ეკონომისტი გაბრიელ ფელბერმაირი: "კორონავირუსი გაგვაღარიბებს, ვერაფერი გვიშველის"

ავსტრიას კოვიდ-19 პანდემიის გადალახვა კვირაში ოთხი მილიარდი დოლარი უჯდება, ამბობს წამყვანი ეკონომისტი გაბრიელ ფელბერმაირი

ბატონო ფელბერმაირ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა, მწარმოებლებს/კომპანიებს კოვიდ-19 ეპიდემიის “ზამთრის ძილში” შესვლა ურჩია. რამდენად შესაძლებელია ეკონომიკის გაჩერება ასეთი ფორმით?

  • საკმაოდ რთულია. ეს კომპლექსური ქსელია, რომელშიც ბაზრის ბევრი სეგმენტი ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაბმული. თუ მათგან ერთი ელემენტი გაჩერდება, ეს ყველას გაჩერებას გამოიწვევს. თუ ბევრი კომპანია გაკოტრდება, ადამიანები უმუშევრები დარჩებიან.

კოვიდ-19-თან ბრძოლისთვის მთავრობებმა/ხელისუფლებებმა ეკონომიკა ფაქტობრივად გააჩერეს (სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების გარდა). რეცესია სახეზეა როგორც ავსტრიაში, ისე გერმანიასა და სხვა ქვეყნებშიც. როგორ ფიქრობთ, რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს კრიზისი?

  • შედეგი დამოკიდებულია პირველ რიგში იმაზე, თუ რამდენი ხნით და რამდენად დაბლა დავეშვებით. ჯერჯერობით უბრალოდ გაჩერებულები ვართ, არ მუშაობს ავია-მიმოსვლა, რესტორნები და მაღაზიები დაკეტილია, მომსახურების სფერო ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს. თუმცა ჩვენ ჯერ არ ვიცით, შემოსავლის რა ნაწილს ვკარგავთ და რამდენი ხნით შევძლებთ ამ დანაკარგით არსებობას. თუკი ერთ კვირაში ქვეყნის ეკონომიკა 50 პროცენტით მცირდება, ეს ნიშნავს მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი პროცენტით შემცირებას (წლიური დაანგარიშებით). ავსტრიის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 400 მილიარდ ევროს შეადგენს. კვირაში 50 პროცენტიანი ვარდნა კი ყოველკვირეულად თითქმის ოთხი მილიარდი ევროს დაკარგვას ნიშნავს და ეს რომ მაგალითად ოთხი კვირის მანძილზე გაგრძელდეს, ჩვენ დავკარგავთ 16-დან 17 მილიარდამდე ევროს. 

სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე?

  • ჩვენ, პირველ რიგში, სამუშაო ბაზარზე გვაქვს შოკური მდგომარეობა. მწარმოებლები და მომსახურე პერსონალი სახლში არიან, პროდუქციის წარმოება აღარ ხდება, შესაბამისად ვერავინ გამოიმუშავებს ფულს. ეს ამცირებს  პროდუქტებზე მოთხოვნას იმ სექტორებშიც კი, რომლებსაც კრიზისი ჯერ არც კი შეხებიათ. ამას ემატება მიწოდების პრობლემა, რადგან კომპანიები პროდუქციის მიღებას სხვა სექტორებიდან და/ან ქვეყნებიდან ვეღარ ახერხებენ. და ბოლოს, მესამე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა: გაურკვევლობის ეფექტი. ხვალინდელი დღის მიმართ შიში და არცოდნა გვაიძულებს შევცვალოთ ჩვენი ქცევა - კომპანიები ინვესტიციებს აღარ ახორციელებენ, მომხმარებლები არაგონივრულად იქცევიან. ეს გაურკვევლობა რამხელა ქაოსს იწვევს, ეს საფონდო ბირჟაზე აქციების კურსის გაუგონარ ცვლილებაშიც ნათლად აისახება. იმის თქმა შემიძლია, რომ მსგავსი ფართო მოცულობის ეკონომიკური შოკი ომის შემდგომ პერიოდში არ ყოფილა.

