სიახლეები

746 Views
პოლიტიკა

მთავრობამ შეიძლება შენი საკუთრება დაგანგრევინოს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, პარლამენტში ახალი კანონპროექტია წარდგენილი - პირებს, რომელთა მფლობელობაში არსებული შენობა–ნაგებობები ქალაქის, თუ დაბის იერსახეს ამახინჯებენ, რეკონსტრუქციის, აღდგენის, ან დემოტაჟის ვალდებულება ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან.

"პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის განხილვა 16 სექტემბერს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.

კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმების მოცულობა 200-დან 5000 ლარამდეა. კერძოდ, თუ მესაკუთრე დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიცემულ მითითებას, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე 5000 ლარით დაჯარიმდება, თვითმმართველ ქალაქში - 1000 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახლებაში - ქალაქში 500 ლარით, ხოლო დაბასა და სოფელში – 200 ლარით.

კანონპროექტი გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლის მოქმედება არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც საცხოვრებელი მიზნით გამოიყენება, რათა საკუთრების უფლების ხელყოფა არ მოხდეს.

როგორც დოკუმენტის ავტორები განმარტავენ - ამ რეგულაციის მიღების მიზანი, ქალაქების, თუ დასახლებების იერსახის გამოსწორებასთან ერთად, ინვესტორების დაინტერესება წარმოადგენს, რადგან არის ისეთი შენობები, რომლებიც არ ფუნქციონირებენ და მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებენ.

კომენტარები