სიახლეები

ლევან ჯგერენაია: პაატა იმნაძე მიუკერძოებელი მოწმე ვერ იქნება

"პოლიტიკური აგორას" ეთერში "გირჩის" იურისტმა და პოლიტიკოსმა, ლევან ჯგერენაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა, სადაც "გირჩის" სარჩელის კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, პროცესი ორი საათის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება მიმდინარეობდა,  მოსარჩელის მოთხოვნებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სარჩელი მხოლოდ  კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურობას არ ეხება. "გირჩის" იურისტი  ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას გააზრებული, რა მოჰყვებოდა ამ შეზღუდვებს, ანუ "უფრო მეტი ადამიანი გადავარჩინეთ, თუ დავღუპეთ."

გადაადგილების თავისუფლება  მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორეზე წასვლის შეზღუდვა არ არის. ამაზე ასევე, ბევრი სხვა რამ არის დამოკიდებული, მაგალითად, ამ პირობებში ადამიანს მუშაობის საშუალება არ აქვს, შესაბამისად, არც შემოსავალი, რაც მის ჯანმრთელობაზე აისახება.

                                                                                                                              -განაცხადა "გირჩის" იურისტმა.

მისივე თქმით, მთავრობას ასეთი შეზღუდვების დაწესების  უფლება არ აქვს, რადგან მსგავსი გადაწყვეტილებები პარლამენტმა უნდა მიიღოს. "გირჩის" წევრი აცხადებს, რომ ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, შეზღუდვების დაწესებას, წინ გარკვეული კვლევები უძღვოდა. დიდი ბრიტანეთი დაეყრდნო კვლევას, რომელშიც ვირუსის სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო მოცემული. შვედეთმაც კვლევაზე დაყრდნობით შემოიღო გარკვეული შეზღუდვები, სადაც ნათქვამი იყო, რომ სოციალური დისტანცირება და პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა იყო მნიშვნელოვანი ვირუსის პრევენციისთვის.

ჯგერენაიას თქმით, პროცესი ეპიდემიოლოგ პაატა იმნაძის დაკითხვით გაგრძელდება, რომელიც ამ საქმეში მოწმის სტატუსითაა. რის შემდეგაც მოსმართლე მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებას მოისმენს, რასაც კითხვა-პასუხის რეჟიმი მოსდევს და ბოლოს დასკვნითი სიტყვა მოჰყვება.

პაატა იმნაძე დაინტერესებული პირია ამ საქმეში, რადგან ის  თავად მონაწილეობდა ამ შეზღუდვების შემოღებაში. ამიტომ ის მიუკერძოებელი მოწმე ვერ იქნება.

                                                                                      -განაცხადა ლევან ჯგერენაიამ, "გირჩი ტივის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის არაერთი ადამიანი დააჯარიმეს.

                                                                                                                              ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები