სიახლეები

ნიუ-იორკის შტატში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზდა

ნიუ-იორკის შტატში რეკრეაციული მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზდა. Reuters-ის ინფორმაციით მცირე ოდენობით კანაფის ფლობა სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლება. შესაბამის კანონპროექტს ხელი შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ მოაწერა.

ნიუ-იორკის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი ერთგვარი, ჩანაწერების გასუფთავების, მექანიზმი იქნება იმ ადამიანების ბრალეულობისგან, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ მცირე რაოდენობით მარიხუანას მოპოვებისა და მოხმარების გამო:

მარიხუანას მოხმარების გამო უსამართლოდ დასჯილი ადამიანების შესახებ ჩანაწერების გაუქმება და დრაკონული ჯარიმების შემცირება, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია დისკრიმინაციული სისხლის სამართლის კანონმდებლობის განხილვის პროცესში.

გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებით, ნიუ – იორკის შტატში, მარიხუანას მოპოვებისთვის 360,000 ადამიანი იყო დაკავებული.

ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ რეკრეაციული მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია, მისი ერთ-ერთი მთავარი საკანონმდებლო პრიორიტეტი იყო 2019 წლისთვის. გუბერნატორის თქმით კანაფის დაბეგვრის შედეგად მიღებული შემოსავლით ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება იქნება შესაძლებელი, მათ შორის, ნიუ-იორკის მეტროს სისტემის რეაბილიტაცია და ა.შ.  მათი გათვლებით მარიხუანას ლეგალურ ბაზარს 1.7 მილიარდიდან 3.5 მილიარდ დოლარამდე შემოსავლის მოტანა შეუძლია მხოლოდ ნიუ-იორკის შტატისთვის.

ნიუ-იორკი მე-16 შტატი გახდა, სადაც მარიხუანას მოხმარება ლეგალურია..

შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, 2018 წლის 30 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კანაფის მოხმარება საქართველოშიც ლეგალური გახდა. თუმცა მიუხედავად ამისა, დღემდე არ არსებობს ამ მცენარის მოპოვების ლეგალური გზა, რაც დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება.

photo : REUTERS/ Shannon Stapleton

Comments