სიახლეები

162 Views
ეკონომიკა

ლარის გაუფასურების ანატომია

თავდაპირველად ეროვნული სიამაყის სიმბოლოდ ჩაფიქრებული ლარი დღეს უკვე ეროვნული სიამაყის გაუფასურების სიმბოლოდ იქცა. 1995 წლიდან მოყოლებული, ჯერ ფიროსმანი ჩავაბარეთ წარსულს, შემდეგ ზაქარია ფალიაშვილი, ახლა კი უკვე ივანე ჯავახიშვილის ჯერიც ახლოვდება.

ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ეროვნული ბანკი მეტ ლარს ქმნის ვიდრე ეკონომიკა იზრდება, ამიტომ 1 ლარი მსყიდველუნარიანობა სულ უფრო და უფრო მცირდება. შეიძლება არც არასდროს დაფიქრებულხართ, მაგრამ 1995 წელს ბრუნვაში სულ 112 მილიონი ლარი იყო, როცა ახლა დაახლოებით 17 მილიარდია. ცხადია, ამ პერიოდში ეკონომიკა 150-ჯერ არ გაზრდილა, ამიტომ მარტივად გასაგებია, თუ რატომ ვეღარ ვხედავთ ფიროსმანს და ფალიაშვილს ჩვენს საფულეებში.
მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლიდან წლამდე მკვეთრად იცვლებოდა, მისი გამომწვევი მიზეზები უცვლელი იყო — ეროვნული ბანკი საბანკო სისტემასა და მთავრობას დამატებითი ფულის რესურსით ეხმარებოდა. ის კომერციულ ბანკებს (TBC, საქართველოს ბანკი და ა.შ.) „იაფ ფულს“ აწვდის, ამით ისინი მეტ სესხებს გასცემენ, რის შედეგად ბრუნვაში არსებული ფულის მასა იზრდება. ეს კი კანონზომიერად ფასების ზრდასაც იწვევს. რა თქმა უნდა, ინფლაცია, თავისთავადაც, ბიუჯეტის შემოსავლებს ზრდის, მაგალითად, დღგ-ს ხარჯზე, რადგან რაც უფრო ძვირად იყიდება პროდუქტი, მით უფრო მეტია გადასახდელი დღგ.

ლარის ისტორიის პირველი 20 წელი ლარის ემისია არ იყო რაიმე ერთი კონკრეტული პოლიტიკის შედეგი. ხშირი იყო, როცა ეროვნული ბანკი ფულის ემისიის მასშტაბს იმდენად ამცირებდა, რომ ფულის მასაც შემცირებას იწყებდა. სულ რაღაც 10 წლის წინ საქართველოში დეფლაციაც კი დაფიქსირდა. თუმცა უკვე ხანგრძლივი პერიოდია, რაც ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის კონკრეტული მიმართულება აქვს არჩეული და ეს პოლიტიკა მაღალ ინფლაციას იწვევს. ამ მიმართულებას კი დე-დოლარიზაცია ჰქვია.

მავნე იდეის იმპორტის მოკლე ისტორია

დოლარიზაცია, როგორც ნეგატიური მოვლენა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოფიციალურ დოკუმენტებში ჯერ კიდევ 2005 წელს არის ნახსენები, თუმცა ამ მიმართულებით 2016 წლამდე რაიმე მნიშვნელოვანი რეგულაციები ეროვნული ბანკისგან არ იყო შემოღებული, ხოლო საქართველო მაგალითად იყო ხოლმე მოყვანილი, თუ როგორ შეიძლება დე-დოლარიზაციის მიღწევა ხელოვნური რეგულაციების გარეშე, შედარებით სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფით. ამ ეტაპზე მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ამ პერიოდში საბანკო სისტემა სტაბილურად იზრდება და ბანკების მოგება შესაბამისობაში იყო ევროპისა და ბევრი სხვა ქვეყნის საბანკო სისტემის მომგებიანობის მაჩვენებელთან.

გრაფიკი 1. საბანკო სისტემის მომგებიანობა 2010-2015 წლებში

სიტუაცია რადიკალურად იცვლება, როცა 2016 წლის მარტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, IMF-ის თანამშრომელს, კობა გვენეტაძეს დანიშნავენ. ეროვნული ბანკის ყველა სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, მან მისი მმართველობა ყოფილი დამსაქმებლის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებით დაიწყო. უკვე იმავე წლის ზაფხულში ჩვენთან დისკუსია იწყება „დოლარიზაციის პრობლემის“ ირგვლივ, ხოლო დე-დოლარიზაციის აუცილებლობაზე ახლად არჩეული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ზუსტად რომ თავისი ყოფილი კოლეგების რეკომენდაციებს იშველიებდა არგუმენტად. (მითუმეტეს, რომ თვითონ IMF-ში მუშაობისას მეტწილად აზერბაიჯანის ეკონომიკის შესწავლით იყო დაკავებული).

2017 წელს IMF აღნიშნავს, რომ დე-დოლარიზაციაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, ხოლო 2021 წლისთვის პოლიტიკა იმდენად გაფართოვდა, რომ მისი აღწერისათვის IMF-ის ანგარიშში ცალკე თავი იყო გამოყოფილი, სადაც მიღებული გადაწყვეტილებები პოზიტიურად არის შეფასებული, მითუმეტეს რომ ამ პოლიტიკის გატარებაში დღეს საქართველო რეგიონში მოწინავე პოზიციების იკავებს.

გრაფიკი 2. დე-დოლარიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები

წყარო: IMF

იმისათვის რომ ამ, ჯერ კიდევ 2016 წელს მიღებულ გადაწყვეტილებასა და უკვე 14 კვარტლის მანძილზე მაღალი ინფლაციის შორის კავშირი რომ გამოჩნდეს, დე-დოლარიზაციის როგორც იდეის, წყარო უნდა განვიხილოთ.

IMF - ღარიბთა და უვიცთა თავშესაფარი

დოლარიზაცია შედარებით ღარიბი და ფულის ხარჯვაში ნაკლებად დისციპლინური მთავრობის მქონე ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. ასეთ ქვეყნებში ეროვნული ვალუტა სწრაფად უფასურდება და სანდო არაა, ამიტომ ხალხისთვის სხვა უფრო მყარ ვალუტაზე გადასვლა, ე.წ. ინფლაციური გადასახადისგან გაქცევის ყველაზე ეფექტიან შესაძლებლობას წარმოადგენს. მაგალითად, 1990-იან წლებში, როცა ეროვნული ბანკი „ეროვნულ კუპონებს“ ყველა იმ ადამიანის სასარგებლოდ ბეჭდავდა, ვისაც სათანადო კავშირები ჰქონდა მთავრობასთან თუ პრეზიდენტთან, ჰიპერინფლაციამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღატაკა.

არ გაღარიბდა მხოლოდ ადამიანთა ორი ჯგუფი — ვინც კორუფციული გარიგებების შედეგად კუპონებს პირდაპირ ეროვნული ბანკისგან იღებდა და ამით სხვების ხარჯზე მდიდრდებოდა და ის მცირე ადამიანთა ჯგუფი, ვინც პატიოსნად მუშაობდა და ამავდროულად შემოსავალი დოლარში ჰქონდა. დოლარის უპირატესობა იმდენად ცხადი იყო, რომ შეძლებისდაგვარად ყველა დოლარის გამოყენებაზე გადადიოდა და დღემდე ჩვენ საზოგადოებაში მხოლოდ დოლარს აღვიქვამთ, როგორც ფულს, და დოლარში დგება თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გარიგება, ხოლო ლარის გამოყენება უფრო ვალდებულებაა, ვიდრე ჩვენი შეგნებული არჩევანი.

ამდენად, დოლარიზაცია არა პრობლემა, არამედ პრობლემის სიმპტომია, ანუ იმის მაჩვენებელი, რომ ხალხი მთავრობის და ცენტრალური ბანკის ცუდად მუშაობის გამო ადგილობრივ ვალუტას ნაკლებად ენდობა.

დოლარიზაცია ასევე ხელს უშლის უპასუხისმგებლო მთავრობებს, მაქსიმალურად დაბეგრონ მოსახლეობა. მაგალითად, თუ ჩვენ არ გვაქვს ფული, გვიწევს რესტორნის მაგივრად საღამოს სახლში დავრჩეთ. მთავრობა კი ასე არ იქცევა. ფულის არ ქონა მთავრობისთვის ხარჯვის შემცირების მიზეზი არ ხდება. უფულობის მიუხედავად ის მაინც აგრძელებს „ხალხზე ზრუნვას“ და ბიუჯეტის დეფიციტს ქმნის, ანუ დღევანდელ ხარჯებს ვალით ფარავს. თუ მთავრობა ამ საქმეშიც უპასუხისმგებლოდ იქცევა და ვალს ისე ზრდის, რომ გადახდის პრობლემა უჩნდება (როგორც, საბერძნეთში მოხდა 2009 წელს), მას ორი გამოსავალი რჩება: პირველი, გადასახადების ზრდა და ხარჯების შემცირება — რაც პოლიტიკურად ძალიან მტკივნეულია, მეორე — დეფოლტის გამოცხადება — რაც ასევე უკიდურესად არასასურველი ნაბიჯია.

თუმცა, თუ ვალი ნაციონალურ ვალუტაშია ნომინირებული, მთავრობა მოსახლეობის ფარული დაბეგვრის გზას შეიძლება დაადგეს, როცა ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკების გავლით, მთავრობის ვალდებულებებს შეისყიდის და ფულის ბეჭდვით ირიბად ბიუჯეტის დეფიციტს დააფინანსებს (იმიტომ, რომ დეფიციტის ფულის ბეჭდვით დაფინანსება ძალიან დამაზიანებელი პრაქტიკაა, პირდაპირ ამის გაკეთება თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, აკრძალულია). შედეგად, მთავრობა ვალს გაისტუმრებს, თუმცა ეკონომიკაში ფულის მასა გაიზრდება, რაც ფასების ზრდას გამოიწვევს. შინაარსობრივად კი გამოვა, რომ იმ ადამიანებმა, ვინც მაღაზიაში გაზრდილი ფასების გამო ნაკლები პროდუქტის ყიდვა შეძლეს, ბიუჯეტის დეფიციტი დააფინანსეს. ზუსტად იმიტომ რომ ეს სქემა ადამიანების დიდი ნაწილისთვის სრულიად გაუგებარია, მთავრობას შეუძლია ფულის ემისია დაბეგვრის სხვა ინსტრუმენტებისგან განსხვავებით თითქმის უმტკივნეულოდ გამოიყენოს.

უვიცთა მთავრობის მქონე ქვეყნებს კიდევ ერთი გამოსავალიც გააჩნიათ — მიმართონ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომლის მთავარი მიზანი — ბიუჯეტურ კრიზისში მყოფი მთავრობების დახმარებაა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ IMF არ ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა თუ უთანასწორობაზე. მისთვის მთავარია, ბიუჯეტის ფინანსები იყოს სტაბილური და იგულისხმება, რომ ამით ყველა დანარჩენი მიზანიც იქნება მიღწეული. კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი ქვეყნებისთვის ფონდში ტრილიონ დოლარამდე არის აკუმულირებული, თუმცა ფონდის მნიშვნელოვანი აქტივობა რჩევებსა და მონიტორინგზე მიემართება, რომ მთავრობა ბიუჯეტურ კრიზისში არ აღმოჩნდეს. ეს რჩევები კი, პირველ რიგში, ბიუჯეტის შემოსავლების უზრუნველყოფაზეა მიმართული და თუ, მაგალითად, პოლიტიკურ ველში გადასახადების მნიშვნელოვანი შემცირების იდეა გაჩნდა, რაც ყველასთვის კარგია, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ბიუჯეტზე პარაზიტირებს, ფონდი დიდი ალბათობით ამის წინააღმდეგი იქნება. მაგალითად, IMF თავისუფლების აქტის წინააღმდეგი იყო, ანუ იმ იშვიათი კანონის, რომლითაც მთელ დანარჩენ მსოფლიოს ვჯობნიდით, რადგან ამ აქტით ვალის აღებასა და ახალი გადასახადების დაწესებაში მთავრობის თავისუფლება იზღუდებოდა.

სხვა სიტყვებით, თუ რაიმე კარგია დაბეგვრის პოტენციალის გაფართოებისათვის, ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბიუროკრატების მიერ მოწონებული იქნება, ხოლო დე-დოლარიზაცია და მოსახლეობის მხოლოდ ნაციონალურ ვალუტაზე ჩამოკიდება, მთავრობას ინფლაციური გადასახადის სრულფასოვნად გამოყენების შესაძლებლობას უჩენს. ცხადია, ამით მთავრობის საბიუჯეტო ფინანსები უფრო სტაბილური იქნება, ხოლო ის, რომ ადამიანები გაღარიბდებიან და საქართველო უფრო ნელი ტემპით განვითარდება — ეს IMF-ის ბიუროკრატებისთვის შეიძლება კარგიც იყოს: ერთი მხრივ, მისი რჩევების გათვალისწინება, მას პირად კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, რაც უფრო ბევრი ქვეყანა იქნება IMF-ს დახმარებაზე დამოკიდებული, მით უფრო დიდხანს იარსებებს ეს ორგანიზაცია, სადაც დასაქმებული „მრჩევლები“ და „ეკონომისტები“ ასობით ათასის და ხშირად მილიონობით დოლარის ხელფასს იღებენ ყოველწლიურად.

ამ მავნებელთა აქტივობას ჩვენი მთავრობა გარკვეულწილად უმკლავდებოდა, როცა იქ ამისთვის საკმარისად კვალიფიციური ხალხი იყო დასაქმებული, როგორიც იყო მაგალითად, კახა ბენდუქიძე, მაგრამ ახლა მთავრობაში არავინაა ვისაც ცოდნა და გამბედაობა გააჩნია, IMF-ის ქვეყნიდან გაგდება მოითხოვოს და ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა აიღოს, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს მხრიდან კიდევ უფრო კონსერვატიული ფისკალური პოლიტიკის გატარება უზრუნველყოს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს რაღაც ეტაპზე წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ, მით უმეტეს რომ მათი ადამიანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა.

დე-დოლარიზაცია და ბანკების ლობიზმი

დე-დოლარიზაციის პოლიტიკა, თავისი ფორმით, საკმაოდ მარტივად გამოიყურება — საკმარისია ბანკებს დოლარში სესხების გაცემა შევუზღუდოთ და ამავდროულად დოლარის დეპოზიტები ნაკლებად მომხიბვლელი გავხადოთ. ამისთვის სამი ძირითადი ინსტრუმენტი გამოიყენება. პირველი — დოლარში გაცემულ სესხებზე რეზერვების მოთხოვნის ზრდა. ჯერ კიდევ 2016 წელს ლარისა და დოლარში გაცემულ სესხებზე რეზერვები თითქმის არ განსხვავდებოდა (10% და 15%), თუმცა იგივე წლის მაისში ამ მოთხოვნების ცვლილება დაიწყო. დღეისთვის ლარის სესხებს სულ რაღაც 5%-ნი რეზერვები სჭირდება, ხოლო დოლარში გაცემულ სესხებზე კი რეზერვების მოთხოვნა 25%-ს აღწევს. ასეთი პოლიტიკა დოლარში სესხების გაცემის მომგებიანობას ამცირებს, ამიტომ ბანკი საპასუხოდ ან არ გასცემს ასეთ სესხს, ან გასცემს უფრო მაღალ პროცენტში. პარალელურად, ბანკებს დოლარის დეპოზიტების საჭიროებაც უმცირდებათ. 

დე-დოლარიზაციის მეორე ირიბი ინსტრუმენტი — ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების ზრდაა. ცნობილია, რომ სავალუტო რეზერვების მოცულობა ბევრად აღემატება ნებისმიერ გონივრულ ზღვარს, თუმცა მიუხედავად ამისა ეროვნული ბანკი ჯიუტად აგრძელებს რეზერვების დაგროვებას. ასეთი პოლიტიკის შედეგად, დოლარი უფრო ძვირია, ვიდრე უნდა ყოფილიყო, რაც დამატებით ამცირებს დოლარის სესხების მიმზიდველობას.

მესამე და ყველაზე ხისტი ინსტრუმენტი კი პირდაპირი აკრძალვებია, როგორც, მაგალითად, 200 000 ლარამდე სესხის დოლარში გაცემის აკრძალვაა, რომლითაც, დოლარის შედარებით იაფ სესხებზე წვდომა მხოლოდ ბიზნესმენებს და ამ ქვეყნის შედარებით მდიდარ მოსახლეობას დარჩა.

ისიც აღსანიშნავია, რომ დოლარში ნომინირებული სესხების გაცემის შემცირება ბანკების მოგებასაც ამცირებს (სხვა შემთხვევაში, ბანკები თავისი ნებით გადაერთვებოდნენ ლარზე), ამიტომ დე-დოლარიზაციის პოლიტიკის ამოქმედებისთანავე ბანკებმა ლობიზმი გააქტიურეს. ბანკირების ლოგიკა მარტივი და საკმაოდ არგუმენტირებულია: „თუ მოგების მიღებას ხელოვნურად მიზღუდავ, მომაწოდე კომპენსაციის სახით ლარის დამატებითი ლიკვიდურობა, რომ დაკრედიტების ზრდა გავაგრძელო“.

ამ სტატიის მიზანს ეს ნამდვილად სცდება, მაგრამ მხოლოდ კონსტატაციის სახით უნდა აღინიშნოს, რომ კომერციული ბანკების, მთავრობის და ეროვნული ბანკის თანამშრომელთა დიდი უმრავლესობა იმ რწმენას იზიარებს, რომ იაფი სესხები კარგია ეკონომიკისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა იყო სესხის გაიაფების წყარო. ეკონომიკურ თეორიაში ეს საერთოდ არ არის აღიარებული პოზიცია. ახალი კეინზიანური პარადიგმის ფარგლებშიც კი, ანუ იმ თეორიული ჩარჩოსი, რომელსაც ეროვნული ბანკი თავისივე დოკუმენტების თანახმად ეყრდნობა, სესხების ხელოვნური გაიაფება მხოლოდ დროებითი ხასიათის შეიძლება იყოს და დაუშვებელია ამ ინსტრუმენტის გამოყენება, როცა ინფლაციური რისკები იზრდება. მიუხედავად ამისა, ბევრს სჯერა, რომ იაფი სესხი ყოველთვის პოზიტიურ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ამით, მაგალითად, მართლდება ცალკეული სექტორებისთვის სესხების სუბსიდირება და ყველა სხვა მსგავსი გადაწყვეტილება. ამრიგად, ბანკირების მხრიდან დამატებითი ფულის მიწოდების მოთხოვნა, ამ სფეროში გავრცელებული წარმოდგენების ფარგლებში სრულიად ლეგიტიმური აღმოჩნდა.

შედეგად წლიდან წლამდე იზრდებოდა იმ ინსტრუმენტების რაოდენობა, რომლითაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ლარს აწვდიდა. იზრდებოდა ასევე ლარის მიწოდების მასშტაბიც. მაგალითად, ამ წლებში ეროვნულმა ბანკმა:

•    სავალუტო რეზერვები 1.6 მილიარდი დოლარით გაზარდა (ანუ დაახლოებით 4 მილიარდი ლარის ემისია განხორციელდა მხოლოდ ამ ინსტრუმენტის მეშვეობით);

•    რეფინანსირების სესხების გამოყენებით 2016 წლის დონესთან შედარებით დამატებით 1.5 მილიარდი ლარით გაზარდა ფულის მიწოდება;

•    2018 წლიდან სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა დაიწყო (რაც ადრე არ ხორციელდებოდა), რითაც დამატებით 1.6 მილიარდი ლარია ამ დღეისთვის ემიტირებული;
გარდა ამისა, სხვა ნაკლებად მასშტაბური ინსტრუმენტებიც, როგორიც არის, მაგალითად, სავალუტო სვოპები, აქტიურად გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ფულის მასას თავისი დაარსებიდან ზრდიდა, თუმცა თუ 2010 წლის მაისიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით ფულის მასა საქართველოში 2.3-ჯერ გაიზარდა, ახალი პოლიტიკის ფარგლებში 2016 წლის მაისიდან 2022 წლის მაისამდე - 2.6-ჯერ. ანუ კობა გვენეტაძეს მოსვლის შემდეგ ეროვნულ ბანკს ლარის ემისიის იგივე ტემპები რომ დაეტოვებინა, რაც წინა 6 წლის მანძილზე იყო, ფულის მასა ახლა დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარით ნაკლები იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ ფასებიც ბევრად ნაკლები გვექნებოდა, ვიდრე გვაქვს, ხოლო ათასობით ადამიანი, ვინც მაღალი ფასების გამო გაღარიბდა, მნიშვნელოვნად უკეთეს მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკის შედეგად ასობით ათასი ადამიანი გაღარიბდა, ბევრმა ადამიანმა სარგებელიც მიიღო. პირველ რიგში, საბანკო სისტემამ. მათი ლობიზმი იმდენად ეფექტიანი იყო, რომ ეროვნულმა ბანკა ბევრად მეტი ლარი მიაწოდა საბანკო სისტემას, ვიდრე საჭირო იყო დე-დოლარიზაციის პოლიტიკის მიერ მათთვის მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის. გადახედეთ გრაფიკზე მოყვანილ ორი ყველაზე დიდი ბანკის მომგებიანობას დე-დოლარიზაციის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ, და ეს ისედაც ცხადი იქნება.

გრაფიკი 3. საქართველოს ბანკის და TBC მომგებიანობა დე-დოლარიზაციის დაწყებამდე (2010-2015) და დაწყების შემდეგ (2016-2021)*

* 2017 წელს აღრიცხვის სტანდარტები შეიცვალა, ამიტომ გრაფიკზე ლურჯად წარმოდგენილია ბანკების მოგება IFRS-ს სტანდარტით, რომ განსხვავებული წლების მაჩვენებელი შედარებადი იყოს, ხოლო ინფორმაციისთვის ასევე მოყვანილია 2016-2021 წლებში Pillar 3-ს მიხედვით დათვლილი მომგებიანობა.

მთავრობამაც იხეირა, რადგან მთელი ეს პერიოდი ბიუჯეტს დამატებით ასობით მილიონი ლარი ყოველწლიურად შესდიოდა, რადგან მაღალი ინფლაციის პირობებში, დღგ-ც მეტი გამოდის. თან შიდა ვალის აღებაც გამარტივდა, ვინაიდან ვალის ნაწილს ეროვნული ბანკი ყიდულობს, ანუ ფულის ბეჭდვით დეფიციტის დაფარვა ხდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც კმაყოფილია, რადგან თავისი ყოფილი დამსაქმებლის სურვილები უნაკლოდ შეასრულა და ისევ ვაშინგტონში, მაღალანაზღაურებად სამსახურში დაბრუნება გაინაღდა. მისი თანამშრომლები კი ისედაც ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასებით გამოირჩევიან და როგორც ჩანს ათასები ხელფასის და მილიონები პრემიის სახით მათთვის აშკარად საკმარისია, რომ სინდისთან ყველა საჭირო გარიგებაზე წახვიდე.

ცხადია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბიუროკრატები, როგორიც არიან სელიმ ჩაკერი და ჯიჰად აზური, კმაყოფილები არიან. მათი რეკომენდაციები შესრულებულია და საქართველო ამ მავნე პოლიტიკით რეგიონალური ლიდერი გახდა, რაც დადებით გავლენას მოახდენს მათ კარიერულ ზრდაზე. ამიტომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ შექებას ისინი არ დაინანებენ, ხოლო მთავრობას პერიოდულად იაფი სესხებით გაახარებენ, რათა მას კიდევ უფრო მეტი სტიმული ჰქონდეს ბიუჯეტის შევსებაზე IMF-სებურად იზრუნოს.

კმაყოფილი კი ვერ იქნება მხოლოდ ქვეყნის უმრავლესობა, რომელიც ამ ამორალური სქემით გაღარიბდა. თუმცა მან ეს ყველაფერი არ იცის. ამიტომ სანამ ამ უმრავლესობას სჯერა მთავრობის, ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების და IMF-ს ბოროტი კონგლომერატის პროპაგანდის, რომ ინფლაციას არა ეროვნული ბანკის ქმედებები, არამედ „გლობალური“, „დროებითი“ და „ტრანზიტული“ ფაქტორები იწვევს, მანამ ეს ხალხი ბანკების რეკორდული მოგების და სელიმებისა და ჯიჰადების კარიერული ზრდის წყაროდ დარჩებიან.

ავტორი - სანდრო რაქვიაშვილი
კომენტარები