ავსტრიის ხელისუფლებამ მოკლევადიანი სამუშაო სისტემა შეიმუშავა და დასაქმებულთა ხელფასების ნაწილს ანაზღაურებს. უმუშევართა შემწეობაც გარკვეულწილად შეღავათს უწევს დაზარალებულ მოსახლეობას.

  • მოკლევადიან სამუშაო სისტემაზე გადასვლას მივესალმები. ეს სისტემა, ავსტრიისა და გერმანიისგან განსხვავებით, ბევრ სხვა ქვეყანას არ გააჩნია. თუმცა ავსტრია, როგორც ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა, გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დგას: მაშინაც კი, თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება და ყველა შესაძლო გზით ეკონომიკური შოკის დაძლევა მოხერხდება, საბოლოოდ მაინც სხვა ქვეყნებზე და მათთან ურთიერთობებზე ვიქნებით დამოკიდებული. ავსტრიას საერთაშორისო მიმწოდებელთა ქსელიდან უბრალოდ გათიშვა არ გამოუვა. გარდა ამისა, მოკლევადიანი სამუშაო სისტემის ფუნქციონირებისას სახელმწიფოს მიერ დასაქმებულებისთვის გადახდილი თანხა ცოტა არაა, პირიქით, საკმაოდ დიდი ტვირთია ქვეყნის ბიუჯეტისთვის. რამდენიმე თვე შეიძლება ესე გავიტანოთ და ვალები დავაგროვოთ, მაგრამ როდისმე ამ ვალების დაბრუნებაც ხომ უნდა დავიწყოთ. მათი გადახდა აუცილებლად მოგვიწევს, საკითხავი აქ ის არის, ვალების დაბრუნების დრო როდის დადგება: მალე, მოგვიანებით თუ ნელ-ნელა (peu à peu).

ბრუნო კრეისკი ამბობდა, „ასიათასობით უმუშევრის ყოლა ჩემთვის უფრო მეტ უძილო ღამეს ნიშნავს, ვიდრე რამდენიმე მილიარდით გაზრდილი ვალიო“. უმუშევრობის მაღალი დონე ხომ პირველ რიგში პოლიტიკური პროცესების აფეთქების საფრთხეს შეიცავს.

  • გეთანხმებით. კრიზისის წინააღმდეგ ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, ვგულისხმობ, ავსტრიელებს, ევროპელებს, მთელ მსოფლიოს. ვირუსის არსებობა ხომ რომელიმე ქვეყნის ბრალი არაა. თუმცა ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს კრიზისი ქვეყნების ეკონომიკაში სერიოზულ ღრმულს დატოვებს, თუკი კომპანიები პროდუქტს არ აწარმოებენ და ადამიანები მათ ყიდვაში ფულს არ დახარჯავენ; და ამ ნეგატიური ეფექტების უბრალოდ გვერდზე გადადება არ გამოვა. ჩვენ ავსტრიასა და გერმანიაში ამ ვირუსის შედეგად გავღარიბდებით, ამას არაფერი ეშველება. ის, რაც ახლა არ იწარმოება, არ გაიყიდება, არ მოიტანს შემოსავალს. მთავრობა ახლა უძლურია, მას მართალია ვირუსისგან გამოწვეული ზარალის შერბილება შეუძლია, მაგრამ სანამ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, დიდი ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელია.

კორონა ვირუსის ევროპული ეპიცენტრი - იტალია - ავსტრიის მნიშვნელობით მეორე სავაჭრო პარტნიორია; ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც 3.3 მილიონი ადამიანი ამჟამად უკვე უმუშევარია და ჯანდაცვის სფეროს რეალური კრიზისი ემუქრება. თქვენ გერმანიაში, რომელიც ავსტრიისთვის ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, წლიური ეკონომიკურ ზრდის ტემპის 5-დან 9%-მდე ვარდნას ვარაუდობთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ეკონომიკა სამი თვის მანძილზე ასეთ არანორმალურ პირობებში იქნება. კონკრეტულად რას ნიშნავს ეს გერმანიის და/ან ავსტრიის ეკონომიკისთვის?

