სიახლეები

თავისუფალი სიტყვა კამპუსში: რატომ უნდა ვიაზროვნო, თუკი შემიძლია ავჯანყდე?

2017 წლის 1 თებერვალს ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, დაახლოებით 150 ადამიანი სიტყვის თავისუფლებაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ. პანელ-დისკუსია — სახელად “ესხმიან თუ არა თავს სიტყვის თავისუფლებას?” — იყო აინ რენდის ინსტიტუტის მიერ დასპონსორებული სერიების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა სიტყვის თავისუფლებისადმი მიმართული მზარდი საფრთხეების გამოკვლევას. პანელში ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ დეივ რუბინი, პოპულარული youtube თოქ-შოუს “რუბინის რეპორტის” (The Rubin Report) წამყვანი და ფლემინგ როუზი, დანიელი ჟურნალისტი და მწერალი.


ჩემი გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებისას ოთახის კუთხისკენ მივუთითე — შემოსავლელთან ახლოს, შეიარაღებული პოლიციელი იდგა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტით. პანელის მონაწილეებს, ვიდრე აუდიტორიაში შემოვიდოდნენ, ჩანთების შემოწმება და მეტალო-დეტექტორის სკანირება უნდა გაევლოთ. სიტუაციის ირონიულობაზე გავამახვილე ყურადღება: ჩვენ იქ შევიკრიბეთ იმაზე სასაუბროდ, იყო თუ არა თავისუფალი სიტყვა საფრთხის ქვეშ და იმისათვის, რომ ეს მოგვეხერხებინა, უსაფრთხოების შემოწმება უნდა გაგვევლო, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენვე არ გავხდებოდით თავდასხმის ობიექტები. (იხილეთ ვიდეო).


საგულისხმოა, რომ 2017 წლის დასაწყისამდე, კამპუსებზე ასეთი ტიპის უსაფრთხოების შემოწმებები არ ხდებოდა, მიუხედავად იმისა, თუ რა იყო სადისკუსიო საკითხი. ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობას ფლემინგ როუზი იღებდა, დანიური გაზეთის Jyllands-Posten-ის რედაქტორი. სწორედ მან წამოიწყო 2005 წლის დანიური კარიკატურების კრიზისი, გადაწყვიტა-რა მუჰამედის პერსონაჟის, როგორც თვითცენზურაზე შექმნილი ისტორიის გმირის, კარიკატურებში შემოყვანა. ამ შემთხვევას ამბოხი მსოფლიოს ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში მოჰყვა. გარდა ამისა, როუზი ალ-ქაიდას სამიზნე სიაში აღმოჩნდა სალმან რუშდის, აიან ჰირსი ალისა და სხვების გვერდით, რომელთაც, ბევრი მუსლიმის აზრით, ღვთის წინაშე ჩაიდინეს დანაშაული.


როგორი ცვლილებების მოტანა შეუძლია წელიწადნახევარს! 2017 წლის დასაწყისში ძალის გამოყენება დისკუსიების ჩასახშობად ან სპიკერებზე იერიშის მისატანად უნივერსიტეტების კამპუსებზე ჯერ კიდევ შედარებით იშვიათი მოვლენა იყო. დღეს კი ჩანს, რომ ეს ყველაფერი თანდათან ახალ ნორმად ყალიბდება.


სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში სიტყვის თავისუფლებაზე ვლაპარაკობდით, იმავე უნივერსიტეტის ბერკლის კამპუსი ცეცხლში იყო გახვეული. სტუდენტები და ანარქისტული ჯგუფის Antifa-ის წევრები აპროტესტებდნენ უნივერსიტეტში დაგეგმილ შეხვედრას ჟურნალისტ მილო იანოპულოსთან. დაახლოებით ერთ თვეში მსგავსი შემთხვევა მოხდა ვერმონტში, მიდლბერის კოლეჯში. სტუდენტებმა და პროფესორებმა ჩარლზ მიურეის გამოსვლა ჩაშალეს, შემდეგ კი ის და მიდლბერის პროფესორი, ლაურა სტეინჯერი აიძულეს უკან დაეხიათ და უსაფრთხო ოთახში შესულიყვნენ, საიდანაც მათ ლაივ სტრიმით შეეძლებოდათ დისკუსიის გამართვა. სტუდენტებმა, მოგვიანებით, ამის საშუალებაც აღარ მისცეს მიურეისა და სტეინჯერს და კედლებზე ბრახუნი დაიწყეს და სახანძრო განგაშის სიგნალები ჩართეს. მართალია, ჟურნალისტმა და პროფესორმა შეხვედრას თავი დააღწიეს, მაგრამ როდესაც სავახშმოდ მიდიოდნენ, მათ და მათი უსაფრთხოების ჯგუფის წევრებს თავს სტუდენტების ჯგუფი პარკინგის ტერიტორიაზე დაესხა. არეულობისას უცნობმა პირმა პროფესორ სტეინჯერს კისერიც კი დაუზიანა.


აპრილის დასაწყისისთვის ისე ჩანდა, თითქოს ერთგვარი სქემა ყალიბდებოდა. სტუდენტთა ჯგუფმა კლერმონის მაკკენას კოლეჯში მანჰეტენის ინსტიტუტის მკვლევართან, ჰეზერ მაკ დონალდთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცა ხალხს. პროტესტის ტალღამ ცოცხალი ჯაჭვი წარმოქმნა შენობის გარშემო, რამაც მაკ დონალდსი, მიურეის მსგავსად, აიძულა, თავისი სიტყვა ცარიელი ოთახიდან წარმოეთქვა. მისი გამოსვლის დამთავრებისას გამპროტესტებელთა ქცევა ძალადობრივი გახდა, რამაც უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს აფიქრებინა, რომ სტუდენტები მალე ფანჯრებს შეამტვრევდნენ და ოთახში შეიჭრებოდნენ. კითხვა-პასუხის რეჟიმის დაწყებიდან მალევე გადაწყდა, რომ ღონისძიება შეემოკლებინათ. მაკ დონალდი უკანა კარიდან გააცილეს და უსაფრთხო მანქანით გააპარეს, რომელიც მას გარეთ ელოდა. (მაკ დონალდმა ახლახანს მიიღო მონაწილეობა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში დეინ რუბინთან და ჩემთან ერთად კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის კამპუსზე).


შეუძლებელი ჩანდა, უარესი რამ მომხდარიყო, მაგრამ კამპუსის სრულიად დაპყრობა გაბრაზებული სტუდენტების მიერ ჯერ კიდევ წინ იყო. მაისში, ევერგრინის საჯარო კოლეჯში ბიოლოგიის პროფესორმა, ბრეტ ვაინსტაინმა კოლეჯის ახალი “გაცდენის დღე” გააპროტესტა, რომელიც მიზნად ისახავდა თეთრკანიანი სტუდენტების წახალისებას, რათა მათ კამპუსი ერთი დღით დაეტოვებინათ. ვაინსტაინი, რომელიც საკუთარ თავს “პროგრესულს” უწოდებს, “გაცდენების დღის” პირველადი ვერსიის მოწინააღმდეგე არ ყოფილა. ამ ვარიანტის მიხედვით, უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები თავიანთი ნების საფუძველზე ტოვებდნენ კამპუსს და პროფესორი ამას “ცნობიერების გამოძახილად” მოიხსენიებდა. თუმცაღა, განახლებული ვერსია პროფესორმა ერთგვარი დაშინების ფორმად აღიქვა. ვაინსტაინის უარის გამო სტუდენტებმა ჯერ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვეს, ხოლო შემდეგ მისთვის კლასის სწავლების უფლების დაბლოკვა. როდესაც ვაინსტაინმა თავისი კლასი კამპუსიდან გადაიტანა, მას დაემუქრნენ, რამაც უნივერსიტეტის პოლიცია აიძულა, მისთვის ეთქვათ, რომ კამპუსზე დაბრუნება უსაფრთხო არ იქნებოდა. მოგვიანებით სტუდენტებმა ბიბლიოთეკა და რამდენიმე ადმინისტრაციული ოფისი დაიკავეს. (ვაინსტაინი ასევე გამოჩნდა ჩვენ მიერ ორგანიზებულ რამდენიმე სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე).


ასეთი ინციდენტები გაგრძელდა. 2017 წლის შემოდგომაზე, სტუდენტების ჯგუფმა უილიამ და მერის კოლეჯში სცენა დაარბიეს მაშინ, როდესაც ამერიკული სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის ადვოკატი სიტყვით გამოდიოდა. რუტგერსის უნივერსიტეტში სტუდენტებმა პანელ დისკუსია ჩაშალეს მულტიკულტურალიზმის თემაზე. ახლახანს, სტუდენტებმა ასევე ჩაშალეს ქრისტინა ჰოფ სომერსის სიტყვით გამოსვლა ლიუს & კლარკის კოლეჯის სამართლის სკოლაში. აინ რენდის ინსტიტუტის წევრის, იარონ ბრუკის გამოსვლა ლონდონში, კინგს კოლეჯში Antifa-ის წევრებმა ჩაშალეს, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაშავდა. (ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ).


რატომ ხდება ეს ყველაფერი?


მთავარი პასუხია — ცუდი იდეები. სტუდენტები, მსგავსად ბევრი ადამიანისა დღეს, იღებენ იდეებს, რომლებიც ძალადობის რაციონალიზაციას ახალისებენ. შედეგად, სპიკერებს, რომელთა იდეებსაც სტუდენტები არ ეთანხმებიან, ისინი თავს ესხმიან. ამ იდეებზე მე ადრეც დამიწერია. მე ვახმოვანებ იმ იდეასაც, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვით გამოსვლები არის სხვებისთვის საფრთხე და, შედეგად, ასეთი დისკურსის “მსხვერპლებისაგან” რეაქცია შესაბამისია. როგორც ადრე აღვნიშნე, “აინ რენდმა ერთხელ თქვა, რომ ‘იარაღი არ არის არგუმენტი’. საპირისპიროც სიმართლეა: არგუმენტი იარაღი არ არის. თუკი ჩვენ დავივიწყებთ განსხვავებას, აღმოვჩდნდებით იმ მდგომარეობაში, სადაც იარაღი გადაწყვეტს ჩვენ შორის დავებს და არა არგუმენტები”.


სწორედ ესაა, საითკენაც მივემართებით ჩვენ. თუკი გინდათ გაიგოთ რატომ, კარგი დასაწყისია აინ რენდის “პრიმიტივების დაბრუნება: ანტი- ინდუსტრიული რევოლუცია”. ეს წიგნი ესეების კრებულია, რომელიც რენდმა პოლიტიკური მოძრაობა ახალი მემარცხენეების შესახებ 1960-იან წლებში დაწერა (თავიდაპირველად გამოქვეყნდა სათაურით: “ახალი მემარცხენეები: ანტი-ინდუსტრიული რევოლუცია”). გარდა ამისა, წიგნში შესულია პიტერ შვარცის ესეები. ამის წაკითხვა საჭიროა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც დღევანდელი ინტელექტუალური მსოფლიოს შეცნობა სურს.


სხვა ბევრ მარგალიტს შორის, კოლექციაში შესულია რენდის ესე, რომელიც ხსნის თუ როგორ იყო ნიჰილისტური ახალი მემარცხენეობა მარქსისტული ძველი მემარცხენეობის (“The Left: Old and New”) უფრო ნამდვილი და თანმიმდევრული ვერსია; ასევე ესე ნიჰილიზმის მოტივების შესახებ (“The Age of Envy”); და ესე ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის კორუმპირებულობის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არიან ახალგაზრდები ცუდი იდეებისადმი ასე მოწყვლადი (“The Comprachicos”).


თუმცაღა, განხილულ საკითხთან ყველაზე მეტად დაკავშირებული ესე არის “The Cashing-In: The Student ‘Rebellion’”, რომელშიც რენდი ამბოხებსა და ე.წ. სიტყვის თავისუფლების მოძრაობას აანალიზებს, რომელიც ბერკლის კალიფორნიის უნვიერსიტეტში 1964 წელს დაიწყო. მაშინ, მსგავსად დღევანდელობისა, სტუდენტებმა დაიკავეს უნივერსიტეტის ოფისები და აუდიტორიები. ასევე, ერთმანეთს დაუკავშირეს ფიზიკური ქმედება და ვერბალური გამოხატულება და ამტკიცებდნენ, რომ უნივერსიტეტის კუთვნილი ტერიტორიის დაკავება მათი სიტყვის თავისუფლების გამოხატვის ფორმა იყო, ხოლო უნივერსიტეტის მცდელობა, რომ მათი ქმედებები აღეკვეთა — “ძალადობა”. მაშინაც, როგორც ახლა, ადმინისტრატორები ცდილობნენ სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ ეს უფრო მეტად აქეზებდა სტუდენტების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს. რენდი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის ძირითადი მიზეზი ფილოსოფიური იყო. მისი აზრით, უნივერსიტეტები სტუდენტებს ცუდ იდეებს ასწავლიდნენ, რომელთაც სტუდენტები მიყავდათ იმ შედეგებამდე, რომ ისინი უნივერსიტეტებზე თავდასხმებსა და მათი ტერიტორიების დაკავებას იწყებდნენ. 1960-იან წლებში მთავარი ფილოსოფიური ძრავი ამ იდეებისა იყო ლოგიკური პოზიტივიზმი ეგზისტენციალისმთან ერთად. დღეს, იგივე ფუნქცია აქვს პოსტმოდერნიზმსა და მულტიკულტურალიზმს. თუმცა, ძირითადი იდეა მაინც ერთია. რენდის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის “ეპისტემოლოგიკური აგნოსტიციზმი, აღიარებული ირაციონალიზმი, და ეთიკური სუბიექტივიზმი”. ათწლეულების განმავლობაში სტუდენტებს ასწავლიდნენ, რომ ლოგიკური განსჯა და გონი უძლურია, ემოციები უზენაესი, ხოლო ღირებულებები ინდივიდის კულტურული ან გენეტიკური მემკვიდრეობის პროდუქტია. მაშინ, როდესაც ეს იდეები პრაქტიკაში ხორციელდება, შედეგად ვიღებთ ძალადობასა და, საბოლოო ჯამში, ცენზურას.


