სიახლეები

299 Views
პოლიტიკა

ირაკლი შიოლაშვილი: მგონი ვაწყენინე ბატონ ბიძინას

სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან საღამოს გამართული შეხვედრის შესახებ ჰყვება.

"საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას. ჩემი მხრიდან პოზიციის სიზუსტეში ვერ დავარწმუნე, ისევე როგორც მან ვერ დამარწმუნა, რატომ უნდა დავუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი. ვრჩები ჩემს პოზიციაზე. დამრჩა შთაბეჭდილება და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა მუშაობს ყველა იმ დეპუტატთან, რომელიც ჩვენს რიგებში მოიაზრება. ვერ გეტყვით ხვალისთვის რა შედეგები იქნება, თუმცა რასაც ვამბობ, გიდასტურებთ, რომ ბატონ ბიძინას პირისპირ შევხვდით პარტიის ოფისში” 

- განაცხადა შიოლაშვილმა.

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებას არ გამორიცხავს.

თუ ის შედეგი არ დადგა, რასაც ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ საკუთარ გუნდს, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში. შესაძლოა, დავტოვო გუნდი, მაგრამ ამავე დროს დავტოვებ მანდატსაც

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა პარლამენტმა 14 ნოემბრისთვის გადადო. მმართველი გუნდის მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში

- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

 

კომენტარები