სიახლეები

4609 Views
პოლიტიკა

ვინ აფინანსებს გირჩს? - აგვისტოში პარტიამ 18 ათას ლარზე მეტი მიიღო

აგვისტოში, პორტალის Girchi.com გაშვების შემდეგ, გირჩმა საკუთარი პარტნიორებისგან, დაფინანსების სახით, 18 ათას ლარზე მეტი მიიღო.

წინა თვესთან შედარებით, ეს რიცხვი 77 %-ით არის გაზრდილი - თუ ივლისში პარტიას 10334 ლარი შემოსწირეს, აგვისტოში ამ თანხამ 18270 ლარს მიაღწია.

შესაბამისად, გირჩის მხარდამჭერებმა, აგვისტოში, შემოწირულობის შესაბამისად ჯამში 18 ათასი ლარის შესაბამისი GeD-ები მიიღეს.

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოში პირველად ხდება, რომ პარტიაც და პოლიტიკოსებიც, საკუთარ „ფანდრაიზინგზე“ ინდივიდუალურად არიან პასუხისმგებლები.

აქამდე არცერთ პოლიტიკურ ძალას და არცერთ პოლიტიკოსს არც კი უცდია, უშუალო დაფინანსება კონკრეტული ადამიანებისგან მიეღო. ჩვენ ვართ პირველები ვინც ეს დავიწყეთ. ორი თვეა ამას ვაკეთებთ და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს.

ეს არ ნიშნავს რომ ახლა უკვე იმდენი შემოსავალი გვაქვს, რომ ამით ყველაფრის უზრუნველყოფა შეგვიძლია მაგრამ სტარტი კარგია, ძალიან კარგი ზრდაა და პრეცედენტს ვდებთ არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, როგორ უნდა ფინანსდებოდეს ნებისმიერი პოლიტიკოსის და პოლიტიკური პარტიის აქტივობა

მისივე განცხადებით, იმას, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში ხდება, გარკვეულწილად პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება იწვევს.

ამ ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციაა, რომ პარტიები ან ნადირობდნენ იმაზე რომ ბიუჯეტიდან მიიღონ დაფინანსება ან როცა ხელისუფლებაში მოდიან, სხვადასხვა გზებით ცდილობენ იმხელა ფულის აკუმულირებას რომ მერე ხელისუფლებაში რომ აღარ იქნებიან, ჰქონდეთ პარტიული საქმიანობის დაფინანსების შესაძლებლობა.

გირჩი არის პირველი პოლიტიკური ძალა რომელმაც ეს ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა და ვითხოვთ რომ საბიუჯეტო დაფინანსება საერთოდ გაუქმდეს იმიტომ რომ რყვნის მთელ პოლიტიკას

თავად ზურა ჯაფარიძეს 70-მდე ინდივიდუალური დამფინანსებელი ჰყავს.

იმაზე უფრო სასიამოვნო გრძნობა რა შეიძლება იყოს, არვიცი, როცა ვხედავ რომ ადამიანები ჩემს საქმიანობაში და იმ იდეაში მიხდიან ფულს და მეეხმარებიან, რისიც მჯერა

კომენტარები