სიახლეები

185 Views
თავდაცვა

,,თავდაცვის შესახებ’’ კანონზე ვეტო დადების მიზეზები

თავდაცვის კოდექსის მთავარი მიზანი, - ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა - მხოლოდ მაშინ შეიძლება ეფექტიანად იყოს მიღწეული, როცა ხელისუფლების ყველა შტოს გაცნობიერებული აქვს, თუ ვინ არის მოწინააღმდეგე. ამასთან, კანონპროექტის პარლამენტში განხილვისას, ვერც ინიციატორმა (მთავრობამ), ვერ საპარლამენტო უმრავლესობამ, ვერ ჩამოაყალიბა, თუ ვინ არის ქვეყნის მთავარი მტერი და ვისგან დაცვას გულისხმობს ეს კანონპროექტი. უკვე ეს ფუნდამენტური ნაკლიც საკმარისი იქნებოდა, რომ ეს კანონი არ ყოფილიყო დამტკიცებული, თუმცა ამის გარდა ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს, თუ რატომ იმსახურებს კანონპროექტი პრეზიდენტის, ჩვენი ქვეყნის მთავარსარდლის, ვეტოს.

1. კანონპროექტის მიღების პროცესი, კანონის შინაარსობრივი განხილვის II სასესიო ეტაპზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პირველად საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, გაგრძელდა მუხლობრივი განხილვის გარეშე, იმ ფონზე, როცა კანონში შესული იყო ათობით ტექნიკური და შინაარსობრივი ცვლილება. შედეგად:

- კანონი „განხილული“ იყო თავებით, როცა ცალკეულ თავში ათი და მეტი მუხლი შედიოდა.

- დამკვიდრებული ტრადიციის საწინააღმდეგოდ, დეპუტატებს არ ჰქონდათ კითხვის დასმის დროს, დამატებითი დროის გამოყენება. დარღვეული იყო სესიების ჩატარების მიღებული დრო და ხანგრძლივობაც.[1]

2. კანონპროექტი სრულად აკნინებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და მის უფლებამოსილებას, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, მათ შორის უსაფრთხოების საბჭოს და თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნის ნაწილში. (მე-13 მუხლი)

3. კანონპროექტის 65-ე მუხლი არ ითვალისწინებს მღვდელმსახურისთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს და დისკრიმინაციულია რელიგიური ნიშნით. კონკორდატის მე-4 მუხლის საფუძველზე მართმადიდებელი მღვდელმსახურები არ ექვემდებარებიან გაწვევას. კონკორდატი კონსტიტუციური შეთანხმებაა და ორგანულ კანონზე მაღლა დგას, ხოლო სხვა ეკლესიასთან კონკორდატი გაფორმებული არაა. შედეგად, ამ კანონით ყველა სხვა რელიგიის მსახურები გაწვევას დაექვემდებარებიან, შესაბამისად კანონი არათანაბარ პირობებში აყენებს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურს სხვა რელიგიურ ორგანიზაციების მღვდელმსახურებთან შედარებით. აღნიშნული ცვლილება დისკრიმინაციულად მიჩნეულია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც.[2]

4. კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას:

- ბუნდოვანებით მთავარსარდლის ფუნქციებისა და კონსტიტუციასთან აცდენის გამო.

- კანონში არაფერია ნახსენები იარაღის შესყიდვებზე, ან თავდაცვაზე ხარჯების NATO-ს დონეზე შენარჩუნებაზე.

- კანონის 148-ე მუხლის მე-10 ნაწილში გაწერილია ბინების მშენებლობის ვალდებულება. ამასთან, ოფიცრების კომპაქტურად დასახლება საომარი მდგომარეობის დროს, პირდაპირ საფრთხეს ქმნის ოფიცრებისა და მათი ოჯახებისთვის. ნიშანდობლივია, რომ თავდაცვის სამინისტროს აზრით, ეს რისკი არ არსებობს, რადგან საცხოვრებელი სახლების დაბომბვა - სამხედრო დანაშაულია, ამიტომ ჩვენი მტერი ამას არ იზამს.

