იარაღის ლეგალიზაცია

შემთხვევითი არაა, რომ ოკუპაციის შემდეგ, პირველს, რასაც ოკუპანტი აკეთებს, ადამიანებს იარაღის ფლობისა და ტარების უფლებას ართმევს, რადგან ეს უფლება მხოლოდ პოლიტიკურად თავისუფალი ადამიანების პრივილეგიაა, ხოლო მონობა ამ უფლების ჩამორთმევით იწყება. 

იარაღის ტარების უფლება რომ პოლიტიკური თავისუფლების ელემენტია, ცხადყოფს აშშ-ს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც იარაღის ფლობის და ტარების უფლება მოქალაქეს მთავრობისგან თავდასაცავად აქვს მინიჭებული. სათქმელი რომ თომას ჯეფერსონისთვის მიწერილი სიტყვებით ჩამოვაყალიბოთ, „თუ მთავრობას ეშინია ხალხის — ეს არის თავისუფლება. როცა ხალხს ეშინია მთავრობის, ამას ქვია — ტირანია“. მთავრობას კი არასდროს შეეშინდება განიარაღებული მოსახლეობის.


იარაღის აკრძალვას, რა თქმა უნდა, კრიმინალური სამყაროც უჭერს მხარს, რადგან კრიმინალი იარაღს ნებისმიერ შემთხვევაში იშოვის — არის ის ლეგალური, თუ არა. აკრძალვა, როგორც წესი, სწორედაც რომ კანონმორჩილ ადამიანებზე ვრცელდება, რაც კრიმინალებს მეტი უსაფრთხოების შეგრძნებას და ძარცვისა თუ ყაჩაღობის უკეთეს შესაძლებლობას უჩენს.


ამ ყველაფრის მიუხედავად, იარაღის ლეგალიზაციაზე საუბრისას, არა ადამიანის უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებაზე მიდის ხოლმე საუბარი, არამედ შიშებზე, რომელიც იარაღის გამოყენების გამოცდილების არმქონე ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე. ამგვარი შიშები, როგორც წესი, რეალობას მოკლებულია და ვერასდროს გახდება პოლიტიკური თავისუფლების დათმობის ტოლფასი.


იარაღის ფლობისა და ტარების ლეგალიზაცია აღიარებაა, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია და სრული უფლება გააჩნია, დაიცვას თავისი სხეული და საკუთრება. ეს ასევე ნიშნავს, რომ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს მოქალაქეებთან ძალისმიერი უპირატესობა. აქედან გამომდინარე, მოქალაქეს იმ იარაღის ფლობის და ტარების უფლება უნდა გააჩნდეს, რომელსაც იყენებს პოლიცია და ის ინსტიტუტები, რომლებიც მთავრობამ საკუთარი თავის დასაცავად კანონიერად შეიძლება გამოიყენოს (ფაქტობრივად ყველა ძალოვნები, ჯარის გარდა).


წარმოიდგინეთ, რომელი მიტინგი უფრო დამაჯერებელია: დღევანდელი ჩვეულებრივი მიტინგები თუ რუსთაველზე გამოსული 20-30 ათასი შეიარაღებული ადამიანი ? რომელ შემთხვევაში უფრო ყურადღებით მოუსმენს მთავრობა მომიტინგეებს? რომელ შემთხვევაში უფრო ვერ გაბედავს მიტინგის რეზინის ტყვიებით დაშლას?


იარაღის ფლობა და ტარება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს და ეს გარემოება სრულიად საკმარისია ამ უფლების მოპოვებისათვის ბრძოლის დასაწყებად. თუმცა, დამატებით, ისიც აღსანიშნავია, რომ შეიარაღებული მოსახლეობა ნაკლებ კრიმინალსა და მეტად დაცულ ქვეყანას ნიშნავს. ქურდი ათჯერ დაფიქრდება, სანამ შეიარაღებული ადამიანის სახლში შევა, ხოლო გარეშე მტერს აზრად არ მოუვა ქალაქის შტურმი, რომელშიც 1.5 მილიონი შეიარაღებული ადამიანი ცხოვრობს.


საბოლოო ჯამში, გარდა შიშების და მთავრობების მიერ ჩანერგილი სტერეოტიპებისა, მიზეზი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა გვქონდეს ჩვენ იარაღის ფლობის და ტარების უფლება. ამიტომ შემოგვიერთდით და ყველამ ერთად დავიბრუნოთ ეს უფლება. ბოლოს და ბოლოს, თუ მე შემიძლია ქუჩაში პისტოლეტით სიარული, რომელი თქვენგანია ჩემზე ნაკლები, რომ ეს უფლება არ ჰქონდეს?

 

პეტიცია

მოვითხოვ იარაღის ტარების ლეგალიზაციას.