ვახო მეგრელიშვილი: შეთანხმების აღსრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში  ბევრად განსხვავებულ ქვეყანას მივიღებთ

"თავისუფალ ბაზარში" ვახო მეგრელიშვილთან სტუმრად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე იმყოფებოდა. გადაცემაში საუბარი იყო ოპოზიციის 27 აგვისტოს მიღწეულ შეთანხმებაზე და რას ცვლის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ამ შეთანხმებაში ? 

როგორც დეკანოიძემ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშიც, ზუსტად იგივე პუნქტებზე იყო საუბარი, რაზეც შეთანხმებაში. რაც მისი თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას ამ რეფორმების. "შინაარსობრივად რასაც სააკაშვილი ლაპარაკობს, იგივეა რაზეც ჩვენ შევთანხმდით."

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის ცვლილების გარეშე შეუძლებელია სხვა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. მისი სურვილია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს მსგავსი სისტემის არსებობა, რა ფორმითაც ის დღესაა და  გაჩნდეს სამართლიანი სასამართლო. სადაც არავის არ შეეშინდება იმის, რომ ერთი პარტია გააკონტროლებს თოფიან კაცს. 

ხატიამ ასევე სურვილი გამოთქვა, რომ ოპოზიციამ დაიწყოს შერიფების არჩევითობის შესახებ კანონპროექტის მომზადება. "კარგი იქნებოდა თუ ამ კანონპროექტზე მუშაობას დავიწყებდით"- აღნიშნა მან.  

რაც შეეხება ვახოს, ის თვლის, რომ ამ შეთანხმების შესრულება ერთგვარი გარანტიაა იმისა, რომ ერთპიროვნული ძალაუფლება არ აღმოჩნდება ერთი ადამიანის ხელში. ასევე აღარ განხორციელდება ადამიანებზე პოლიტიკური დევნა, როგორც ეს მოხდა სააკაშვილის შემთხვევაში. "სისტემა უნდა დაიშალოს ისე, რომ მისი გაკონტროლება ვერავინ შეძლოს". 

ასევე "გირჩის" პოზიციაა, რომ ამ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს მიხეილ სააკაშვილიც, ბიძინა ივანიშვილიც და არც ყოფილ მაღალჩინოსნებს უნდა დასდევდნენ. 

ვახომ ასევე ხატიას ჰკითხა, თუ როგორ ხედავს ხატია მიშას კანონიერ ჩამოსვლას. რაზეც დეკანოიძემ უპასუხა, რომ სააკაშვილის ყველა საქმე შეთითხნილია და ეს ყველამ იცის. მისივე თქმით, ამ საქმეების გადასახედად უნდა შეიქმნას სპეციალური საპარლამენტო კომისია. "ნაცონალური მოძრაობის" წევრი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური კონსესუსის მიღწევა შესაძლებელია.

დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ოპოზიციამ შეძლო რიგ საკითხებზე შეთანხმება. "ამომრჩევლის ნება არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, ამიტომ კინკლაობის ნაცვლად ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ." 

ვახოს აზრით, შეთანხმება რომელსაც ოპოზიციამ მიაღწია არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოცემული პუნქტების განხორციელების შემდეგ უახლოეს მომავალში  ბევრად განსხვავებულ ქვეყანას მივიღებთ და მნიშვნელოვანია, რომ ეს მოსახლეობას გავაგებინოთ. 

შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა შეთანხმდა შემდეგ საკითხებზე: მართლმსაჯულების, რესტიტუციის, მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირებასა და განათლებაზე. 

ვრცლად შეთანხმების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

                                                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები