სიახლეები

40 Views

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტი

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032)

  1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 1964 მუხლი:

              ,,მუხლი 1964. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენისგან გათავისუფლების დროებითი წესი

 2024 წლამდე გასამართ შუალედური  არჩევნებისათვის, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვებათ. ‘’

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                             სალომე ზურაბიშვილი

 

 

განმარტებითი ბარათი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

2021 წლის ოქტომბერში გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვებოდა. აღნიშნული ცვლილება, საქართველოს საარჩვენო კოდექსის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერა 2021 წლის 28 ივნისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, რომელიც მიღებულ იქნა ქარული ოცნების და ნაწილი ოპოზიციური პარტიების შეთანხმების შესაბამისად.  

ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს ამ სამართლებრივი წესრიგის შენარჩუნებას, რათა პოლიტიკურ პარტიებს კვლავ ქონეთ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის გარეშე დანიშნონ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსით, პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნას სჭირდება  შესაბამისი გამოცდის ჩაბარება და სერტიფიკატის ფლობა, რაც ამ კანონის მიღების გარეშე არ შეიცვლება.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ექნებათ 2024 წლამდე დანიშნულ ნებისმიერ შუალედურ არჩევნებზე კომისიის წევრებად დანიშნონ პირები, რომლებსაც არ აქვთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ განუსაზღვრელი ადამიანური რესურსი, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა არ უნდა ქმნიდეს დამატებით ბარიერებს, რომელიც პოლიტიკურ პარტიას საშუალებას არ მისცემს თავისუფლად წარადგინოს და დანიშნოს კომისიის წევრი. აღნიშნული თანამდებობის საქმიანობა არ მოითხოვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის არსებობის აუცილებლობას, ამავე  წესით ჩატარდა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები, თუმცა ამ  საკითხის იმგვარად მოწესრიგებას, როგორიც ეს კანონის 1963 -ე მუხლით იყო  პრობლემა არ შეუქმნია. შესაბამისად, ამ კანონპროექტის არსი და მიზანიც არის კომისიის წევრის დანიშვნის წესის ცვლილება.

ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს, არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული ფუნქცია და მოვალეობები არჩევნებისთვის მოსამზადებლად და ჩასატარებლად, რადგან ძირითადი უფლება-მოვალეობები განაწილებულია პროფესიული ნიშნით არჩეულ კომისიის წევრებზე. გასული წლის პრაქტიკამაც გვიჩვენა, რომ  მათთვის ამ სერტიფიკატის არ ქონას, არ შეუქმნია არანაირი პრობლემა და ხელი არ შეშლია არჩევნების ჩატარებას.                                                

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით,  ვინაიდან, 02 აპრილს დანიშნული შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის ბოლო ვადა არის 08 თებერვლამდე. კანონპროექტის მიღების ვადები უნდა იყოს შემჭიდროვებული, რათა პარტიებს საშუალება ჰქონდეთ დროულად დანიშნონ კომისიის წევრები  სერტიფიკატის წარდგენის გარეშე.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღებით არ არის საჭირო აუცილებელი ხარჯების გამოყოფა და შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის აღება, რომელსაც გასცემს ცენტრალური საარჩევნო კომისია ტესტირების საფუძველზე, არის უფასო, შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემოსავლებზე და არც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა შეამციროს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის აღების მსურველთა რაოდენობა, რამაც შეიძლება დაზოგოს ცეესკოს სახსრები, რომელსაც ხარჯავდა გამოცდის ჩატარებაში.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ პირთათვის, რომლებსაც გამოცდის ჩაბარების გარეშე მიეცემათ საშუალება გახდნენ საარჩევნო კომისიის წევრები და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება, რომელსაც არჩევნების ჩატარებამდე განსაზღვრავს ცეესკო.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:

კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ასეთი  მიმოხილვა არ მომზადებულა.

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო.

Comments