სიახლეები

93 Views
პოლიტიკა

ის ხალხი დააწინაურეს, ვინც ეს უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი ჩააგდო - გიგა ბოკერია

დღეს გაირკვა რომ ფორმალურადაც მოხდება დაწინაურება პარლამენტში, იმ "ამბოხებული" დეპუტატების, რომლებმაც ასე გული დაწყვიტეს პარტიის თავმჯდომარეს.

ამის შესახებ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბოკერიას თქმით, ის ხალხი, რომელმაც თურმე იმედი გაუცრუა ივანიშვილს, ახლა უკვე ფორმალურადაც დააწინაურეს და ვინც მართლა იცავდა უმრავლესობიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებას, მათ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ დატოვეს კიდეც უმრავლესობა და თანამდებობები.

როგორც ივანიშვილი ეუბნებოდა საზოგადოებას, ეს იყო ფართო კონსესუსის საგანი და ძალიან გულდაწყვეტილი ვარო განაცხადა, ახლა კი ირკვევა, რომ ვინც მხარი დაუჭირა პარტიის თავმჯდომარის ამ, მათივე თქმით, უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, მათი დიდი ნაწილი უმრავლესობიდან წავიდა, თანამდებობები დაკარგა,  ხოლო ვინც ჩაუგდო ეს კანონპროექტი და ვინც გული დაწყვიტა ამ დიად ადამიანს ივანიშვილს, ეს ხალხი ახლა ფორმალურადაც დაწინაურდება, ლაპარაკია თუ არ ვცდები, ბატონ მაჭარაშვილსა და ბატონ მეზურნიშვილზე.

აქაც ღიად, საზოგადოებას გვეუბნებიან, რომ ფეხებზე გვკიდია თქვენი აზრი, ასე მოვიქცევით, როგორც ჩვენ გვინდა. ამიტომ არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ ეს ადამიანები, ვინც ახლა დაწინაურდნენ, იმიტომ , რომ ბიძინას მთავარი დავალება შეასრულეს, იქნებიან პერსონალური პოლიტიკური სამიზნეები საზოგადოებისთვის, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციისთვის და ამ გადაწყვეტილების შედეგებს, ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ.

- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, უმრავლესობის ის წარმომადგენლები, რომლებიც პროპორციულ სისტემას იცავდნენ და ამ კანონპროექტის მომხრე იყვნენ, კიდევ უფრო დამცირებული არიან ივანიშვილის მხრიდან, რადგან ახლა ცდილობენ დაგვაჯერონ, თითქოს უნდოდათ ამ პოზიციის გატანა და უბრალოდ ამ რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა შეუშალათ ხელი, თავისუფალი კენჭისყრის პირობებში. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები