Cover photo
Profile photo
ალექსანდრე რაქვიაშვილი
75 მხარდამჭერი
17,099,571 პოლიტიკური წონა
5,933,318 გამომუშავებული GED

ეკონომისტი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე გავხდი, თუმცა მაგისტრის ხარისხი მოსკოვის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში მივიღე, რადგან იმ დროს არც ეკონომისტის და არც აკადემიურ კარიერაზე ვფიქრობდი. მაგისტრატურაში სწავლებისას, სწავლის გარდა ყოველდღიურად ვთამაშობდი ბილიარდს, ქუჩის რბოლებში ვიღებდი მონაწილეობას და, ზოგადად, კარგად ვერთობოდი, სანამ მაგისტრატურის მეორე კურსზე მუშაობა არ გადავწყვიტე. ჩემი პირველი სამუშაო ადგილი რუსეთში ყველაზე მსხვილი კერძო ბანკი, ალფა-ბანკი გახდა, რომლის ცენტრალურ ოფისში სტაჟიორის პოზიცია დავიკავე. ერთი თვე ქაღალდების გადალაგებით ვიყავი დაკავებული და კურიერის მოვალეობასაც ვითავსებდი, მალე პირველ ანაზღაურებად თანამდებობაზე გადავედი, ხოლო სულ რაღაც 6 თვეში, ამ ბანკის უმცროსი ეკონომისტის პოზიციიდან წამყვანი ეკონომისტის პოზიციაზე გადავინაცვლე, ხელფასით, რომლის დახარჯვასაც ვერ ვასწრებდი, თუმცა დიდწილად მაინც იმიტომ, რომ თითქმის ულიმიტო სამუშაო გრაფიკის შემდეგ, შაბათ-კვირას ძილის მეტს ვერაფერს ვახერხებდი. მიუხედავად წარმატებული კარიერის დასაწყისისა მალევე მივხვდი, რომ ბანკში მუშაობა რუტინაა: ყოველი დილა ყავით და დილის საცობებით, ყოველ ხუთშაბათს საკრედიტო კომიტეტი, ყოველ პარასკევს - ანგარიშები, ორშაბათობით კი ახალი დოკუმენტების ანალიზი. ამის გაცნობიერებისთანავე, ბანკი დავტოვე და რადგან უნივერსიტეტში სწავლა სრულდებოდა, რამდენიმე თვე განათლებას მივუძღვენი და უნივერსიტეტი წარჩინებით დავასრულე.

ვინაიდან ფინანსური მდგომარეობა მაძლევდა უფლებას, მეფიქრა და ამერჩია საქმიანობის სფერო, ისევ ჩემი უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოქტორანტურაში (მოსკოვის უნივერსიტეტში ამას ასპირანტურა ჰქვია) ჩავაბარე და გადავწყვიტე დისერტაცია დამეწერა. იდეა მარტივი იყო: მოდით მხოლოდ ერთი გადასახადი დავტოვოთ, საშემოსავლო გადასახადი. მეგონა, რადგან პრაქტიკაში ასე არავინ იქცევა და ყველა ქვეყანაში ბევრი გადასახადი არსებობს, პროფესორები მეტყოდნენ არგუმენტს, თუ რაში გვჭირდება განსსხვავებული გადასახადები. გავიდა დრო, დისერტაცია დავწერე და დავიცავი კიდეც, მაგრამ ეკონომისტებისგან საწინააღმდეგო არგუმენტი ვერ მოვისმინე. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ხელფასი არასდროს მხიბლავდა, ცნობისმოყვარეობამ მიბიძგა აკადემიური კარიერა დამეწყო და საბოლოოდ გამეგო, რატომ გვჭირდება ამდენი გადასახადი.

მოსკოვის უნივერსიტეტში ლექტორის პოზიციაზე 10 წელი ვიმუშავე, ეკონომიკა ათასობით სტუდენტს ვასწავლე და პარალელურად კვლევით ვიყავი დაკავებული, რის შედეგად აღმოვაჩინე, რომ ის ეკონომიკური თეორია, რომელსაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, არა მეცნიერების დარგი, არამედ სახელმწიფო რეგულაციების გამართლების ხელობაა. ამის გაცნობიერების შემდეგ მთელი ჩემი მეცნიერული აქტივობა მიმართული იყო იმ ფარისევლური ეკონომიკური კონცეფციების წინააღმდეგ, რომლითაც მართლდება თავისუფლების ესა თუ ის შეზღუდვა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ეკონომიკური მეცნიერების ძირითადი მიმართულებების („mainstream“) კრიტიკა იმგვარად, რომ ეს „მეინსტრიმული“ ეკონომისტების ენაზე მომხდარიყო. რაღაც ეტაპზე სტანდარტული საგნების სწავლების ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მივხვდი, რომ ამ საგნების დიდი ნაწილი ერთი დიდი ტყუილია. ამიტომ მირკო და მაკროეკონომიკის სწავლებას სულ უფრო ნაკლებ დროს ვუთმობდი და ისეთ მიმართულებებზე ვაკეთებდი აქცენტს, რომლებიც ეკონომისტებსა და პოლიტიკოსებს რეალისტურად უყურებენ. ასე ჩამოყალიბდა ჩემი სპეციალობა „სამართალი და ეკონომიკა“ და „საზოგადოებრივი არჩევანი“.

რაც უფრო მეტი ცოდნა მიგროვდებოდა, მით უფრო ნათელი ხდებოდა პოლიტიკური სისტემის განვითარების ისტორია, რომელიც სხვა არაფერია, თუარა ფულის წართმევის „ნატიფი ხელოვნება“. თუ გადავავლებთ თვალს წარსულს, თავადაც მარტივად დავინახავთ ამ რეალობას: თავიდან, ჩვეულებრივი ყაჩაღობა და დაპყრობითი ომები, ხარკითა და პრიმიტიული ფორმის გადასახადებით ჩანაცვლდა. თანდათანობით კი გადასახადების სისტემა და მათ გასამართლებლად მოგონილი მითები სულ უფრო და უფრო დახვეწილი ხდებოდა, სანამ საყოველთაო დემოკრატიის პირობებში ადამიანებს ილუზია არ გაუჩინეს, რომ მთავრობის ბიუჯეტი - ეს მათი ფულია და მათივე კეთილდღეობისათვის იხარჯება, ხოლო გადასახადები და რეგულაციები აუცილებელია, რათა ეკონომიკა ქაოსმა არ მოიცვას. ამ კუთხით, ფულის ბეჭდვის მონოპოლია და ხელოვნურად გამოწვეული ინფლაცია ყველაზე ფარისევლური, მავნებლური და ამავდროულად პოლიტიკურად საუკეთესოდ დაცული ძარცვის ინსტრუმენტია, რომლისგანაც სხვადასხვა დროს ბევრად უფრო მეტი ზიანი აქვს საზოგადოებას მიყენებული, ვიდრე ნებისმიერი სხვა გადასახადითა თუ რეგულაციით. როცა ცენტრალური ბანკების მავნებლობის და მათი არსებობის ტყუილით გამართლების მასშტაბი დავინახე, შეუძლებელი გახდა სხვა სტანდარტულ ეკონომიკურ თემებზე მუშაობა და მთელი ენერგია ამ მავნებლობის წინააღმდეგ მივმართე. ამიტომ ბოლო, დაახლოებით, 10 წელი თითქმის მთელი ჩემი მეცნიერული თუ პროფესიული აქტივობა ცენტრალური ბანკის იდეის საწინააღმდეგო ქმედებებს წარმოადგენს.

2016 წელს, ჯერ კიდევ 2014 წელს კახა ბენდუქიძესთან დაწყებული და მისი გარდაცვალების გამო გაწელილი, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან მოლაპარაკებები დასრულდა და 2016 წლის თებერვალში ამ უნივერსიტეტის პროფესორი გავხდი. ასე დავბრუნდი საქართველოში, რომელიც 1994 წელს დავტოვე, მშობლების მოსკოვში სამუშაოდ წასვლასთან ერთად. 2016 წლის აგვისტოდან თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლების დეკანის პოზიცია დავიკავე და ჩემთვის ახალი, ადმინისტრაციული კარიერის გზას დავადექი. სამი წელი ლექციებთან ერთად ამ ორ უნივერსიტეტში სწავლის პროცესს ვხელმძღვანელობდი და რადგან ბიზნესის სკოლის ლექტორები მაღალი კლასის პროფესიონალები იყვნენ, ძალიან გამიმარტივდა არა მხოლოდ დეკანობა, არამედ ჩემთვის ერთი მხრივ მშობლიურ, მაგრამ ბევრ შემთხვევაში უცხო გარემოსთან ადაპტაცია.

2019 წლის 20 ივნისს თავისუფალი უნივერსიტეტიდან წასვლის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ჩემი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმოდგენები, თუ რა არის უნივერსიტეტი და როგორ უნდა ვითარდებოდეს ის, იმდენად დაშორდნენ ერთმანეთს, რომ ადმინისტრაციულ პოზიციაზე დარჩენა შეუძლებლად მივიჩნიე. იმავე დრეს კი პარლამენტთან აქციაზე საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი გავიცანი და სექტემბერში ამ უნივერსიტეტის პროფესორის პოზიცია დავიკავე. 

დეკანის პოზიციის დატოვებისთანავე ბევრად მეტი თავისუფალი დრო გამიჩნდა, რის გამოც გირჩში მივედი და ვახო მეგრელიშვილს (რომელიც რამდენიმე თვით ადრე გავიცანი, როცა „თავისუფალ ბაზარში“ დამპატიჟა) შევთავაზე მათივე ოფისში ეკონომიკის ლექციების ფასიანი კურსის ორგანიზება. ამ ლექციებით შეგროვებული თანხა კი სრულად გირჩს დარჩებოდა. ასე დაიწყო ჩემი გირჩთან თანამშრომლობა და რადგან ამ გზით საკმაოდ დიდი თანხა შევიტანე პარტიის ბიუჯეტში, გირჩის მმართველი საბჭოს წევრიც კი გავხდი, დამფინანსებლების კვოტით.

ამასობაში ასპარეზზე კოვიდიც გამოჩნდა და სწორედ ის დამეხმარა გირჩთან ბევრი საერთოს აღმოჩენაში. იაგოს პოსტმა, სადაც ის იტალიიდან ჩამომსვლელების ციხეში გაშვებას აკრიტიკებდა, ჩემთვის ცხადი გახადა, რომ გირჩში ჭკვიანი და ჩემნაირი მორალის ხალხი იკრიბება. რთული იყო, ამის შემდეგ უფრო მჭიდრო ურთიერთობები არ მქონოდა ამ ხალხთან.

2020 წლის არჩევნებამდე, დაახლოებით, 6 თვით ადრე ვახოს, იაგოსა და ზურასთან შეთანხმებით და მმართველი საბჭოს კურთხევით ჩვენი პარტიის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გავხდი, ხოლო პრაიმერისში მეოთხე ადგილი დავიკავე. დანარჩენი ისტორია კი, ალბათ, ისედაც იცით.