სიახლეები

122 Views
ეკონომიკა

„აბა, რომელ ქვეყანაში არ არის ცენტრალური ბანკი?“

ეს კითხვა სინამდვილეში ორი კითხვისგან შედგება. ცენტრალურ ბანკს (ქართულად, ეროვნულ ბანკს) სამი, სრულიად განსხვავებული ფუნქცია გააჩნია: მონეტარული პოლიტიკა (ფულის ბეჭდვა, მარტივად რომ ვთქვათ), საბანკო სისტემის ზედამხედველობა, სტატისტიკის შეგროვება/გამოქვეყნება.

ჩვენი საკითხისთვის მნიშვნელოვანი არის მხოლოდ პირველი ფუნქცია და თუ ამ ფუნქციით შევაფასებთ, უამრავი ქვეყანაა, სადაც ცენტრალური ბანკი არანაირ გავლენას არ ახდენს ფულის მასაზე. ეს არის ქვეყნები, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია თავისი ვალუტა (მონტენეგრო და სხვა ქვეყნები იმ 6.8%-დან, რომელიც წინა პოსტში იყო, + ევროზონა) და ის ქვეყნები, სადაც ეროვნული ვალუტა მკაცრად მიბმულია სხვა ვალუტაზე (ესტონეთი და ლატვია სანამ ევროზონაში შევიდოდნენ და კიდევ ქვეყნების 5.7%). ამ ქვეყნებში არ ხორციელდება მონეტარული პოლიტიკა და თუ ამის შანსი გვექნება, იგივე სიტუაციამდე უნდა მივიდეთ ჩვენც. ესტონეთი, ბუნებრივია ყველაზე კარგი მაგალითია დისკუსიის დროს, და მონტენეგროც („ჩვენ ხომ ესტონელები არ ვართთუ ვინმემ იკადრა ).

მეორე ფუნქცია სრულიად სხვა ბუნების არის და არც წარმოადგენს რაიმე კრიტიკულ მნიშვნელობას (ყოველ შემთხვევაში იმ მავნებლობასთან შედარებით, რომელსაც ფულის ბეჭდვა მოჰყვება). როგორც ბევრ სხვა სექტორს, მთავრობები საბანკო სექტორსაც არეგულირებენ და საბანკო სექტორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არცერთი მთავრობა არ იტყვის უარს ძალაუფლების ასეთ ბერკეტზე. ასევე საბანკო სტატისტიკის შეგროვება (მესამე ფუნქცია) იმ ინსტიტუციას უნდა დაავალო, ვინც ამ სექტორთან ახლოს არის.

ასე რომ, ერთი მხრივ, ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში არსებობს შენობა, რომელსაცცენტრალური ბანკიაწერია. მეორე მხრივ, ზოგ ქვეყანაში ამ შენობაში მომუშავე ადამიანებს აქვთ ფულის ბეჭდვის უფლება, რაც ცუდია, ზოგ შემთხვევაში კი იქ, ბუღალტრები, ფინანსისტები და სტატისტიკოსები მუშაობენ, რომლებიც ბანკების კონტროლითა და სტატისტიკის შეგროვებით არიან დაკავებული (იდეალურ სამყაროში ასეთი ცენტრალური ბანკიც ზედმეტია, მაგრამ ამ ეტაპზე ეს სრულიად მეორედ ხარისხოვანი პრობლემაა).

ამრიგად, ჩვენი მიზანი არა ცენტრალური ბანკის სრული გაუქმებაა, არამედ ეროვნული ვალუტის მონოპოლიის და ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე ჩვენი დამოკიდებულების დასრულებაა

Comments