  • ჰმ... ახლანდელ სიტუაციაში ეკონომისტებს ზუსტად იმავეს თქმა შეუძლიათ, რასაც ვირუსოლოგები ამბობენ: არ ვიცით. ჩვენ ჩვენს სამოდელო სისტემაში მცირე ცვლილებების ახსნა შეგვიძლია, მაგალითად თუკი სამუშაო ბაზარზე პოტენციალი ერთი პროცენტით გაიზრდება ან შემცირდება. მაგრამ ეკონომიკის ნაწილობრივი დამუხრუჭების შედეგების გაანალიზებისთვის ისტორიული პარალელების მონაცემებიც კი არ გვაქვს შესადარებლად. ეკონომიკური მოდელები ასეთი შემთხვევებისთვის არ არსებობს და სწორედ აქედან გამომდინარეობს ეს დიდი გაურკვევლობა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ეს გაჩერებული მდგომარეობა (Shutdown) როდემდე გაგრძელდება და რამდენად დაბლა დაგვწევს. ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ გვაქვს. ამიტომ მხოლოდ შესაძლო სცენარების გამოთვლა შეგვიძლია, როლებსაც ცდომილების ალბათობა საკმაოდ მაღალი აქვთ. როგორც ჩანს არსებული პროგნოზებით ავსტრია უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე გერმანია. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი კოლეგები IHS-დან და WIFO -დან მართლები არიან. 

განვლილ დღეებში ხშირად გახსენდებოდათ თუ არა 1930-იანი წლების დეპრესია?

  • არა, ნამდვილად არა. 1930- იანების ისევე, როგორც 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისი გადაჭარბებული შეფასებებისა და ფინანსურ საკითხებში დაშვებული შეცდომების შედეგი იყო. ეს კრიზისი საბაზრო ეკონომიკის წიაღში აღმოცენდა და განსხვავდება იმისგან, რაც ახლა გვაქვს - ახლა გვაქვს ვირუსი, რომელმაც ჯანდაცვის სფეროს გამოუვალ მდგომარეობამდე მიგვიყვანა და რომლითაც ეკონომიკის ინფიცირებაც ხდება როგორც პირდაპირ, ისე ფსიქოლოგიურ დონეზე. გარკვეულწილად ოპტიმისტური შეიძლება იყოს იმის ვარაუდი, რომ როცა ვირუსი ჩაივლის, კრიზისიც შერბილდება; ავსტრიისა და გერმანიის ეკონომიკა კი ამ მხრივ არც ისე ცუდ მდგომარეობაშია.

თქვენ სხვა თქვენ კოლეგა ეკონომისტებთან ერთად ერთი ტრილიონი ევროს მოცულობის საერთო ევროპული ობლიგაციების (Corona-Bonds) ინიციატივა წამოაყენეთ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების კორონა ვირუსთან გამკლავებას უნდა მოხმარდეს. „ევროპულმა ერთობამ“ ახლა თავი უნდა აჩვენოსო, რატომ?

  • ზუსტად იმიტომ, რომ ეკონომიკური სისტემებს ჯერ არც ისე ცუდი მდგომარეობა აქვთ. ფინანსური კრიზისის პერიოდში ევროკავშირის ობლიგაციების მიმართ სკეპტიკურად ვიყავით განწყობილნი, რადგან სარგებელს ისეთი ქვეყნები იღებდნენ, რომლებიც დადგენილ წესებს წლების მანძილზე უგულებელყოფდნენ, მაგალითად იტალია და ესპანეთი. ავსტრიული, ფინური ან გერმანული ფულით ესპანელი ბიუროკრატების გადარჩენა არავის უნდოდა. ეს სწორიც იყო. ახლა კი ეგზოგენური შოკი გვაქვს, რომელიც ყველას ერთნაირად გვეხება და ეს წარსულში გამოჩენილი რამე უგულისყურობის ბრალი არაა. ჯანდაცვის კრიზისი ეკონომიკურ კრიზისშია გადაზრდილი და ჩვენ მისი მასშტაბების შეფასება ჯერ კიდევ არ შეგვიძლია. ახლა პოლიტიკოსების ქცევაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ახლა სუსტებსაც უნდა ამოვუდგეთ მხარში, რომ მათ კრიზისის გადალახვა შეძლონ. იტალიის საგარეო ვალის პროცენტი საკმაოდ გაზრდილია და თუ ქვეყანა რამდენიმეწლიან ეკონომიკურ დეპრესიაში ჩავარდება, ეს ავსტრიასაც შეეხება. თუ იტალია ვირუსის გავრცელების არეალი იქნება წლების მანძილზე, ე.ი. საზღვრები იქნება ჩაკეტილი, არ იარსებებს კომუნიკაცია არც ინდუსტრიის არც ტურიზმის დონეზე; იტალიაში საბანკო სექტორის კრიზისი თუ დაიწყო, ეს შემდგომში ევროპის საბანკო წრეებსაც/სისტემებსაც მოიცავს. ამიტომ კორონა-ობლიგაციები იმის სიგნალი იქნება, რომ ევროპა მზადაა მოქმედებისთვის.

ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებებმა წევრ ქვეყნებს შორის ბზარები გამოააშკარავა. ავსტრია ე.წ. „ხელმომჭირნე ოთხეულის“ ქვეყნებს შეუერთდა, რომლებსაც ბრიუსელისთვის შეძლებისდაგვარად ცოტა თანხის გადაგზავნა სურთ. ამასობაში კორონა-კრიზისის დროს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთმანეთს საბაჟო პრობლემებს უქმნიან და პირბადეებითა და სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთულ მანქანებს აფერხებენ. რამდენად შესაძლებელია ასეთი განწყობის პირობებში სოლიდარულ კორონა-ობლიგაციებზე შეთანხმება?

  • ის ფაქტი, რომ კორონა-ობლიგაციებზე პოლიტიკური შეთანხმება ახლა ალბათ ვერ მიიღწევა, არ მიშლის ხელს ამ მოთხოვნის დაყენებაში/ლობირებაში. გარდა ამისა, ახლა საზღვრების ჩაკეტვაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვდებდეთ ფსონს, რადგან ამით მხოლოდ ნაციონალიზმს გავაღვივებთ. პრობლემის გადაჭრის მეთოდები სხვაა. სინამდვილეში მთავრობები ნაციონალურ დონეზე მზად არიან ბევრი გააკეთონ, ბევრი ფული დახარჯონ, ეს კარგიცაა; მაგრამ საერთო ევროპულ დონეზე რადიკალურად განსხვავებულ სურათს ვხედავთ: უძლურებას. სუსტია თანამშრომლობის დონე, არ არსებობს ერთიანი ხედვა. თუ ამ კრიზისს ერთად არ შევუტევთ და გადავლახავთ, ეს ჩვენთვის, ევროპისთვის, კეთილდღეობის დაკარგვის ტოლფასი იქნება და მოგვიანებით სტატუს ქვოსთან დაბრუნებასაც ვეღარ შევძლებთ.

კორონა-ვირუსი ეკონომიკაში რა ცვლილებებს შემოიტანს? ახლა ჩვენ მომსწრე ვართ მაგალითად იმის, თუ რამდენად არასტაბილური იყო ბაზარზე პროდუქციის მიწოდების ქსელი.

  • ბევრ საწარმოს ახლა მოუწევს მოფიქრება, როგორ მოაწყონ მომავალში პროდუქციის მიწოდების უფრო რისკგამძლე გზები, მათ შორის უფრო მეტი საწყობის განთავსება უშუალოდ რეალიზაციის ადგილთან ახლოს. კორონავირუსი გლობალიზაციის პროცესს თუ შეაფერხებს? ალბათ კი. თუმცა სიფრთხილით ვეკიდები იმის თქმას, რომ გლობალიზაცია per se პრობლემას წარმოადგენს. წარმოგიდგენიათ, რომ ავსტრიული ბაზრისთვის პირბადეებს მხოლოდ ავსტრიაში ვაწარმოებდეთ და უცებ რამე კატასტროფის გამო წარმოება შეწყდეს? გლობალიზაციამ მოგვცა ბაზრის დივერსიფიკაციის შესაძლებლობა

მთავრობები მილიარდიან დახმარების პაკეტებს ამზადებენ, ითხოვენ საკვანძო ინდუსტრიების რენაციონალიზაციას; გერმანიაში კრიზისისგან განსაკუთრებით დაზარალებულ კომპანიებში (მაგ. ლუფტჰანზა) ჩარევასაც კი განიხილავენ. ძველი, მზრუნველი „მამა სამშობლო“ გვიბრუნდება?

  • ეგ [მზრუნველი მამა სამშობლო] ხომ სულ აქ იყო. კორონას კრიზისის დროს მას უფრო მეტი ძალაუფლება შეემატა - თავისუფლებას მკაცრად ზღუდავს, ეკონომიკაში მასობრივ ინტერვენციას ახდენს; ეს როლი ასე დარჩება და მართვის სადავეებს, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში, სახელმწიფო ხელში ბევრად ძლიერად აიღებს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. 

ეს პარადიგმათა ცვლილებას ნიშნავს 30-ზე მეტწლიანი პერიოდის შემდეგ, რა დროსაც სახელმწიფოს აქტორის როლი არ საერთოდ ჰქონდა.

  • კი, მაგრამ ეს არ არის ცვლილება კარგისკენ, არამედ ცვლილება შექმნილი გამოუვალი მდგომარეობის გამო. მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება სახელმწიფო სამომავლოდ უკეთესი მენეჯერი იყოს, ვიდრე ეს ოდესღაც იყო. ავსტრიაში სახელმწიფო საკუთრებაში გადასულ ინდუსტრიას წარმატების ისტორია ნამდვილად არ აქვს. ჩვენ პოლიტიკოსებს არ უნდა გადავცეთ საწარმოების განვითარების სადავეები, ეს უკეთესობისკენ არ წაგვიყვანს.

თუმცა თავად ბაზარმა დამოუკიდებლად შექმნა არასტაბილური სისტემა, რომელიც კორონა ვირუსის გამოწვევებს ვერ უმკლავდება.

  • ამაში ბაზარი არაა დამნაშავე. მაგალითად, ის ფაქტი, რომ არასაკმარისი რაოდენობის პირბადეები გვაქვს, არა ბაზრის, არამედ ბაზრის რეგულირების პრობლემაა, რომელსაც თავის მხრივ პოლიტიკური გადაწყვეტილება უქმნის საფუძველს. როცა ჯანდაცვის სისტემები იაფფასიანი მედიკამენტების ყიდვაზე ფოკუსირდებიან და მიწოდების შესაძლებლობებს უყურადღებოდ ტოვებენ, ამას მივყავართ უშედეგობამდე. ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ საბაზრო ქმედებები per se და ბაზრის სტრუქტურა, რომელსაც პოლიტიკა ქმნის. პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროშია ეს დიფერენცირება საჭირო, სადაც პოლიტიკამ განსხვავებული, მიმზიდველი რეგულაციებისთვის უნდა დატოვოს ადგილი. მაგრამ გლობალიზაციაზე უარის თქმა საქმის კეთების მოტივით კარგის და ცუდის ერთმანეთისგან ვერგარჩევას ნიშნავს. 

 

გაბრიელ ფელბერმაირი (43 წლის), წარმოშობით ავსტრიელი ეკონომისტია, 2019 წლიდან ხელმძღვანელობს მსოფლიო ეკონომიკის გერმანულ ინსტიტუტს ქალაქ კილში, რომელიც ერთ-ერთ წამყვან ცენტრად ითვლება გლობალური ეკონომიკის საკითხებში. ფელბერმაირი გერმანიის ფედერალური მთავრობის მრჩეველია ეკონომიკის საკითხებში და ასწავლის კილის ქრისტიან-ალბრეხტის სახელობის უნივერსიტეტში. 

ორიგინალი სტატია

თარგმანი:მარიკა ბექაური



კომენტარები