სიახლეები

51 Views
განათლება

გირჩის ციხის ბიბლიოთეკა

ყველას ძალიან გაგვიხარდა, როდესაც, ჩვენი თხოვნით, პრეზიდენტმა დათო კვარაცხელია შეიწყალა. დათო რომ ოფისში გვესტუმრა, ერთ-ერთი პირველი, რაც ციხის ცხოვრებაზე მოგვიყვა, იქაურ ბიბლიოთეკაში მისთვის საინტერესო წიგნების სიმწირე იყო.

გვესმის, რომ ბიბლიოთეკა პატიმარს გართობისა და თვითგანვითარებისთვის მწირი საშუალებებიდან ერთ-ერთია, მაგრამ ჩვენთვის ეს ასევე არის შესაძლებლობა, რომ ციხეებში მყოფ ადამიანებს თავისუფლების იდეა კარგად ავუხსნათ. ამ მიზნისთვის ახალი პროექტი დავიწყეთ, რომლის ფარგლებში გირჩულ წიგნებს ყველა საპატიმრო დაწესებულების ბიბლიოთეკას გავუგზავნოთ.

პირველი წიგნი უკვე ავარჩიეთ: ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატის და XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომისტის, ფ. ჰაიეკის „თავისუფლების კონსტიტუცია“. მისი ორი ეგზემპლიარი ქ. რუსთავის 12 პენიტენციალურ დაწესებულებაში გავგზავნეთ.

ახლა დარჩენილ ცამეტ საპატიმრო დაწესებულებაში ვაგზავნით ამ წიგნს, ხოლო შემდეგ გასაგზავნ წიგს გირჩის მხარდამჭერები შეარჩევენ ჩვენსავე Facebook ჯგუფში „გირჩის ბაბლი“.

გაგვიხარდება, თუ მხარს დაუჭერთ ამ პროექტს. თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ნებისმიერი თანხა, რომელიც წიგნების შესყიდვასა და დაგზავნის ხარჯების დასაფარად მიიმართება (არ დაგავიწყდეთ დანიშნულებად მიუთითოთ „ციხის ბიბლიოთეკა“).

თუკი გირჩევნიათ პირდაპირ წიგნები შემოგვწიროთ, გაითვალისწინეთ, რომ ოპტიმალური რაოდენობაა 28 ეგზემპლარი (2 ეგზემპლარი თითოეული დაწესებულებისათვის). ასეთ შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]-ზე და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.

Comments