10 სექ 2019
4999 Views
მეტი თავისუფლება

იაგო ხვიჩიას ჯარის ისტორია - #არამონობას

ჯარის ისტორია.

ყოველთვის ვიცოდი, რომ ჯარში არ წავიდოდი.
არ მიზიდავს სამხედრო საქმე.
რაც არ მიზიდავს, ის კარგად არ გამომდის.
ვფიქრობ, არც არავის არ გამოუვა.
მე ჯარის შეურაცხყოფა მგონია, ბაზაზე იმ კაცის ყოფნა, ვისაც ეს არ უნდა.
სკოლა რომ დავამთავრე, იმავე წელს ჩავაბარე თსუ-ში იურიდიულზე და კომისარიატს მას მერე არ შევუწუხებივარ, მამაჩემის ნაცნობები იყვნენ, ურჩიეს თსუ-ში კათედრა გაიაროს და ყველაფერი რიგზეაო.
ჰოდა მეც კათედრა გავიარე..
სამართლის მიზნებისთვის, კათედრის გავლა ჯარის გავლას ნიშნავდა.

მოგიყვებით რა იყო კათედრა.

ერთი წელი გვიტარდებოდა, ჩვეულებრივი ლექციები, დილის 9-ზე (ისე მეორე სმენა ვიყავით), სადაც იტანჯებოდა ლექტორი. გვიყვებოდა ზეპირად, როგორ უნდა დავშალოთ ავტომატი, რა დეტალებისგან შედგება ის და რა ტაქტიკა იყო გამოყენებული კურსკის სატანკო ბრძოლის დროს.
ნახევრად მძინარე ვისხედით.

ამ კათედრიდან ერთადერთი რაც ზუსტად მახსოვს ისაა, რომ ჩვენი ლექტორი ავტომატის ხიშტს ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას, ხელჩართულ ბრძოლაში.

ლექციები დიდხანს გრძელდებოდა, რამდენიმე საათი, სათქმელი მთავრდებოდა და ლექტორიც იმეორებდა ერთსა და იმავეს.
ყველამ ვიცოდით მათი ჯარის ისტორიებიც.
ამ ტანჯვის ყურება ჭირივით გვეზარებოდა, მაგრამ ლექციის ჩატარება მათთვისაც სავალდებულო იყო და ჩვენც ჯარში წაყვანით გვაშინებდნენ თუ არ ვივლიდით.

ასე ვწვალობდით მთელი წელი. 
ერთხელ ავტომატიც დაგვაშლევინეს, უფრო სწორად, თვითონ შლიდნენ და აწყობდნენ და თუ სურვილი გვქონდა ჩვენც შეგვეძლო იგივე გვექნა.
მე არ მიქნია, არ მესმოდა რა საჭირო იყო.
წლის ბოლოს "ზბორები" გვქონდა, ისანში. ახლა რომ "კარფურია" იმის მიმდებარედ, რაღაც ბაზა იყო და იქ უნდა გვეშაგავა.

ლექტორებმა გვთხოვეს, პირველი დღე სრულად უნდა გაშაგაოთ, მეორე დღესაც შუადღემდე გვეცით პატივი, უფროსები გვიყურებენ და მერე ჩვენც ხალხი ვართ და შუადღიდან საერთოდ გაგიშვებთო.

პირველი დღე მართლა ვიშაგავეთ.
ჩვენც და ლექტორმაც ვიცოდით რა სიგიჟესაც ვაკეთებდით. 
ლექციიდან გვიცნობდა ჩვენი სამხედრო და ზუსტად იცოდა რა ჯარისკაცებიც ვიყავით.

ბაზაზე მეგობრის გამო ჩხუბი მოგვიწია.
სხვა ჯგუფის სტუდენტი დაუნიშნეს ე.წ. ათმეთაურად შაგაობის დროს. იმან რაღაც ,,ნიტოდ" უთხრა და ჯერ ჩვენ გავლახეთ და მერე აქეთ გაგვლახეს, შიგ სამხედრო ბაზაში.
პატარა ჩხუბი კი არ იყო, დაახლოებით 30 კაცი ვჩხუბობდით.
შეიძლება ვინმე დაჭრილიყო კიდეც, ერთ ჩვენიანს დანა წავართვით, გალახვას ვერ შევარჩენ უნდა დავჭრაო იძახდა. გადავრჩით.

ბოლო დღეს ტყვიის სასროლად წაგვიყვანეს პოლიგონზე, ავტომატი დამაჭერინეს ისროლე და სცადე მიზანს თუ გაარტყამო.
მეგონა მეხუმრებოდნენ, მტვერი იყო. მიზანი საერთოდ არ ჩანდა და მტვერში ისროდნენ ტყვიას.
თითოს სამი ტყვია უნდა გვესროლა მტვრის კორიანტელისთვის.
ჩემმა ავტომატმა არ გაისროლა.
დაიკიდეო ლექტორმა.


ბოლოს სამხედრო გამოცდა იყო, რომლის ჩაწყობის ფასი 50 ლარი იყო, ყველამ იცოდა და ყველა იხდიდა.
მაშინ კარგი ფული იყო 50 ლარი, მე და ჩემმა ერთმა მეგობარმა, ეს ფული თსუს - მეორე კორპუსის გვერდით რომ პოკერების აპარატები იყო იქ წავაგეთ და გამოცდაზე უფულოდ გამოვცხადდით.
მე არ მესმოდა რანაირად უნდა ჩავჭრილიყავი თსუ- ს რამე გამოცდაში და ინტერესით ვაკვირდებოდი რა მოხდებოდა.
არაფერი არ მომხდარა, ჩათვლა დამიწერეს და არც არაფერი უკითხავთ.

მგონი უმცროსი ლეიტენანტიც კი ვარ.
ვინც კათედრას გაივლიდა ,,ზვანიას" აძლევდნენ.
არც რამე საბუთი ამიღია და არც სადმე მიმიტანია.
კანონის მიხედვით ჯარმოხდილი ვარ, სამხედრო ჩინით.

ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი რომ მე და თავდაცვის მინისტრი ტოლები ვართ, ერთად ვსწავლობდით თსუ-ში 1999-2004 წლებში.
ის საერთაშორისო სამართლის, ხოლო მე სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე.
როგორც ჩანს, სამხედრო კათედრაც ერთად გვაქვს გავლილი.

გამოდის, რომ ერთად ვიყავით ჯარში.

#მოჰყევიჯარისისტორია



კომენტარები