სიახლეები

494 Views
პოლიტიკა

რუსმა სამხედროებმა საქართველოს რვა მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთი მცოცავ ოკუპაციას კვლავ განაგრძობს, გარდა იმისა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოსახლეობის კერძო საკუთრებაში მავთულხლართებს ავლებენ, ადამიანების დაკავებასაც განაგრძობენ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.

ამ დროისთვის  8 ადამიანი იმყოფება ცხინვალის იზოლატორში. 17 აგვისტოს, რუსმა სამხედროებმა  7 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სოფელ ახალუბნის მკვიდრები არიან და საოკუპაციო ხაზთან მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ბოლო ინფორმაციით, ოკუპირებული სოფელ არცევის ტერიტორიიდან, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, დიდი მეჯვრისხევის მცხოვრებია დაკავებული.

სუს-ის ინფორმაციით, ჩვენი მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდებიან, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისია.

მომხდარს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 14 აგვისტოს დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ვლადიმერ კონსტანტინიდის, თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია:

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად

 - განაცხადა კონსტანტინიდმა.

"გირჩი" კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ზომები მიიღოს რუსეთის უკანონო ქმედებების - ადამიანების უფლებების უხეში დარღვევის, მათი უკანონოდ დაკავებისა და კერძო საკუთრების შელახვის წინააღმდეგ.

 

კომენტარები