სიახლეები

სტალინიზმის აჩრდილი

90-იანი წლების ბოლოს ერთმა შრომით დაღლილმა ზესტაფონელმა კაცმა მღვდლობა გადაწყვიტა და შეუდგა კიდეც მორჩილებისა და სარიტუალო წესების შესრულებას ერთ მონასტერში. ასრულა მორჩილების წესები და შეაყვარა თავი ყველას თავისი სიწრფელითა და გამგონეობით. და აი, დადგა ჟამი მღვდლად ხელდასხმისაც, რომელიც არა მონასტრის წინამძღვარს, არამედ უფრო მაღალი, ეპისკოპოსის ტიტულის მატარებელს უნდა აღესრულებინა.  
ეპისკოპოსმა მოუსმინა მღვდლობის მსურველის ნაცნობ იერარქებს, გაესაუბრა თავად მომავალ მღვდელსაც და ისისიყო გადაწყვეტილებაც უნდა მიეღო, ბოლო, შემაჯამებელი შეკითხვა დაუსვა, რომელიც ორიოდსიტყვიან ფორმალურ პასუხს მოითხოვდა:  
— მზად ხარ, შვილო ჩემო, მღვდლობის უმძიმესი ჯვარი იტვირთო?!  
ამ ყოვლად უწყინარ და, ფაქტობრივად, ფორმალურ შეკითხვაზე მღვდლობის მსურველმა შემდეგი პასუხი გასცა:  
— ზესტაფონში ხუთი წელიწადი  მეტალზე ვმუშაობდი და სავსე ტომრებს რომ მოვიგდებდი ხოლმე ზურგზე, ხუთ კილომეტრის მანძილზე არ ვუშვებდი ძირს და რა უნდა იყოს ახლა ეს ჯვარი ისეთი, რომ ვერ ვატაროო...  
რამ გამახსენა და... ნიკა გვარამია ეუბნება მიხეილ სააკაშვილს, ეკა ამბობდა, კვესიტაძე, მიშა უდიდესი მასშტაბის პოლიტიკოსი იყოო, მაგრამ დეტალებს ვერ აქცევდა სათანადო ყურადღებასო და მიშამ: რა დეტალებს არ ვაქცევდი ყურადღებას?! რა დეტალებს არ ვაქცევდი ყურადღებას - ზეპირად ვიცოდი ყველა სვანური კოშკის რეკონსტრუქციის მაკეტიო...  
რატომ ისევ მიშა?! 
მართლაც საზღვარგარეთ გადახვეწილი ექსპრეზიდენტი რატომ არის აქტუალური დღევანდელ პოლიტიკაში?! არადა, ფაქტია, რომ არის. რა ფენომენია ეს? ეს არის ზუსტად ის ფენომენი, რატომაც სტალინია პოპულარული სტალინისტებში. ამას ჰქვია სტალინიზმი. (რადგან ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი ფიგურა სტალინია, ამიტომ ვუწოდებ ასე, თორემ სხვა შემთხვევაში შეიძლება გვეწოდებინა მაოიზმი, კიმიზმი და სხვა ნებისმიერი ბელადის სახელი.) და ამ გრძნობით მასების აღვსება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მხოლოდ სააკაშვილს შეუძ₾ია დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზე. 
ეს გრძნობა არის ლტოლვა ბელადისადმი და ეს ლტოლვა ადამიანში ჩაკირულია მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესების შედეგად. 
რასაკვირველია, ამ ლტოლვას  ამოცნობა და თარგუნვა სჭირდება.  
ბელადისადმი ლტოლვით შეპყრობილის ნიშნები: 
ბელადის დანახვისას იპყრობს ამოუცნობი სიამოვნების შეგრძნება და ხელიდან არ უშვებს მისი ნახვის/დანახვის/მოსმენის შანსს.  
იპყრობს დაუძლეველი სურვილი ბელადით თავისი აღფრთოვანება გაუზიაროს სხვებსაც. 
მისი ლტოლვა არაა დამყარებული რაიმე სახის შეხედულებებზე. შესაბამისად, მას შეუძლია სულ სხვა იდეოლოგიურ მიმდინარეობას დაუჭიროს მხარი, თუკი ბელადი ამას მოისურვებს. აგრეთვე, შესაძლოა, გუშინდელი მეგობარი დღეს მტრად გამოაცხადოს და პირიქით.  
ბელადისადმი სიყვარულის გამო შუძლია დაუპირისპირდეს ახლობელ ადამიანსაც და მისადმი მტრულად განეწყოს. არ ერიდება შეურაცხყოფის მიყენება და “ადგილის მიჩენა”.  ცხადია, ამას აცხადებს არა ბელადისადმი, არამედ სამშობლოსადმი და ჭეშმარიტებისადმი მსახურებად და მართლაც ასე ჰგონია. 
ბელადის დაცვა და “მოწინააღმდეგის” გაშავება მისთვის წმიდათაწმიდაა და არ იშურებს არც ენერგიას, არც ადგილის შეუსაბამობას. მზადაა თავგამოდებისთვის შინ თუ გარეთ, ავტობუსსა თუ მეტროში, წვეულებაზე თუ საკონცერტო დარბაზში...  
ღრმადაა დარწმუნებული, რომ ბელადი გარეშე ქვეყანა და ხალხი დაიღუპება.  
სიძულვილითაა განწყობილი ბელადის მოწინააღმდეგეების, როგორც ასევე სამშობლოს მტრების მიმართ და მზადაა მხარი დაუჭიროს ასეთთა დამცირებას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მაგალითად, მიწისქვეშა საკანში ბორკილებით დაბმას, განადგურებასაც კი.  
ბელადისადმი ლტოლვა განურჩევლად ახასიათებს ნასწავლსაც და უსწავლელსაც, სოფლელსაც და ქალაქელსაც, ახალგაზრდასაც და ხანშიშესულსაც, ქალსაც და კაცსაც, მდიდარსაც და ღარიბსაც.  არა ყველას, რასაკვირველია. 
საქართველოს უახლესი ისტორია ადასტურებს ასეთი ამომრჩევლის არსებობას. მეტიც, ასეთ ამომრჩეველს გადამწყვეტი როლიც კი უთამაშია პროცესების განვითარებაში. მაინც, რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს ასეთი ამომრჩეველი? ასეთი ადამიანები შეიძლება იყოს დაახლოებით 20 %. მაგრამ რა ბედენაა ეს 20 %? როგორ უნდა ითამაშოს ასეთმა მცირე რიცხვმა საბედისწერო გავლენა პროცესებზე?  
სამწუხაროდ, მხოლოდ ეს 20 % არ მუშაობს არჩევნების შედეგებზე. საქმე ის გახლავთ, რომ დაახლოებით კიდევ 20 % ანტიბელადიზმითაა შეპყრობილი.  
ანუ: თუკი თქვენ მიგაჩნიათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ბელადიზმის რვა ნიშნიდან არც ერთი არ გახასიათებთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ბელადიზმისგან თავისუფალი ხართ. შესაძლოა, თქვენ ანტიბელადიზმით იყოთ შეპყრობილი, რაც ბელადიზმისგან დიდად არც განსხვავდება. დავახასიათოთ ანტიბელადიზმით შეყრობილები იმ რვა მახასიათებლის მიხედვით: 

ბელადის დანახვისას იპყრობს ამოუცნობი უსიამოვნების შეგრძნება, მაგრამ ამისდა მიუხედავად არ ცდილობს თავი აარიდოს მის ნახვას/ყურებას/მოსმენას.
იპყრობს დაუძლეველი სურვილი ბელადის მიმართ თავისი სიძულვილი გაუზიაროს სხვებსაც. 
მისი სიძულვილი არაა დამყარებული რაიმე სახის შეხედულებებზე. თუკი ბელადი მის მიერ გაზიარებულ შეხედულებას დაუჭერს მხარს, ეს არ იქნება სიძულვილის განელების მიზეზი. 
ბელადისადმი სიძულვილის გამო შუძლია დაუპირისპირდეს ახლობელ ადამიანსაც და მისადმი მტრულად განეწყოს. არ ერიდება შეურაცხყოფის მიყენება და “ადგილის მიჩენა”.  
ბელადის ლანძღვა და “ბელადისტის” გაშავება მისთვის წმიდათაწმიდაა და არ იშურებს არც ენერგიას, არც ადგილის შეუსაბამობას. მზადაა თავგამოდებისთვის შინ თუ გარეთ, ავტობუსსა თუ მეტროში, წვეულებაზე თუ საკონცერტო დარბაზში...  
ღრმადაა დარწმუნებული, რომ ბელადისა და მისი მიმდევრების (ხშირად მათ მონებად, არასრულფასოვან ადამიანებად მოიხსენიებს.) მიზეზით ქვეყანა და ხალხი იღუპება.  
სიძულვილითაა განწყობილი ბელადის მხარდამჭერების, როგორც სამშობლოს მტრების მიმართ და მზადაა მხარი დაუჭიროს ასეთთა დამცირებას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მაგალითად, მიწისქვეშა საკანში ბორკილებით დაბმას, განადგურებასაც კი.  
ბელადისადმი სიძულვილი, ანტიბელადიზმი განურჩევლად ახასიათებს ნასწავლსაც და უსწავლელსაც, სოფლელსაც და ქალაქელსაც, ახალგაზრდასაც და ხანშიშესულსაც, ქალსაც და კაცსაც, მდიდარსაც და ღარიბსაც. 

რამდენი იქნება ჩვენს საზოგადოებაში ანტიბელადიზმით შეპყრობილი ადამიანი? ისინიც, როგორც უკვე ვთქვით, დაახლოებით 20 %-მდე.  
შესაბამისად, ბელადისტები და ანტიბელადისტები საერთო ჯამში 40 %-ს არ უნდა აღემატებოდნენ. მაგრამ ეს იქნებოდა ნორმალურ სიტუაციაში. (თუმცა, ნორმალურ სიტუაციაში გაცილებით ნაკლები იქნებოდა მათი რიცხვი. მაგალითად, იმდენივე, რამდენიც დღეს სტალინისტები არიან.) ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება დაძაბონ, გაამძაფრონ ზემოთ დასახელებული რვა-რვა ნიშნის მოქმედების არეალი, არ მოერიდონ სიტუაციის გამწვავებას, სისხლის დაღვრასაც კი, რათა თავისი (ბელადის/ანტიბელადის) უპირატესობა დააჯეროს რაც შეიძლება მეტ ადამიანს. შესაბამისად, მათი მხარდამჭერების რიცხვი იმატებს 33, 3 %-მდე, ერთი მხრივ. და ამ დიქოტომიას მიღმა დარჩენილთა რიცხვიც 33,3 %-მდე დადის და ამასთან ასეთი ადამიანები კიდევ უფრო პასიურდებიან გავეშებული ბელადისტებისა და ანტიბელადისტების ფონზე. ისინი, ამ ორი მესამედის წარმომადგენლები, უარეს მოღალატეებად აცხადებენ იმათ, ვინც არც ერთ პოზიციას არ უჭერენ მხარს.  
დარჩენილ მესამედს ახასიათებს ორი მთავარი ნიშანი: საკუთარი ზნეობრივი პრინციპებისადმი ერთგულება და ფრაგმენტულობა - ისინი არ არიან ერთიანნი. მათ არ მიაჩნიათ გადაუდებელ აუცილებლობად გარკვეული ზნეობრივი (ანუ მორალური ანუ ეთიკური) პრინციპებისადმი ერთგულების გვერდზე გადადება და პასიურობას არჩევენ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის შედეგადაც ბელადიზმი და ანტიბელადიზმი ფეხს იკიდებს საზოგადოებაში და თავს ახვევს თავიანთ წესებს, მაშინ, როდესაც არაანგაჟირებულ მესამედს შეუძლია თვითონ აიღოს ინიციატივა ხელში და მარგინალებად სწორედ ისინი აქციოს.  
ამას კი გამბედაობა სჭირდება. სიმამაცეა საჭიროა. ეს არ ნიშნავს იმ მიუღებელი ქმედებების გამეორებას, რასაც ყოველგვარი ზნეობრივი ფილტრის გარეშე მიმართავენ ბელადისტები და ანტიბელადისტები - ყოველგვარი სიურცხვის მიღმა რომ მოუწოდებენ მორალისკენ (ანუ ზნეობისკენ, ანუ ეთიკისკენ) სხვებს, საკუთარი ფსკერამდე ამორალობის არად მიმჩნევნი.  
ამ მხარეებისადმი მიუმხრობლობა იმას კი არ გულისხმობს, რომ ადამიანები არც ერთი მხარეს არ უნდა უჭერდეს მხარს და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ ჰქონდეს. პირიქით. თქვენც მართალი ხართ და თქვენც მართალი ხართ, არ გამოდის... კონკრეტული მაგალითი გავიხსენოთ. 
1989 წლის ჩანაწერში, — ყველა იცნობს, — ეროვნული მოძრაობის ერთი ჯგუფის წევრები კრემლის/კაგებეს აგენტობას აბრალებენ მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს. არის განხილვა, ყვირილი, მუქარა და გინების კორიანტელი. იმ „სასამართლოზე“ მიწვეული იყო ე. წ. ნეიტრალური მხარე აკაკი ბაქრაძის, ნოდარ წულეისკირისა და გურამ გეგეშიძის სახით (თუ სწორად ვიცი. ყოველ შემთხვევაში აკაკი ბაქრაძე ნამდვილად იყო.). აკაკი ბაქრაძემ ამბობს სიტყვას იმ შეხვედრაზე, ოღონდ ეს სიტყვა არის ლიტერატორისა და პუბლიცისტის სიტყვა და არა პოლიტიკოსის. ნაცვლად იმისა, რომ მას ემხილებინა უაპელაციო ბრალდებები და იარლიყების მიწებება და გამიჯვნოდა აგრესიულ მხარეს, მან დაიწყო ორივე მხარის დამუნათება და ფერება, რომ თქვენ უნდა გაერთიანდეთ, საქართველოს ასე სჭირდებაო... ეს, რასაკვირველია, სწორი და ამაღლებული პოზიცია იყო იმ მხარეებთან შედარებით, მაგრამ არ იყო საკმარისად გაბედული... 
კრემლისა და კაგებეს ჭეშმარიტი მიზანი მაშინაც და ახლაც იყო საზოგადოების პოლარიზაცია. მოვლენების რადიკალიზაცია. არა მრავალფეროვნება, არამედ ორფეროვნება. დაიდო კიდეც 1990 წლის 28 წლის არჩევნებზე ორფეროვანი შედეგი, რაშიც თა ვისი როლი შეასრულა სწორედაც რომ პოლარიზაციამ და ამაში მაშინდელი ხელისუფლების ხელშეწყობამ (სამაგალითოდ შეიძლება გავიხსენო 1990 წლის არჩევვნებისწინა სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც გამოაცხადეს „მოამბეში“, რომ ვინმე აბაშელმა (შეიძლება ზუსტად არ მახსოვდეს რაიონი.) კაცმა თავი ჩამოიხრჩოო და წერილი დატოვა, სადაც გმობს კომუნისტურ პარტიას და ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს ხალხსო. შეგახსენებთ, ხელისუფლებაში ჯერ კიდევ კომუნისტები არიან საქართველოს კაგებეს ყოფილი უფროსის გივი გუმბარიძის მეთაურობით (მისწრება იქნება ჩვენთვის გივი გუმბარიძის გამოკითხვა!)...
საზოგადოების პოლარიზაცია მეტი შემართებით გაგრძელდა 1990 წლის არჩევნების შემდეგ და 1992 წელს ქვეყანა, არა მხოლოდ საზოგადოებრივ ჭრილში, არამედ ტერიტორიულადაც, ორად გაიყო... 1993 წელს, სოხუმის დაცემის შემდეგ, რაღაც შეხვედრაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრ გრაჩოვს შევარდნაძე-გამსახურდიას მორიგების გეგმა წარმოუდგენია საქართველოს რუკის სახით, სადაც ლიხის ქედზე წითლად იყო გაყოფილი საქართველო, ნიშნად რუსული სამშვიდობი ძალებისა: - აღმოსავლეთში შევარდნაძე იყოს, დასავლეთში გამსახურდიაო. ამ გეგმით საქართველო სრულიად კარგავდა აზრს დასავლური სამყაროსთვის და სრულად რჩებოდა რუსეთზე დამოკიდებულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად, „სახელმწიფოებად“.
მაშინ ამ გეგმის განხორციელებას ავცდით, მაგრამ რუსეთი დღემდე ინარჩუნებს თავის სტრატეგიულ ინტერესებს საქართველოში, რადგან ტერიტორია თუ არაა ორად გაყოფილი, გაყოფილია საზოგადოების ცნობიერება. საზოგადოების ერთაზროვნება ნამდვილად არაა დასავლური მახასიათებელი, პირიქით, მრავალფეროვნებაა იქაური მოქალაქეებისთვის დამახასიათებელი. მაგრამ ორად გაყოფილი საზოგადოება, რომლის ერთი ნაწილი მტრად აცხადებს მეორეს და რადიკალურად უპირისპირდება, მიუღებელია ევროპული სივრცისთვის. საზოგადოების პოლარიზება - ეს ერთ-ერთი ნიშანია, რასაც წუხილით აღნიშნავენ ხოლმე ჩვენი უცხოელი მეგობრები. 
ერთ-ერთი საჭირო კომპონენტი სააზოგადოების პოლარიზებისა, სწორედ ბელადია. მით უმეტეს, თუკი ეს ბელადი სიტყვით ერთობაზე ქადაგებს, მაგრამ საქმით მტრად აცხადებს თავისი მომხრეებისოდენა მოწინააღმდეგეებს. მეორე მხარესაც სწორედ ეს სიძულვილი და შიში ამობილიზებს და კრავს... ასეთი საზოგადოებისთვის ყველაზე დამახასიათებელი  ნიშანია ლაპარაკის მიუღებლობა. ერთი მხარეც და მეორე მხარეც აცხადებს, რომ არ დაელაპარაკება მოწინააღმდეგეს. იმაზე ხომ აღარ ვლაპარაკობ, რომ ერთი მხარე გამორიცხავს მეორე მხარესთან კოალიციური მთავრობისთვის გასამართ მოლაპარაკებებს. მაგრამ, თუკი ოპოზიციას კიდევ შეიძლება ეპატიებოდეს ასეთი რადიკალიზაცია, ასეთი რამ მიუტევებელია ხელისუფლებისთვის. რას ჰქვია, არჩევნების შემდეგ არ დაუშვებს კოალიციური მთავრობის შექმნას მოწინააღმდეგე მხარესთან?! აბა, მოქალაქეების განწყობას შეცვლის?! ამისთვის უნდა პარლამენტში არაპროპორციულად ასახვა ამომრჩეველთა ნების?! 
ლაპარაკი არ ნიშნავს ენის მოჩლექას... ამ მხრივ ერთადერთი თანმიმდევრული ძალა არის გირჩი. გასაკვირია, როგორ ავლენს ამხელა სამოქალაქო ცნობიერებასა და პოლიტიკურ სიმწიფეს ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ჯგუფი... ამასთან, გირჩის პოლიტიკოსები ენის მოჩლექით არ ელაპარაკებიან არც ერთ მხარეს. მთავარი ლაპარაკი და შეთანხმება კი არა, არამედ საგნობრივი და შედეგიანი ლაპარაკია. შესაბამისად, ნებისმიერი პირობა უნდა შესრულდეს, პირობის გამტეხი ნდობას ვერ დაიმსახურებს.  
მოკლედ, ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანა უნდა იყოს ბელადიზმითა და ანტიბელადიზმით შეპყრობილი ამომრჩევლებისგან განსხვავებული არჩევანის რაც შეიძლება მაღალი პროცენტის დაფიქსირება. ნებისმიერი მოწოდება იმის შესახებ, რომ ახლა ამის დრო არ არის და ბელადის ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ ხელისუფლების დასამარცხებლად, არის დროის დაკარგვა. დროის დაკარგვა არაპორალიზებული საზოგადოების, ევროპული ქვეყნის აშენების გზაზეა, თორემ საბჭოური სისტემისა და სტალინიზმის სულისკვეთების შესანარჩუნებლად, პირიქით, მშვენიერი სტრატეგიაა. 
ზემოთ გირჩის ახალგაზრდა პოლიტიკოსების სიმწიფე ვახსენე და ამ ფონზე გასაკვირია-მეთქი სხვა, გამოცდილი პოლიტიკოსების პოზიციები. სერიოზული ეჭვები ჩნდება, ხომ არ ამოძრავებთ იმ გამოცდილ პოლიტიკოსთაგან გარკვეულ ნაწილს არა დასავლური, არამედ ანტიდასავლური საბჭოური ზრახვები? თუმცა, ეს სხვა წერილის თემაა და ამაზე - სხვა დროს. 

ავტორი: გიორგი ჭაუჭიძე

კომენტარები