სიახლეები

გირჩი: ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 2016 წლის რეკომენდაცია

გირჩი: ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია 2016 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს შეწყვიტონ ნარკოტიკებთან ბრძოლა და მოახდინონ ბაზარზე ნარკოტიკების რეგულირებული დაშვება.

2016 წლის 16 ნოემბერს გირჩმა მიმართა ახალ პარლამენტსა და მთავრობას მოთხოვნით, ახალ წლამდე შეიცვალოს საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა და მოხდეს პირადი მოხმარების მიზნით კანაფისა და მისი შემცველი პროდუქტების მოხმარება, შენახვა და კულტივაციის რეგულირებული დაშვება.

21 ნოემბერს ნარკოპოლიტიკის გლობალურმა კომისიამ გამოაქვეყნა ახალი, 2016 წლის ანგარიში, რომელიც ზუსტად იდენტური ქმედებებისკენ მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს - შეწყვიტონ ნარკოტიკებთან ბრძოლა და მოახდინონ ნარკოტიკების რეგულირებული დაშვება ბაზრებზე.

ამკრძალავი ნარკოპოლიტიკის შესახებ ანგარიში ამბობს:

„ნარკოტიკების მოხმარების მიმართ სადამსჯელო მიდგომა ფუნდამენტურად არღვევს ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობას და აიძულებს უამრავ მოქალაქეს დაარღვიოს ალოგიკური კანონები. სამწუხაროდ, მთავრობათა უმეტესობა აგრძელებს იმ მიზნისკენ სწრაფვას, რომლებიც მოცემულია ნარკოტიკების კონტროლზე არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში, როგორებიცაა „ნარკოტიკებისგან თავისუფალი მსოფლიო“ ან „მსოფლიო თავისუფალი ნარკოტიკების მოხმარებისგან“. ეს მიზანი გულუბრყვილოცაა და სახიფათოც. გულუბრყვილოა იმ თვალსაზრისით, რომ აკრძალვა ვერ ამცირებს მოხმარებას და ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა 2006 წლიდან 2013 წლამდე გაიზარდა 20%-ით (იგულისხმება მთელი მსოფლიო), 246 მილიონ მომხმარებლამდე; და სახიფათოა, რადგან აკრძალვებმა მასობრივად მიგვიყვანა ადამიანების დაპატიმრებამდე და სიცოცხლის მოსპობამდე, სისხლით გადამდები დაავადებების გავრცელებამდე, იმ ადამიანთა უფლებების შელახვამდე, რომლებიც იყენებენ ან ავრცელებენ ნარკოტიკებს, და მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 200,000 ადამიანის ნარკოტიკებით გამოწვეულ გარდაცვალებამდე. ქვეყნების მთავრობები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ არქაული და სადამსჯელო ჩარჩოებისგან“.

გლობალური კომისია გაეროს წევრი ქვეყნების მთავრობებს აძლევს შემდეგ 5 რეკომენდაციას:

„1. სახელმწიფოებმა უნდა გააუქმონ სიკვდილით დასჯა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაზე (ეს რეკომენდაცია ეხება ცალკეულ ქვეყნებს, სადაც ნარკოდანაშაულისთვის ჯერ კიდევ გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა - მთარგმნელის შენიშვნა);

2. სახელმწიფოებმა უნდა გააუქმონ ნებისმიერი სასჯელი - როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციული - ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის შენახვასა და ასევე, ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის კულტივაციაზე. მილიონობით ადამიანი დედამიწაზე მოიხმარს ნარკოტიკს და ამას აკეთებს ისე, რომ სხვას ზიანს არ აყენებს. ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯა არაეფექტური და საზიანოა და არღვევს ადამიანის ღირსებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს;

3. სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ სასჯელისგან განსხვავებული მეთოდები, დისტანცირდნენ სისხლის სამართლის სისტემისგან, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული დაბალი დონის ყველა არა-ძალადობრივი მონაწილის მიმართ, როგორიც არიან მიმწოდებლები, კურიერები, მომხმარებელ-გამსაღებლები და კულტივატორები (მთესველები). სახელმწიფოებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი ასეთ საქმიანობაში ეკონომიკური მარგინალიზაციის გამო ერთვება და უნდა გამოიყენონ დასჯისგან განსხვავებული მეთოდები, რომლებიც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან;

4. გაეროს წევრმა ქვეყნებმა უნდა ამოიღონ ნარკოტიკების შენახვის კრიმინალიზაცია ნარკოტიკების საერთაშორისო საკონტროლო სისტემის ქვეშ არსებული ხელშეკრულების ვალდებულებებიდან;

5. საბოლოო ჯამში, სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ ნარკოტიკების ბაზარზე რეგულირებული დაშვების მოდელები და გააცნობიერონ, რომ ეს არის დეკრიმინალიზაციის შემდგომი ლოგიკური ნაბიჯი ნარკოპოლიტიკის რეფორმის გზაზე“.

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები არიან:

1. კოფი ანანი - გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი

2. ალექსანდერ კვაშნიევსკი - პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი

3. ლუიზ არბორი - გაეროს ყოფილი უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში

4. რიკარდო ლაგოსი - ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი

5. პაველ ბემი - პრაღის ყოფილი მერი

6. ოლუსეგუნ ობასანაჯო - ნიგერიის ყოფილი პრეზიდენტი

7. რიჩარდ ბრენსონი - ბრიტანელი მეწარმე, „ვირჯინ გრუპ“-ის დამფუძნებელი (ღირებულება: 5 მლრდ)

8. გიორგოს პაპანდრეუ - საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი

9. ფერნანდო ენრიკე კარდოსო - ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი

10. ჟორჟ სამპაიო - პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტი

11. მარია კატაუი - შვეიცარიის საერთაშორისო-სავაჭრო პალატის ყოფილი თავმჯდომარე

12. ჯორჯ შულცი - აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი

13. ნიკ კლეგი - გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ვიცე-პრემიერი

14. ხავიერ სოლანა - ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საერთო-საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში

15. რუთ დრეიფუსი - შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი

16. თორვალდს სტოლტენბერგი - ნორვეგიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს ყოფილი უმაღლესი კომისარი დევნილთა საკითხებში

17. სეზარ გავარია - კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი

18. მარიო ვარგას ლიოსა - მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში

19. ანანდ გროვერი - გაეროს ყოფილი სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებათა საკითხებში

20. პოლ უოლკერი - აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ეკონომიკური გაჯანსაღების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე

21. ასმა იაჰანგირი - გაეროს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი სასამართლო სისტემის გარეშე სასჯელებთან დაკავშირებით

22. ერნესტო ზედილიო - მექსიკის ყოფილი პრეზიდენტი

23. მიჩელ კაზაჩკინე - შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

24. კარლოს ფუენტესი - მექსიკელი მწერალი.

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 2016 წლის ანგარიში.

კომენტარები