თუკი ადამიანები მიიღებენ იდეას, რასაც პოსტმოდერნისტები, მულტიკულტურალისტები და მრავალი სხვა მოაზროვნე დღეს ასწავლიან, — რომ გონივრულობა არის უსარგებლო, მაშინ მათ სტუდენტების გასაძღოლად მხოლოდ ემოციები დარჩებათ. როდესაც ემოციები ერთმანეთს ეჯახება, — მაგალითად მაშინ, როდესაც ერთი ჯგუფი არ იღებს მეორე ჯგუფისაგან კრიტიკას — როგორ გადაწყვეტენ ისინი ამ განსხვავებას? რენდის მიხედვით, “როდესაც ადამიანი უკუაგდებს გონს, მაშინ კარი იღება ფიზიკური ძალისათვის, რომელიც ხდება ერთადერთი ალტერნატივა და გარდაუვალი შედეგი”.


ბევრმა სტუდენტმა მიიღო მესიჯი. ბერკლიში ატეხილი ამბოხისა და მიდლბერიში მომხდარი მიურეიზე თავდასხმის შემდეგ, სტუდენტებმა თავი იმართლეს, რომ ძალის გამოყენება თავდაცვის ფორმა იყო. მიურეის მიდლბერიში მიპატიჟებას ერთ-ერთმა სტუდენტმა “აგრესიის გამოვლინების მძიმე აქტი” უწოდა. ყოფილი სტუდენტების ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ ეს ღონისძიება იყო სტუდენტებისათვის საფრთხის შემცველი. ბერკლის სტუდენტურმა გაზეთმა სტატიების სერიაც კი გამოაქვეყნა, რომელსაც “ძალადობა, როგორც თავდაცვის საშუალება” უწოდა. ერთ-ერთი სტუდენტი ამბობდა, რომ პროტესტისა და ღონისძიებების გაუქმების მოთხოვნებიდან, რომელიც მათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ადგილობრივ მთავრობასა და პოლიციას წარუდგინეს, “ერთადერთი, რომელსაც მათ მოუსმინეს, შუშის მსხვრევის ხმა იყო”.


არის კი შუშის მსხვრევის ხმა ნორმალური ამბავი უნივერსიტეტის კამპუსებზე? მხოლოდ მაშინ, თუკი ჩვენ ამას დავუშვებთ. რენდს ესმოდა, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანდა ჩვენს საგანმანათლებლო ინსტიტუციებში გავრცელებული იდეები. მან ეს ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაინახა. მაგრამ მას ასევე ესმოდა, რომ ამ შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისათვის, რენდის მიხედვის, ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები, როგორიცაა გონივრულობა, ეგოიზმი, ინდივიდუალიზმი და ლეგალური და პოლიტიკური სისტემა, რომელიც ჩვენი სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ ლტოლვის უფლებებს დაიცავს. იმის გასაგებად, თუ რომელი იდეები ვნებს ცივილიზებულ საზოგადოებას, წაიკითხეთ “პრიმიტივების დაბრუნება: ანტი-ინდუსტრიული რევოლუცია”. ანტიდოტის შესაცნობად, წაიკითხეთ რენდის სხვა ნამუშევრები.


ავტორი: Steve Simpson (საიტისთვის: newideal.aynrand.org)
წყარო: newideal.aynrand.org
თარგმნა: Marita Sparrer-Dolidze
კორექტირება: გიორგი ჯუმბერის ძე ჭაუჭიძე
All rights on this article belongs to newideal.aynrand.org This article was translated and published solely for educational purposes by Girchi

კომენტარები