სიახლეები

რატომ არის საარჩევნო ასაკის 16 წლამდე დაწევა მნიშვნელოვანი?

მივესალმები საარჩევნო ასაკის 16 წლამდე დაწევის ინიციატივას. მგონია, რომ ეს ტრენდი გარდაუვალია ლიბერალურ-დემოკრატიებში, რაც ევროპარლამენტის უამრავმა რეზოლუციამაც დაადასტურა. 

მდგრად დემოკრატიებში, ასაკის დაწევის კამპანიას  სამი საფუძველი გააჩნია: 

1. 18-24 წლის ახალგაზრდებში, უპრეცედენტოდ დაბალია არჩევნებში დასწრების დონე, რის შედეგადაც საშუალო ასაკის ადამიანებს ორჯერ მეტი გავლენა აქვთ არჩევნების შედეგზე. 

2. უპრეცედენტოდ დაბალია გადაწყვეტილებებში მონაწილეობის დონე ადგილობრივ, რეგიონალურ, ნაციონალურ და ტრანსნაციონალურ ინსტიტუციებში.

3. 18-24 წლის ახალგაზრდები დაკავებულნი არიან კარიერული და საგანმანათლებლო დილემებით, ხშირად არ სცალიათ სამოქალაქო აქტივობებისთვის. ამიტომაც უმჯობესია, მათში სამოქალაქო ვალდებულებები და დემოკრატიული ცნობიერება ადრეულ ასაკშივე ჩაისახოს.

საარჩევნო ასაკის დაწევის ეფექტურობა დაიტესტა ჰანოვერის მუნიციპალურ არჩევნებში და ამერიკის რამდენიმე შტატში. 16-18 წლის ახალგაზრდებმა დასწრების უფრო მაღალი დონე აჩვენეს, ვიდრე 18-24 და  საშუალო ასაკის ამომრჩევლებმა.

ავსტრიაში სადაც უკვე ინსტიტუციონალიზებულია 16 წლიდან ხმის მიცემა, ყველა კვლევებით, ახალგაზრდებში მზარდი მოტივაციები და ჩართულობა დასტურდება.

ამ რეფორმას თავისი აქილევსის ქუსლი გააჩნია, რასაც სკეპტიკოსები და კონსერვატორები ხშირად უსვამენ ხაზს - საარჩევნო ასაკის დაწევა მნიშვნელოვნად გაზრდის არაინფორმირებულ და შემთხვევით ხმის მიცემის ტენდენციებს და რეალურად არ შეამცირებს არჩევნების პოპულისტურ გამოვლინებებს.

ამიტომაც, საარჩევნო ასაკის დაწევას წინ უნდა უძღოდეს რამდენიმე თანმდევი ინსტიტუციური ნაბიჯი:

1. სასკოლო განათლების დონეზე სამოქალაქო და საარჩევნო  გაკვეთილების აქტიური ფორმალიზაცია - არა მხოლოდ გაკვეთილები, გადამზადებული პედაგოგები და მდგრადი ტრენინგები.

 2. სახელმწიფო დონეზე, მუდმივი საინფორმაციო კამპანიების ჩატარება.

💡გარდა ნორმატიული სიკეთეებისა, რატომ არის ასაკის დაწევა სასარგებლო საქართველოსთვის?

1. ახალგაზრდების დიდი ნაწილი დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ბევრად ოპტიმისტური და თანაზიარია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის რბილი ძალის გავლენებს საქართველოში.

2. ჩვენნაირი გარდამავალი დემოკრატიებისთვის, ადრეულ ასაკში გადამზადებული თაობა, ძლიერი და რაციონალური სამოქალაქო საზოგადოების წინაპირობაა.

3. პარტიული პოლიტიკა სრულ რეფორმაციას დაიწყებს, მიატოვებს ნავთის და კარტოფილის პოლიტიკას და  დაუმიზნებს ახალგაზრდების მოთხოვნებს.

4 პროპორციული არჩევნები დაბალი საარჩევნო ასაკით საუკეთესო საშუალებაა, თავად ახალგაზრდები და ახალგაზრდა ქალები ვიხილოთ პარლამენტში ჩვენს წარმომადგენლებად.

ავტორი: დათა დადუნაძე

კომენტარები