სიახლეები

1233 Views
სიახლეები

ბოსტონის თავშესაფარში COVID19-ის გამოვლენილი 146 შემთხვევიდან ყველა ასიმპტომატურია

 

ბოსტონის უსახლკარო მოსახლეობაზე მომუშავე ექიმები კორონავირუსის უსიმპტომო გავრცელებაზე ინფორმაციას აქვეყნებენ და სახელმწიფოებს მასობრივი ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. 

კორონავირუსის ტესტების სიმცირის გამო ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან პირველ კვირას ექიმები ტესტირებას მხოლოდ იმ ადამიანებს უტარებდნენ, რომლებსაც გამოხატული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ტესტირებაზე პოზიტიური პასუხი რამდენიმე ათეულ ადამიანს დაუდგინდა. 

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი დაუდგინდათ, ბოსტონის Pine Street Inn-ში აფარებდნენ თავს. ამ მონაცემების საფუძველზე სახელმწიფომ თავშესაფარში მყოფ 397 ადამიანს ჩაუტარა ტესტირება. მიღებული შედეგების მიხედვით ტესტირებულთა 36% (146 ადამიანი) აღმოჩნდა COVID-19-ის მატარებელი. ექიმების გაკვირვება იმან გამოიწვია, რომ არცერთ მათგანს არ აღენიშნებოდა COVID-19-ის სიმპტომატიკა. 

მსგავსი შედეგები მიიღეს ისლანდიაშიც, სადაც COVID-19-ზე რანდომული ტესტირება მოსახლეობის 10%-ს ჩაუტარდა. დადებითი პასუხის მქონეთა 50%-ს COVID-19 სიმპტომები არ აღენიშნებოდა. დღევანდელი მგომარეობით ისლანდიამ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, პროცენტულად მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილის ტესტირება ჩაატარა და  COVID-19-ის 1771 დადასტურებული შემთხვევა გამოავლინა, რომელთაგანაც 7 ლეტალურად დასრულდა. შესაბამისად, ისლანდიის მონაცემების მიხედვით COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0.5%-ია, რაც ბევრად ნაკლებია სხვა წყაროებიდან მიღებულ მონაცემებზე.   

აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელებისა და საშიშროების მასშტაბების უკეთ შესაფასებლად, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოებს, უკეთ დაგეგმონ სამედიცინო ლოგისტიკა და იმგვარად განსაზღვრონ გასატარებელი ზომები, რომ შეუქცევლად არ დააზარალონ როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ასევე მსოფლიო ეკონომიკური პროცესები. 

წყაროები: 

https://www.wbur.org/commonhealth/2020/04/14/coronavirus-boston-homeless-testing?fbclid=IwAR0Ah3BHUfd9M4GFCWIKkuBiEq-KAnxRxh2uR3ZuMLUJ2PJ92uQPVCZIyuk

https://www.dailymail.co.uk/news/article-8210401/Iceland-finds-half-population-asymptomatic-infected-Covid-19.html

ავტორი: მარიამ ივანიძე

Comments