როგორ "გავზომოთ" კარგი საზოგადოება?

ერთხელ, შინაურ ატმოსფეროში, კარგი წითელი ღვინის ჭიქით ხელში, დასავლური ლიბერალური კაპიტალიზმის დამცველი ინტელექტუალი და მისი სიყრმის მეგობარი, ამჟამად სულიერი მოძღვარი, თანამედროვე საზოგადოებების ნაკლებსა თუ უპირატესობებზე დავობდნენ.
დასავლელის არგუმენტაციის ჯაჭვის კულმინაცია ყოველთვის ე.წ. კეთილდღეობა გახლდათ. მისთვის ცხადი და ბუნებრივი დაშვება გახლდათ ის რომ, სწორედ ამ კეთილდღეობისკენ იღვწის ადამიანთა უმრავლესობა (ასკეტების გამოკლებით). მოძღვარი კი სრულიად ლეგიტიმურად სვამდა შეკითხვას: რა იცი რომ კეთილდღეობაშია ბედნიერება?

რა ობიექტური საზომი გაგვაჩნია იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობა თავს თავისუფალ, ქაოტურ და კაპიტალისტურ “წეწვა გლეჯაზე” დაფუძნებულ საზოგადოებაში უფრო კომფორტულად იგრძნობს?
არადა მართალია კაცი. იქნებ ჯობდეს შევეშვათ წეწვა-გლეჯვას, ყველა რაღაც ერთ სიკეთეზე შევთანხმდეთ. თითოეულმა რაღაც თვის სურვილებზე უარი თქვას. ვისაც არ აწყობს, ნუ ის დაიჩაგრება ცოტათი, რა ვქნათ. სამაგიეროდ ჯამში ყველა უფრო ბედნიერი შეიძლება იყოს. არის ასეთი საზოგადოებებიც ამ ქვეყნად. გვაქვს დიქტატურები როგორებიცაა თურქმენეთი, თეოკრატიები როგორიცაა ირანი, კომუნიზმები როგორიცაა კუბა, და ა.შ. რა ვიცით რომელია უფრო ბედნიერი იქ მცხოვრები უმრავლესობისათვის? როგორ შევადაროთ ობიექტურად ამა თუ იმ საზოგადოების ე.წ. სიკარგე მასში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობისათვის?

რაღაცნაირად დათვლილი ბედნიერების ინდექსი

მოდი, ვეცადოთ ვიპოვოთ შეფასების ისეთი კრიტერიუმი, რომელიც ყველასათვის დაკვირვებადი და ერთნაირად მისაღები იყოს. ვიპოვოთ მაჩვენებელი რომელიც ცალსახად გვეტყვის რა ურჩევნია ხალხის უმრავლესობას.

ფულები დავთვალოთ?

ხშირად მოყავთ GDP per capita და მსგავსი სტატისტიკური მონაცემები ამა თუ იმ ქვეყნის სიკარგის დასასაბუთებლად. ქვეყნის ყველა სტატისტიკური მონაცემით თუ ვიმსჯელებთ ჩრდილო კორეაში მოსახლეობას მატერიალურად უკიდურესად უნდა უჭირდეს. ბევრი რამ აკლიათ ანუ (ისევ იმ ტერმინოლოგიას მოვიშველიებ) ერთი სიტყვით არ აქვთ კეთილდღეობა. სამაგიეროდ შეხედეთ ამ სახეებს, ნუთუ ეს ჩრდილოკორეელი გოგონები უბედური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ?

მხოლოდ ფულსა და მატერიალური სიკეთეს ხომ არ მოაქვს ბედნიერება. ხომ შეგიძლი იყო ღარიბი მაგრამ ამაყი, ღირსეული, სულიერად აღვსილი? ბოლობოლო შეგიძლია ისე აღევსო დიდებული ბელადის სიყვარულით რომ ყველაფერი დანარჩენი გეკიდოს ამ ქვეყნად. ანუ ფული ყველასათვის მისაღებ ობიექტურ საზომად ვერ გამოდგება.

ხალხს ვკითხოთ?

დავუბრუნდეთ ჩრდილოკორეელ გოგონებს. ესენი რომ გამოკითხო ყველა გეტყვის ბედნიერი ვარო. კაცმა არ იცის შიშის გამო იტყვის ასე, თუ მართლა ასე სჯერა ალტერნატივის არ ცოდნის გამო. ბედნიერება იმდენად სუბიექტური რამაა, რომ რა იცი, იქნებ მართლაც ბედნიერად არიან? იქნებ ჯობია “ოდნავ” ჩაგრული არცოდნასა და არქონაში საკუთარ თავს ბედნიერად გრძნობდე, ვიდრე ამ კაპიტალისტურ მორევში გჭირდეს ეგზისტენციალური კრიზისები და სამაგიეროდ“ვითომ” თავისუფალი იყო.
იქნებ მართლები არიან საბჭოთა კავშირის ფანები რომლებიც ამტკიცებენ - მაშინ უფრო კარგი ცხოვრება იყოო? დარწმუნებული ვარ საბჭოთა კავშირში ან ჩრდილო კორეაში კმაყოფილების ინდექსი გამოკითხვის შედეგად რომ დაედგინათ, ცალსახად გაუსწრებდნენ ნორვეგიასა და შვედეთს სადაც ხალხი ძალიან ბევრს წუწუნებს და ჩივის. ანუ ხალხის პირდაპირი გამოკითხვაც გამოირიცხა. ანუ მთელი ეს ხალხის ნების გაცხადება, არჩევნები და ა.შ. ტუფტაა.

მაშ როგორ გამოხატავს ადამიანი ყველაზე გულწრფელად იმას კმაყოფილია თუ არა თავისი ცხორებით?

მატერიალიზებული პასუხი

ავიაციის მუზეუმის ეს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ექსპონატი ერთი თვის წინ კიდევ ერთხელ მოვინახულე მეგობრებთან ერთად. ვინმე თუ მახლავს ყოველთვის მიმყავს და ამ საფრენ აპარატთან დაკავშირებულ ისტორიას აღტაცებით ვუყვები ხოლმე. თქვენც მოგიყვებით.

ეს თავისი თვისებებით გენიალური თვითმფრინავი შექმნილია გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. გამოყენებულია მხოლოდ უიაფესი საყოფაცხოვრებო მასალები და მოტოციკლის ძრავები. აქვს იდეალური აეროდინამიკა. შეუძლია ნებისმიერი მინდვრიდან აფრენა და იტევს 5 ადამიანს.
ტრაგიკული მისი დანიშნულებაა. აპარატი შექმნა გენიოსმა ინჟინერმა თავის ოჯახთან ერთად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან დასავლეთში გაქცევის მიზნით. იგი დააპატიმრეს და ჩააციხეს. კაცს სოლიდური სამსახურიც ქონდა, არც ფინანსურად უჭირდა, მაგრამ რატომღაც არჩია თავისი გენია და მრავალი წლის შრომა სოციალისტური სამშობლოს კეთილდღეობისკენ კი არ მიემართა, არამედ გადაწყვიტა ეს ტექნიკის საოცრება სოციალისტური სამშობლოსგან თავის დასაღწევად შეექმნა.
ეს ერთეული შემთხვევა როდი გახლდათ. ბერლინში ე.წ. გაქცევის მუზეუმიც კი არსებობს სადაც იმ ადამიანთა ამბები და მათთან დაკავშირებული ნივთებია თავმოყრილი, რომლებიც DDR-იდან წარმატებით თუ წარუმატებლად გარბოდნენ. ჯამში 2 მილიონამდე ადამიანმა დატოვა სოციალისტური გერმანია და გადავიდა ფედერაციულ რესპუბლიკაში. პირიქით? არ ვიცი? მემგონი არც არავინ.

მიგრაცია

თუ დავუშვებთ რომ ადამიანი ტოვებს იმ ადგილს სადაც არ მოსწონს და მიდის იქ სადაც ურჩევნია (მემგონი ყველასათვის მისაღები დაშვებაა) მიგრაციის ნაკადის მიმართულება იქნება სწორედ ის საზომი, რომელიც გვეტყვის რა ურჩევნია ადამიანების უმეტესობას სინამდვილეში.

მსოფლიო მიგრაციის სტატისტიკას თუ შევისწავლით დავადგენთ, რომ მსოფლიო რუკაზე ჩითავს ქვეყნები სადაც შეუდარებლად მეტი ადამიანი შეედინება ვიდრე გამოედინება. ან პირიქით არის ცალსახად ცუდი ქვეყნები საიდანაც ხალხი გარბის.
 

