რატომ არ გვიღებენ ნატოს კარს, სადაც აგერ უკვე ამდენი წელია ვაბრახუნებთ

წინა დღეებში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენცია - „Now What?“-ის შესახებ ორი სიტყვით და ცოტა უფრო ვრცლად, რატომ არ გვიღებენ ნატოს კარს, სადაც აგერ უკვე ამდენი წელია ვაბრახუნებთ.

10 სექტემბერს, კონფერენციის დასრულების შემდეგ რასმუსენმა რა თქვა, რა ინტერპრეტაცია მოყვა ამ განცხადებას ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მიერ და საბოლოოდ როგორ გაირჩია „დედალ-მამალი“, ყველამ იცის მგონი და ამით სათქმელს აღარ გავასქელებ.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის მიერ გაჟღერებული იდეა ახალი არ არის, ჯერ კიდევ წინა წელს, „Heritage Foundation“-ის მკვლევარმა ლუკ კოფიმ თქვა თავის კვლევაში, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მსგავსი გზით შესაძლებელია და მაინც, ამ საკითხზე სერიოზულად საუბარი და მოლოდინების შექმნა, ფაქტია ჯერჯერობით არ ღირს. ჯეიმს აპატურაიმ - ამ თემაზე დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს, ვინაიდან ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ნატოში ამის განხილვის სურვილსო. აპატურაის ამ განცხადებამდე, რასმუსენის განცხადებამ, საზოგადოებაში (რომლის ნაწილი მეც ვიყავი) შექმნა პოზიტიური მოლოდინები ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით, რის შემდეგაც „ფართიფუფერა“ აპატურაიმ არც აცია, არც აცხელა და ერთ წინადადებაში გააქარწყლა ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინები.

ამისდა მიუხედავად, რასმუსენის, როგორც ნატოს ყოფილი გენ. მდივნის ეს იდეა არ შეიძლება ცალსახად პოზიტიურ სიგნალად არ ჩაითვალოს, ასეთი ავტორიტეტული ადამიანები უშინაარსო იდეებს არ ისვრიან. არ მგონია რასმუსენს არ სცოდნოდა აპატურაის პოზიცია ამ საკითხის შესახებ და იმის შესახებაც აქვთ თუ არა წევრ ქვეყნებს ამაზე საუბარის სურვილი. რასმუსენის ეს განცხადება შეიძლება ერთგვარი „ნამიოკიც“ იყოს – ოკუპირებული ტერიტორიებითაც შეძლებთ ნატოს წევრობას, სწორად თუ გააკეთებთ რაღაცეებს რომ წევრებს გაუჩნდეთ ამაზე მსჯელობის სურვილიო.

ხშირად, პარტნიორი სახელმწიფოსა თუ ინსტიტუტების მმართველებს არ ჰყოფნით ხოლმე გამბედაობა, გააკეთონ თამამი განცხადებები ან/და გადადგან მეტად ქმედითი ნაბიჯები საქართველოს მხარდასაჭერად როდესაც „რამე გვიჭირს“, მათი ეს „გაუბედაობა“ კი ჩვენი ბრალიც არის, რთულია სახელმწიფოს მხარდაჭრას უცხადებდე მაშინ როცა დარწმუნებული არ ხარ მის პოლიტიკურ კურსში და ამ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა არ არის გარანტირებულად კარგი ინვესტიცია, მათთვის, მხარდამჭერი განცხადებების კეთება ბევრად უფრო მარტივია როცა გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე აღარ არიან და გამოცდილი, ყოფილი ლიდერის პოზიციიდან საუბრობენ, რადგან აღარანაირი პასუხისმგებლობა აღარ აკისრიათ და უფრო თამამები არიან, მაგრამ არც ესაა ცოტა, ავტორიტეტის მქონე გამოცდილი პოლიტიკოსების რჩევები ასე თუ ისე ყურადსაღებია ნებისმიერი მოქმედი მმართველისთვის.

პარტნიორების „გაუბედაობით“ და „უმოქმედობით“ განაწყენებული ადამიანები კი ხშირად იმედს კარგავენ რომ როდესმე ევროპულ ოჯახში შეგვიშვებენ და „შეშფოთებული“ დასავლელი პარტნიორების გინებას მოჰყვებიან ხოლმე, რაც არასწორია, არასწორად ვითხოვთ იმას რაც არ გვერგება და არასწორ მხარეს ვილანძღებით, ჯერ აქ უნდა მოვაგვაროთ რაღაცეები, რაღაცეები კი არა ყველაფერი, ასპირანტი ქვეყანა ზედმიწევნით უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ კრიტერიუმს რაც წევრობისთვის არის აუცილებელი, ვაკმაყოფილებთ კი ამ კრიტერიუმებს? უმეტესად არა, რატომ?

სიტყვის თავისუფლება უბრალოდ ფურცელზე გვაქვს კონსტიტუციაში გაწერილი და პრაქტიკაში გამოყენების დროს თავზე ვახევთ ადამიანებს.

"პროდასავლურ" მთავრობას კომუნისტი დეპუტატი ჩამოყავს, პარლამენტის სპიკერის სკამზე გვისვამს და ახალგაზრდობას რომელიც ამას აპროტესტებს, თვალებს თხრის და შემდეგ ამას "დიადი სახელმწიფოს" ინსტიტუტების დაცვით აპრავებს

მართლმსაჯულების სისტემა დღემდე საბჭოური მოტივებით მოქმედებს და სინამდვილეში მცდარმსაჯულებას აღასრულებს.

პოლიცია საკუთარი მოქალაქეების დაცვის ნაცვლად მათ დასჯაზეა ორინტირებული და ცოფიანი ძაღლივით დასდევს, ქუჩებში, სახლებში, კლუბებში და ამას მართლწესრიგის შენარჩუნებას ეძახის.

პროკურატურა პოლიტიზირებულია და ხელისუფლებების ოპონენტების მიმართ პოლიტიკური ბრძოლის ჩვეულებრივ ინსტრუმენტად არის ქცეული, ნიბისმიერს შეუკერავენ საქმეს, მავანნი თუ მოისურვებენ.

სასამართლო ბოლო ლურსმანია სისტემის მიერ ამორჩეული ადამიანებისთვის და არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან, კლოუნადაა მის შიგნით მიმდინარე მთელი პროცესები, თავისი მხარეთა გარიგებებით და ადვოკატისა და პროკურორის თანხაზე ვაჭრობებით, მოსამართლეს წარბის შეუტოკებლად შეუძლია 20 წლით ციხეში გაუშვას ადამიანი, რომლის წინააღმდეგ არც მომჩივარი არსებობს და არც მის მიერ დაზარალებული ვინმე, არც მორალი აინტერესებთ არც საღი აზრი, კანონში რაც არ უნდა ჩაუწერო ყველაფერზე დაარტყავენ ჩაქუჩს რიხიანად.

არჩევნები რომელიც დემოკრატიის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია, ტარდება მთავრობის მიერ ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზებით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების დაშინებით, გაჭირვებული ხალხის მოსყიდვით, „ძველ ბიჭებთან“ გარიგებებით - მათი ახლობლების ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ, საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩატენვითაც კი და ა.შ.

ბიზნესგარემო არ არის თავისუფალი და ჯანსაღი, პროტექციონიზმის მოტივით, ბაზარზე შემოსვლის მსურველ ახალ მოთამაშეებს ვუდგენთ ხელოვნურ ბარიერებს, მთავრობასთან დაახლოებულ დიდ ბიზნესებს ვუქმნით სასათბურე პირობებს და ვტოვებთ მუდმივ უპირატესობაში, ასე კეთდება ბიზნესი საქართველოში, ცეხავიკი უნდა იყო, გინდა თამაში? გადაუხადე მთავრობას.

განათლებაში ყოველ წელს ასეულობით მილიონით მეტის ჩასხმით გაუნათლებლობას ვთესავთ, მაღალი ნიშნები მთავარ მიზნად დაგვისახია და მუდმივი შეჯიბრი გვაქვს თუ ვინ უკეთ დაიზეპირებს საგანს, შედეგად ვიღებთ წაკითხულის გააზრიების უნარის არ მქონე დაშტამპულ თაობებს რომლებსაც რაციონალურად აზროვნება არ ძალუძთ.

შეირაღებული ძალები შეუიარაღებული გვყავს, ბიუროკრატიას და კანალიზაციის მილს მიაქვს მთელი ამ სფეროს დაფინანსება, ყოველწლიურად ყველა სამინისტროს ბიუჯეტს ვზრდით თავდაცვის გარდა, მშპ-ს 2 პროცენტსაც კი არ შეადგენს თავდაცვი ბიუჯეტი. ამ დროს ურაპატრიოტული მოტივებით, ვითომდა სამშობლოს დასაცავად, ახალგაზრდებს ვიმონებთ და შლაგბაუმთან ვაბამთ.

ყველა სფეროზე შეიძლება მთელი რიგი პრობლემების ჩამოწერა, აღარ გავაგრძელებ, ესეც საკმარისია იმ რეალობის აღსაწერად, სად ვცხოვრობთ. ჩვენ არ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, რაც ყველაზე აუცილებელი პირობაა ევროპული ინტეგრაციისათვის, დემოკრატიობანას ვთამაშობთ და თითქმის სულ ვაგებთ, ამ წაგებებით კი რუსეთი იგებს და ისეთი სუნი დგება რომ ყარს, ისე ყარს რომ დასავლეთშიც კი გრძნობენ ჩვენი პარტნიორები და ცდილობენ დისტანცია დაიჭირონ ჩვენგან.

ასე რომ, ჯერ აქ გვაქვს მისახედი, შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა ავაშენოთ ნორმალური ქვეყანა, თავისუფალი ადამიანებით, ხალხის დაცვაზე ორიენტირებული პოლიციით, დეპოლიტიზირებული პროკურატურით, სამართლიანი, მორალური და პრეცედენტების შემქმნელი სასამართლოთი, ძლიერი და მზარდი ეკონომიკით, ანგარიშგასაწევი თავდაცვის უნარიანობით და ა.შ. მიმზიდველი ქვეყანა უნდა ვიყოთ ნატოსთვისაც, ევროკავშირისთვისაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვისაც და ზოგაგად მთელი მსოფლიოსთვის. ერთი ჭკვიანი კაცი ამბობს ხოლმე, თუ ვინმეს უნდა რომ დავეხმარო, მინიმუმ ჩემზე მეტად უნდა უნდოდეს რომ დავეხმაროო, ასეა ჩვენი და ნატოს საქმეც.

 

ავტორი: დავით გაგუა



კომენტარები