სიახლეები

321 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: რუსეთი და მთელი მსოფლიო მხოლოდ მაშინ სცემს პატივს შენს ქვეყანას, როცა ამას შენ გააკეთებ

სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები ამ დრომდე შეინიშნებიან. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები სოფელში დღეს დილიდანაც გამოჩნდნენ - ოკუპანტებმა ტერიტორიაზე რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით უკვე მიიტანეს.

„გირჩის“ ლიდერების განცხადებით, აუცილებელია, მოსახლეობამ მმართველი გუნდის ეს ქმედებები არჩევნებამდე დაიმახსოვროს და ხმების ოც ლარად გაყიდვის ნაცვლად, საკუთარი პოზიცია ბიულეტენზე დააფიქსიროს.

როგორც ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ იაგო ხვიჩიამ განაცხადა, სოფელ გუგუტიანთკარში პოლიტიკური ძალების მობილიზება აუცილებელია და ამ ვითარებაში პრეზიდენტი, ისევე როგორც მთავრობისა და პარლამენტის წევრები, შვებულებაში არ უნდა იყვნენ.

თუ შენ ოც ლარად ყიდი ხმას, თუ შენთვის სულერთია მთავრობა ქვეყნის შიგნით და გარეთ როგორ იქცევა, "გაბაზრებული" უკანონობები რომ გვაქვს, როცა ფეხზე გკიდია შენი ინსტიტუციები, შენი სასამართლო, შენი მოქალაქეები და ადამიანის უფლებები, რუსები არ არიან ვალდებულები რომ ამ ყველაფერს პატივი სცენ. რუსეთი და მთელი მსოფლიო მხოლოდ მაშინ სცემს პატივს შენს ქვეყანას, როცა ამას შენ გააკეთებ.

დაახლოებით ისეთი ამბავია - შეიძლება მეორე მსოფლიო ომზე მეტი ადამიანი ჩინეთში დაიღუპა, მაგრამ მსოფლიოს მთავარი ტრაგედია სწორედ მეორე მსოფლიო ომია - ეს ადამიანები იქ დაიხოცნენ, სადაც ადამიანის სიცოცხლეს პატივს სცემდნენ.

ზურა ჯაფარიძის განცხადებით კი ამ სიტუაციაში, ნებისმიერ მთავრობას იმაზე ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობა აკეთებს.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ კიდიათ და ამას ასხივებენ. თუ რამეს აკეთებენ, ყველაფერს მოვალეობის მოხდის მიზნით. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ. თუ ჩვენ ამაზე ხმამაღლა დავიწყებთ ყვირილს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შევაწუხებთ, რუსეთს სანქციები დაუწესდება, რაც მათზე ეკონომიკურად მიბმულ მოსახლეობას პრობლემებს შეუქმნის. მათი უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია და არც მათი გაღიზიანება აწყობს მთავრობას - ამის გამო უღირთ გვაყურებინონ როგორ შლიან საკუთარ სახლ-კარს მოქალაქეები

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რვა მოქალაქე ამ დრომდე რუსი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება - მანამდე კი 7 აგვისტოდან, სოფელ გუგუტიანთკარში, ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი მიმდინარეობდა.

აგვისტოს ომიდან ზუსტად 11 წლის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებში ხელოვნური ბარიერები აღმართეს - საოკუპაციო ზოლს მიღმა სამი სახლი და სახნავ-სათესი მიწა მოექცა. ადგილობრივებმა საცხოვრებელი სახლები საკუთარი ხელით აგურ-აგურ დაშალეს და სამშენებლო მასალა ე.წ. საზღვრებს აქეთ გადმოიტანეს.  

მიმდინარე პროცესების პარალელურად, შვებულებაში იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისვენებდა გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილიც. „ქართული ოცნებიდან“ კი ერთადერთი განცხადება გია ვოლსკიმ გააკეთა - ოკუპანტების ქმედებები მან „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა.

კომენტარები