სიახლეები

სამეფო კარის ამბები - 30 ივნისი

გირჩის სამეფოს არსებობის საფუძველიშივე უდევს აზრი, რომ ნებისმიერი არაძალადობრივი ქმედება ადამიანის თავისუფლების ნაწილია, ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუკი გეტყვით, რომ დღეს ოფისი ისეთ პროექტებზე მუშაობით იყო დაკავებული, რომლებიც ადამიანის არაძალადობრივი ქმედების თავისუფლებისკენ არის მიდრეკილი. 

ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება გირჩის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამიტომ გირჩის პარლამენტარების თანაშემწემ, დათო წურწუმიამ თემის ისტორიულ-კულტურული შესწავლა გადაწყვიტა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსს შეისწავლის ნარკოტიკული დანაშაულების მხრივ და აღმოაჩინა, რომ 1960იანი წლებიდან პერიოდულად მკაცრდება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1999 წელს კი, როდესაც მიღებული იქნა ახალი კოდექსი, რომელიც დღესაც მოქმედებს, პირველად ისტორიაში იქნა შემოღებული უვადო პატიმრობა ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებაში და მას მერე სასჯელის ზომები დღემდე იმატებს:

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ტირანული სახელმწიფო იყო, ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით უფრო ჰუმანური მიდგომა ჰქონდათ, ვიდრე დღეს მოქმედი კანონმდებლობაა.

- დათო წურწუმია.

სისტემის მიერ გასამართლებული ადამიანებისთვის საყოველთაო ამნისტია გირჩის კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი პროექტია, რომელისთვისაც სწორი სახელი ჯერ არ შერჩეულა, თუმცა გვინდა ისტორიული და ტრადიციული კვლევა ედოს საფუძვლად, რათა დაინახოს საზოგადოებამ, რომ ამნისტია ჰუმანური აქტია, რომელსაც ჩვენი წინაპრები ხშირად ანხორციელებდნენ. ამნისტიის ისტორიული კვლევა კიდევ ერთი პროცესია, რომელიც დღეს გირჩის სამეფო კარში მიმდინარეობს, თუმცა მსჯავრდებულთა დახმარების კიდევ ერთი იარაღი, პრეზიდენტის შეწყალებაა, რომლის ისტორიულ წინამძღვრებსაც გირჩის პარლამენტარების თანაშემწე, ავთო ლაბაძე შეისწავლის. 

ყველაფერთან ერთად, ტრადიციულად, გირჩი აგრძელებს კანაფის სრული ლეგალიზაცისთვის ბრძოლას, რისთვისაც კანაფის მოყვარულთა საზოგადოება დაფუძნდა. დღეს ამ სახელწოდებით შეიქმნა Facebook გვერდი და ჯგუფი, სადაც ამ იდეით დაინტერესებული ადამიანები მოიყრიან თავს და დაორგანიზდებიან საბოლოო მიზნის მისაღწევად. ისტორიულ კვლევას დათო წურწუმია ამ თემაზეც ანხორციელებს, იკვლევს როდის გახდა კანაფის მოხმარება და მისი კულსტივაცია დასჯადი:

ჩვენ ვიცით, რომ კანაფს მოიხმარდნენ, ხდებოდა მისი კულტივირება, იყენებდნენ სხვადასხვა მიზნისთვის და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამით გვინდა დავანახოთ ხალხს, რომ ამაში საშიში არაფერია და ჩვენი წინაპრები აქტიურად იყენებდნენ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 

- დათო წურწუმია. 

 

ავტორი: მარიამ შენგელია

კომენტარები