- ამასთან, ბინების მშენებლობა არ შეიძლება პოზიტიურად იყოს განხილული, ჯარისკაცების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნითაც. თუ ჯარისკაცების შემოსავლების ზრდა არის მიზანი, თავდაცვის სამინისტრომ შეიძლება მაღალი ხელფასები დააწესოს, ხოლო კანონში ამ ხელფასების გაუფასურების პრევენციული ინსტრუმენტები ჩაწეროს. ამის ნაცვლად, არჩეულია იმგვარი გზა, რომელიც პოტენციურად კორუფციულია და თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს ჯარისკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გამოიყენოს.[3] ჯამურად, აღნიშნული, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჯარიდან პროფესიონალების გადინებას.

5. კანონპროექტის მუხლების უდიდესი ნაწილი არის ბუნდოვანი და აქვს განჭვრეტადობის პრობლემა, რაც სამართლებრივ პრობლემას შეუქმნას ჯარისკაცებს.

- კანონპროექტის თანახმად ჯარისკაცი ვალდებულია დაემორჩილოს მხოლოდ კანონიერ ბრძანებას (33-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი), ამასთან განმარტებული არაა, თუ როგორ უნდა დაადგინოს ჯარისკაცმა ბრძანების კანონიერება. შეუძლებელია, ჯარისკაცს ყველა ბრძანების კანონიერების გარჩევა დაავალო, ან პასუხისმგებლობა დააკისრო ბრძანების აღსრულებაზე. აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში საპირისპირო ფორმულირებაა გამოყენებული: ჯარისკაცს უფლება აქვს არ დაემორჩილოს არაკანონიერ ბრძანებას. ეს კი ხსნის პასუხისმგებლობას ჯარისკაცისგან, თუ ის იმგვარ ბრძანებას ემორჩილება, რომლის არაკანონიერების ცალსახა ნიშნები არ გააჩნია. ამრიგად, არსებული რედაქცია, სერიოზულ რისკებს ქმნის, როგორც ცალკეული ჯარისკაცისთვის, ასევე ჯარში არსებული იერარქიის მდგრადობის კუთხით.

- ერთი მხრივ, დეკლარირებულია ტოტალური თავდაცვის მიდგომა, მეორე მხრივ - მთელი თავდაცვის სისტემა აწყობილია სავალდებულო გაწვევაზე, რომელიც ახალგაზრდების მხოლოდ მცირე ნაწილს ეხება, ვინაიდან უმრავლესობა ამა თუ იმ ფორმით გამონაკლისების სიაში შედის. თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, 10-15 წლის პერიოდში შესაძლებელი იქნება მხოლოდ 60-90 ათასი ადამიანის გაწვრთნა, რაც 4 მილიონიან ქვეყანაში არანაირი კრიტერიუმით არ არის „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომასთან თანხვედრაში.

6. კანონპროექტის მიხედვით სამხედრო პოლიცია იმდენად ფართო დისკრეციული უფლებამოსილებით არის აღჭურვილი (24-ე მუხლი), რომ მას შეუძლია მისი უფლებამოსილება გამოიყენოს სამოქალაქო პირის მიმართაც. კერძოდ, კანონის 24-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე სამხედრო პოლიციას უჩნდება წვევამდელის დაკავების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ წვევამდელი არ არის სამხედრო მოსამსახურე (ვინაიდან, ფიცი არ აქვს დადებული).

7. გაწვევის მუხლები დისკრიმინაციულია სოციალური სტატუსის მიხედვით, რადგან ეხება მხოლოდ მათ, ვისაც არ გააჩნია ფული, რომ გადავადების განსხვავებულ გზებს მიმართოს (2000 ან 5000 ლარი, უნივერსიტეტში ჩაბარება და კიდევ ათზე მეტი გადავადების განსხვავებული გზა. - კანონის 65-ე მუხლი).

8. ქართულმა ოცნებამ არავის შენიშვნები ან რჩევები არ გაითვალისწინა, რომ თავდაცვის კოდექსს ოპოზიციაში მინიმალური მხარდაჭერა მაინც ჰქონოდა. შედეგად, კანონპროექტს არ დაუჭირა მხარი არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ და არის ერთპარტიულად მიღებული.

 

[1]  კანონპროექტის განხილვის ჩანაწერი

[2]  TDI-ს განცხადება თავდაცვის კოდექსის პირველი მოსმენით მიღებაზე

[3] სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმებითა და  წესით. - კანონის 148-ე მუხლის მე-11 ნაწილი.

Comments