. რეალობაში კი, მონოპოლიები, რომლებიც მან გააკრიტიკა, დღეს აღარ არსებობს. ის კომპანიებიც კი, რომლებიც დღეს ყოვლისშემძლე არიან, მაგალითად Google ან Facebook, ვერ შეინარჩუნებენ თავიანთ ძალას სამუდამოდ. როგორც კი Google ან Facebook-ის  ქმედება გახდება მიუღებელი მომხმარებლისთვის, სხვა კომპანიები და ამბიციური ახალგაზრდა მეწარმეები აუცილებლად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას.

სოციალისტები, რომლებიც აკრიტიკებენ კაპიტალიზმს მონოპოლიების შექმნის ტენდენციის გამო, რეალურად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების დამცველები არიან. სახელმწიფო ყველაზე ძლიერი მონოპოლისტია, რომელსაც აქვს საშუალება თავად განუსაზღვროს მოქალაქეებს საჭიროებები და სურვილები, მომხმარებელს კი ალტერნატივა არ დაუტოვოს.
ის ფაქტი, რომ ადამიანებიც და კომპანიებიც საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ, ყველა საზოგადოებაში ერთნაირია. ეს კაპიტალიზმის განსაკუთრებული მახასიათებელი არ არის.

კაპიტალიზმის პირობებში, მხოლოდ ის მეწარმეები და კომპანიები, მიაღწევენ გრძელვადიან პერიოდში წარმატებას, რომლებიც გაითვალისწინებენ და უპირატესობას მიანიჭებენ თავიანთი მომხმარებლების ინტერესებს. ბიზნესი, რომელიც ვერ აცნობიერებს და პატივს არ სცემს იმას, რაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, დაკარგავს ბაზრის წილს და შესაძლოა მთლიანად გაქრეს კიდეც, რადგან არსებობენ სხვა კომპანიები, რომლებიც უკეთ დაამყარებენ მომხმარებლებთან კომუნიკაციას.

გამოდის, რომ კაპიტალიზმის რეალური საფუძველი თანაგრძნობა, სხვათა სურვილებისა და მოთხოვნილებების ამოცნობის უნარია  და არა ურყევი სიხარბე და ეგოიზმი.

ავტორი: Dr Rainer Zitelmann

თარგმანი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები