სიახლეები

452 Views
პოლიტიკა

კუკავა: გაჩერებას არ ვაპირებთ და მედიკამენტების კამპანიას გავაგრძელებთ!

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ, იაფი მედიკამენტების კამპანიასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო.  პარტიის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, კახა კუკავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაკითხვაზე.

"გირჩის" საინფორმაციო სააგენტოსთან, კახა კუკავამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტმა ორი მუხლით დაიწყო საქმის მოკვლევა, პირველი ეს არის იაფი მედიკამენტების პროგრამით ამომრჩევლის მოსყიდვა, ხოლო მეორე - პარტიის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია.

კუკავას თქმით მედიკამენტებზე ფასებს შორის სხვაობა საქართველოსა და თურქეთს შორის დაახლოებით 70 %-ია. 

ეს იყო ერთგვარი საჩვენებელი იმპორტი, რომ ადამიანებს დაენახათ, მართლაც რამხელა სხვაობაა ფასებს შორის. ვაპირებთ, რომ ავიღოთ ნებართვა და კიდევ უფრო მასშტაბურად განვახორციელოთ ეს კამპანია, ამჯერად უკვე რეგიონებშიც. 

როგორც კახა კუკავა ამბობს, სახელმწიფო აუდიტის არცერთი ბრალდება რეალობას არ შეესაბამება, რადგან რეალურად ეს მედიკამენტები საბაზროზე დაბალ ფასად არ გაუყიდიათ და საქართველოში თუ ბევრად ძვირი ღირს, ეს არ ნიშნავს, რომ აქაური ფასია საბაზრო ღირებულება. 

რაც შეეხება უკანონო შემოსავლებს, ჩვენ გვაქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ "თავისუფალი საქართველოს" ანგარიშზე არ ასახულიყო ეს შემოსავლები, სპეციალური ანგარიში გავხსენით ამისთვის და აღნიშნული ოპერაციებიდან პარტიას არანაირი შემოსავალი არ აქვს. შესაბამისად, ეს კამპანია, ვერც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციად ჩაითვლება.

კახა კუკავას თქმით, სახელმწიფო აუდიტი მას ასევე პარტიისთვის შემოწირულობის სახით 47 000 ლარის ჩარიცხვას ედავება, როგორც ის ამბობს, თანხას მედიკამენტების კამპანიასთან კავშირი არ აქვს, თუმცა აუდიტმა მოკვლევა ამ საქმის პარალელურად დაიწყო და ერთდროულად განიხილავს.

როგორც "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი ამბობს, აუდიტის სამსახური ფინანსური სანქციებით იმუქრება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას, პარტიის დაჯარიმებასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში მიიღებენ.

როგორც კუკავამ "გირჩთან" საუბრისას აღნიშნა, გაჩერებას არ აპირებს და აუცილებლად გააგრძელებენ ამ კამპანიას.

აუცილებლად გავაგრძელებთ ამ კამპანიას, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ან მედიკამენტების ფასების გაიაფებამდე, ან მოსახლეობა დაინახავს, რომ ასეთი მაღალი ფასები გამოწვეულია, არა რაიმე ეკონომიკური კრიზისით, არამედ იმით, რომ ხელისუფლებას კარტელური შეთანხმებები აქვს რამდენიმე სააფთიაქო კომპანიასთან და ეს არა საბაზრო, არამედ საქართველოში არსებული ფასებია

კახა კუკავას ზუსტი რიცხვი არ დაუსახელებია, თუ რა რაოდენობის პროდუქტის შემოტანას ფიქრობენ მომავალში, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროდან ნებართვის აღების შემდეგ, გეგმავენ, რომ იმ რაოდენობის მედიკამენტი შემოიტანონ, რამდენის მოთხოვნაც იქნება ბაზარზე. 

ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს ამ ქმედების პოლიტიკური ხასიათი, ერთგვარი გაფრთხილებაა და ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა და იმ ფასად გაყიდა, რაც თურქეთში ღირდა. კუკავას განცხადებით ეს იყო ანტიმონოპოლიური კამპანია იმ სააფთიაქო ბიზნესის წინააღმდეგ რომელიც საქართველოშია.

ეს იმ პრეპარატების სია და ფასებია, რომელიც "თავისუფალმა საქართველომ" თურქეთიდან და შემოიტანა და გაყიდა. (ფრჩხილებში ქართული ფასებით).

1. იანუმენტი - 44,42 ლარი (მონოპოლიური ფასი 159,05 ლარი);

2. კოზარი 100 - 9,43 (25,64);

3. ნიზარი 100 - 9,43 (29,51);

4. ბრილიანტა - 115,15 (288,8);

5. კარდიომაგნილი - 2,36 (9,18);

6. ქსარელტო 10 მგ - 31,44 (103,78);

7. ქსარელტო 15 მგ - 66,81 (230,79);

8. ტრიპლიქსამი - 17,69 (53,97);

9. სიმბიკორტი 160/4,5 - 23,19 (105,4);

10. სიმბიკორტი 320/9 - 47,95 (173,38);

11. ნასონექსი - 8,65 (39,93);

12. ჯანუვია - 44,41 (144,62);

13. კოვერამი - 12,58 (40,48);

14. ონკეარი - 22,01 (66,46);

15. კაპტოპრილი - 5,50 (21,0)”,

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები