კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ

COVID-19-თან დაკავშირებით რამდენიმე საკითხზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება:

1. ახალ კორონავირუსს შედარებით მაღალი კონტაგიოზობა აქვს, რის გამოც ის უამრავ ადამიანს აინფიცირებს, მაგრამ ინფიცირებული ადამიანების უმრავლესობას ეს ინფექცია უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით გადააქვს.

2. იმ ადამიანების უმრავლესობას, ვისაც კორონავირუსული ინფექცია მძიმედ გადააქვს, ქრონიკული მძიმე დაავადებები აქვს, და მათი გარკვეული ნაწილი კვდება.

3. ხშირად, ამ ადამიანების სიკვდილის უშუალო მიზეზს ეს მძიმე დაავადებები წარმოადგენენ, ხოლო კორონავირუსით გამოწვეული ბრონქოპნევმონია სიკვდილის განვითარებაში მონაწილე მნიშვნელოვანი ფაქტორია, და არა სიკვდილის უშუალო მიზეზი.

4. ზოგჯერ, კორონავირუსული ინფექცია სიკვდილის განვითარებაში მონაწილე მნიშვნელოვანი ფაქტორიც კი არ არის, ანუ, სხვა სიტყვებით, ის ან სიკვდილის განვითარებაში მონაწილე უმნიშვნელო ფაქტორია, ან საერთოდ არ წარმოადგენს სიკვდილის განვითარებაში მონაწილე რაიმე ფაქტორს. სხვა სიტყვებით, ეს ადამიანები კორონავირუსთან ერთად კვდებიან, და არა - კორონავირუსის გამო.

5. იშვიათად, კორონავირუსით გამოწვეული ბრონქოპნევმონია სიკვდილის უშუალო მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს, მაგრამ, ჩვეულებრივ, იმის დადგენა კორონავირუსით გამოწვეული ბრონქოპნევმონია სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო, სიკვდილის განვითარებაში მონაწილე მნიშვნელოვანი ფაქტორი, სიკვდილის განვითარებაში მონაწილე უმნიშვნელო ფაქტორი, თუ ის საერთოდ არ წარმოადგენდა სიკვდილის განვითარებაში მონაწილე რაიმე ფაქტორს, კორონავირუსზე PCR-ტესტირებასთან ერთად პაციენტის გვამის გაკვეთას საჭიროებს.

6. რაც ზემოთ დავწერე, იგივე შეიძლება ითქვას გრიპის ვირუსით გამოწვეული ბრონქოპნევმონიის შესახებაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილობა და გრიპის ვირუსით გამოწვეული სიკვდილობა ერთმანეთის ტოლია. ამ სტატისტიკური მონაცემების დადგენა შემდგომ კვლევას საჭიროებს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ გრიპის ვირუსით გამოწვეულ სიკვდილობას და ახალი კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილობას ერთიდაიგივე მეთოდით ვადგენდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორ მონაცემებს მივიღებთ. ამას გარდა, სიკვდილობის სწორად დადგენა შეუძლებელია, თუკი არ ვიცით, რა რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდა და მათი რა პროცენტი გარდაიცვალა უშუალოდ მოცემული ინფექციის გამო. თუკი ახალი კორონავირუსის ტესტირებას არ ვახდენთ, არც ის გვეცოდინება, თუ რამდენი ადამიანი იყო ინფიცირებული. შესაბამისად, ვერც სიკვდილობას გამოვთვლით სწორად.

7. სიკვდილის სერთიფიკატში მხოლოდ სიკვდილის უშუალო მიზეზი და სიკვდილის განვითარებაში მონაწილე მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა იყოს დაფიქსირებული, და ეს ასეც ხდება გრიპით გამოწვეული ბრონქოპნევმონიის შემთხვევაში.

8. გრიპით გამოწვეული ბრონქოპნევმონიისგან განსხვავებით, კორონავირუსით გამოწვეული ბრონქოპნევმონიის დიაგნოზის დადგენა PCR-ტესტირებით ხდება და თუკი პაციენტი გარდაიცვლება, კორონავირუსული ინფექცია სიკვდილის უშუალო მიზეზად ითვლება, რაც მცდარია და ხელოვნურად ზრდის კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობას, თანმხლები შედეგებით.

ამასთან, როცა არსებობს ეჭვი, რომ გარდაცვლილ პაციენტს კორონავირუსით გამოწვეული ბრონქოპნევმონია შეიძლება ჰქონოდა, ზოგიერთი ქვეყანა მოცემული დიაგნოზის დადასტურებას PCR-ტესტით არც კი ითხოვს, რაც, უდაოდ, კიდევ უფრო მეტ ცდომილებას შეიძლება იძლეოდეს, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდით. ეჭვგარეშეა, რომ ასეთ პირობებში COVID-19-ით გარდაცვლილად დაფიქსირებული პაციენტების რაოდენობა მოიმატებს, თუკი ასეთი მატებისთვის ფინანსური ან რაიმე სხვა სახის დაინტერესება იარსებებს. 

9. ამავე დროს, პირიქით მოქმედება ასევე შეიძლება იწვევდეს შეცდომას, კერძოდ, თუკი პაციენტის სიკვდილის უშუალო მიზეზი ან სიკვდილის განვითარებაში მონაწილე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახალი კორონავირუსით გამოწვეული ბრონქოპნევმონია იყო, მაგრამ კორონავირუსის PCR-ტესტირება არ მოხდა, მაშინ სიკვდილის სერთიფიკატში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ბრონქოპნევმონია დაფიქსირებული არ იქნება. ამის ნაცვლად სიკვდილის სერთიფიკატში შეიძლება, უბრალოდ, ბრონქოპნევმონია იყოს მითითებული, რაც ხელოვნურად შეამცირებს კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობას. კვლავაც, COVID-19-ით გარდაცვლილად დაფიქსირებული პაციენტების რაოდენობა დაიკლებს, თუკი ასეთი კლებისთვის ფინანსური ან რაიმე სხვა სახის დაინტერესება იარსებებს. სხვადასხვა ქვეყანაში, ან ერთიდაიგივე ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, ან ერთიდაიგივე ქვეყანაში ან მის ნაწილში სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის შეცდომა შეიძლება ხდებოდეს, დიამეტრულად საწინააღმდეგო შედეგებით.

10. ერთსა და იმავე პაციენტის ბრონქოპნევმონიის განვითარებაში ერთდროულად შეიძლება მონაწილეობდეს რამდენიმე პათოგენი, მაგალითად, გრიპის ვირუსი და ახალი კორონავირუსი, და ამ პათოგენებიდან ერთ-ერთი შეიძლება მთავარი გამომწვევი იყოს. თუკი მოცემულ შემთხვევაში ბრონქოპნევმონიის მთავარი გამომწვევი გრიპის ვირუსია და ახალი კორონავირუსი მხოლოდ დამატებით გამომწვევს წარმოადგენს, მაგრამ გრიპის ვირუსის დიაგნოსტირებას PCR-ტესტით არ ვახდენთ, ხოლო ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირებას - ვახდენთ, მაშინ ბრონქოპნევმონიის გამომწვევად ახალი კორონავირუსი ჩაითვლება, და არა - გრიპის ვირუსი, რაც მცდარი იქნება.

როგორ უნდა იწერებოდეს სიკვდილის სერთიფიკატი? ვთქვათ, 79 წლის, მამრობითი სქესის პაციენტს აქვს მეორე ხარისხის სიმსუქნე; შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2; არტერიული ჰიპერტენზია; და კორონარული არტერიების ათეროსკლეროზით განოწვეული გულის იშემიური დაავადება. პაციენტი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით, რამაც გამოიწვია მწვავე ორმხრივი ბრონქოპნევმონია. ამ ფონზე პაციენტს განუვითარდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გაუჩერდა გული და გარდაიცვალა. კითხვა: რა არის სიკვდილის მიზეზი მოცემული პაციენტის შემთხვევაში? სიკვდილის უშუალო მიზეზი: მიოკარდიუმის ინფარქტი, გამოწვეული კორონარული არტერიების ათეროსკლეროზით, გამოწვეული მეორე ხარისხის სიმსუქნით, გამოწვეული შაქრიანი დიაბეტით, გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიით. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი: COVID-19-ით გამოწვეული ბრონქოპნევმონია.

ავტორი: გიორგი ლომინაძე



კომენტარები