ვენესუელიდან ლტოლვილები

როგორც არ უნდა ვატრიალოთ რუკები და რიცხვები ერთი ტენდენცია ცხადია — ხალხი მიედინები ნაკლები კეთილდღეობის მქონე ქვეყნებიდან მეტი კეთილდღეობის მქონე ქვეყნებში. ანუ ადამიანთა გაზომვადი, რიცხობრივი უმრავლესობა — და ამას ხაზი მინდა გაუსვა, ისე სადღეგრძელოს პონტში ნათქვამი —”არ გავცვლი სალსა კლდეებსა” და “არცერთი ვენესუელელი არ დათმობს სამშობლო მიწის უკანსაკნელ გოჯს” — არა, საყოველთაო ფაქტია რომ მილიონობით ადამიანი ყველაფერს უკან ტოვებს და უკეთეს ცხოვრებასა და კეთილდღეობას მისდევს კუდში.
ანუ მიგრაცია არის ის უტყუარი და ობიექტური მაჩვენებელი რომელიც ცალსახად მიგვითითებს სად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ადამიანების უმრავლესობა. ადამინებს ურჩევნიათ კეთილდღეობა სიღარიბეს, თავისუფლება — დიქტატურასა და თეოკრატიას.

პროფესორ რიქსენის ბაბუის სამშობლო

პროფესორი რიქსენი ამჟამად ერთ-ერთი ევროპული უნივერსიტეტის მნიშვნელოვან ფაკულტეტს ხელმძღვანელობს. ჯერ საქმიანი მიზეზით გავიცანი, მერე დავმეგობრდით და ერთმანეთის უკეთესად გაცნობისას ცხადია ერთმანეთის წარმომავლობა გამოვიკითხეთ.
მისი კილოდან გამომდინარე დარწმუნებული ვიყავი რომ ბელგიელი ან ელზასელი იქნებოდა. ფრანგული ენის ჰაეროვანი სიმსუბუქე და მიუხედავად ამისა სწორად გამოთქმული მკაფიო გერმანული თანხმოვნები მეტყველებდა მის ორენოვან წარმოშობაზე.
ჩემი educated guess-ი ამაყად მივახალე. მან კი საოცარი ამბავი მომიყვა საპასუხოდ, რომელსაც ეხლა გაგიზიარებთ.
პროფესორი რიქსენი და მისი წინაპრები თავს არც ერთი ერის წარმომადგენლად არ აღიარებდნენ. ისინი დღემდე თავს ამაყად არარსებული სახელმწიფოს Neutral-Moresent-ის შვილებად თვლიან.
მოკლედ ნაპოლეონის ომების შემდეგ 1814 წელს ვენის კონგრესზე ევროპის ხელახალი დაყოფა მოხდა. მცირე სადაო ტერიტორიაზე პრუსიასა და ჰოლანდიას შორის (შემდგომში გერმანია და ბელგია) ვერ მოილაპარაკეს, არ ვიცი შეგნებულად თუ შემთხვევით გამოტოვეს და აღმოჩნდა რომ პაწაწინა სამკუთხედი არც ერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნოდა, არც ჯარი იდგა ზედ, არც მთავრობა იყო და არც ხელისუფლება.

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესია (?)

წარმოიდგინეთ ომის შემდგომ პერიოდში სადაც გაჭირვება, ძალადობა და ძარცვა სუფევდა მთელს კონტინენტზე, რა ბედი ეწეოდა უპატრონოდ დარჩენილ სოფლებსა და ქალაქებს. ბუნებრივია ივარაუდო, რომ ეს ტერიტორია განუკითხაობისა და ქაოსის ბუდედ იქცეოდა, ხალხი დატოვებდა სახლკარს და გაიქცეოდა.
მოხდა საპირისპირო. მოსახლეობა პირველ 10–15 წელიწადში გაათმაგდა და თავისი 100 წლიანი არსებობის მანძილზე განუხრელად იზრდებოდა. ხალხის ტევა არ იყო ამ მიწის პაწაინა ნაგლეჯზე. ემიგრანტები არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან მოედინებოდნენ, არამედ ამერიკიდან და ჩინეთიდანაც კი ჩამოდიოდნენ სპეციალურად.

ინდუსტრია, მრეწველობა, გართობისა და მომსახურების სფეროები აყვავდა მიუხედავად იმისა, რომ არც სავალდებულო სასამართლო სისტემა არსებობდა, არც პროფკავშირები და არც რაიმე სხვა ტიპის სახელმწიფოებრივი სერვისი ფუნქციონირებდა ამ ტერიტორიაზე.
ეს იყო ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც არც განსაკუთრებული პატრიოტიზმი ამოძრავებდათ, არც მეფე ყავდათ რაიმე თავდადებული, არც დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, არც მსოფლიოში უნიკალური ენა და დამწერლობა გააჩნდათ და არც რკინის ხელთათმანიანი ლიდერი, მსოფლიო რომ ჩექმის ქვეშ ყავს მოქცეული ისეთი. ყველა თავისთვის იყო, მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ და იყვნენ ასე სხვებზე ბევრად უკეთესად. ამას რა საფუძვეზე ვამტკიცებთ? იმიტომ რომ ცუდად რომ ყოფილიყვნენ მოსახლეობა არ გაათმაგდებოდა! ხალხი გაიქცეოდა, მათ ხომ DDღ-ისაგან განსხვავებით იმ უპტარონო ადგილას არავინ არ აკავებდა.
ძლიერი ხელი გვჭირდება და მაშინ იქნება კაი ცხოვრებაო, ვინც გეტყვით იმას მოუყევით ეს ორი ამბავი. უფროსი თაობის მართლა მესმის, ასე გაიზარდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად გული მაშინ მტკივა ხოლმე ასეთი “ძალა ერთობაშია” და “ძლიერი ხელი” ბაზარი ახალგაზრდებისგან რომ მესმის.

მე და ჩემი დასკვნა

კარგი საზოგადოების შესაქმნელად უამრავ ადამიანთან მოლაპარაკება, იმის შესახებ თუ რაა სწორი და მართებული ყველასათვის ერთად, ძალზე რთული და პრაქტიკულად შეუძლებებლია. თქვენი ამბავი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად სხვასთან კი არა საკუთარ თავთან მიჭირს ხოლმე ერთ აზრზე შეთანხმება. ხანდახან დილას ერთი რამ მინდა, საღამოს სხვა, ერთი წლის წინ რაც მართებული მიმაჩნდა დღეს აღარ ვეთანხმები და როგორ გინდა ეხლა მილიონობით ადამიანს შეუთანხმდე ისეთ სუბიექტურ რამეზე, რასაც ბედნიერი საზოგადოება ქვია. ჰოდა როგორც ჩანს კაცობრიობის უმრავლესობაც ჩემსავითაა. საუკუნეებია ადამიანთა უწყვეტი ნაკადები მიედინებიან იმ ადგილებიდან სადაც ყველამ იცის ის ერთი რამ რაც უნდათ, იქითკენ სადაც ყველა თავისთვის ახურებს და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს.

დამატებითი ინფორმაცია და წყაროები:

Deutsches Museum: DOWA 81

This homebuilt aircraft was designed and built to enable a family of five to escape from East to West Germany in 1981, but has never flown. The family were arrested the day before their planned escape. They were charged with 'Preparing an illegal border crossing in a heavy case', convicted and imprisoned for one year.

Global Migration Data Portal

The Portal aims to serve as a single access point to timely, comprehensive migration statistics and reliable information about migration data globally. The site is designed for policy makers, national statistics officers, journalists and the general public interested in migration.

 

Neutral Moresnet

Neutral Moresnet ( French pronunciation: ​) was a small Belgian- Prussian condominium in central-western Europe that existed from 1816 to 1920 and was jointly administered by the United Kingdom of the Netherlands ( Belgium after its independence in 1830) and the Kingdom of Prussia.

 

The Ones Who Walk Away from Omelas

What I love about BTS's MVs is that they're up for interpretation. The songs and the music videos that go with them can mean different things toWhat I love about BTS's MVs is that they're up for interpretation. The songs and the music videos that go with them can mean different things to different people.

ავტორი: გიორგი მამალაძე 



კომენტარები