ავტომობილის მართვისას მობილურით სარგებლობაზე სანქციები მკაცრდება
ავტომობილის მართვისას მობილურით სარგებლობაზე შესაძლოა სანქციები გამკაცრდეს.
ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტშია გაცხადებული.
ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობაზე ჯარიმა ორმაგდება - 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი იქნება.
ასევე, ამ ტიპის დარღვევაზე მართვის მოწმობაზე 15 ქულა დაგაკლდებათ.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სანქციების გამკაცრება იგეგმება სიჩქარის გადაჭარბებასა და ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზეც - კერძოდ, სიმთვრალეზე მეორედ დაჯარიმებისას ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.
უფრო კონკრეტულად, სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება - რაც უფრო მეტი იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც მეტი იქნება.
ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.