სიახლეები

საბაჟო თესლების წინააღმდეგ - დეპუტატის წერილები

სადეპუტატო წერილი არის პარლამენტის წევრების უფლებამოსილება დაუსვან კითხვა ნებისმიერ სახელმწიფო თუ სამთავრობო უწყებას, რომლებიც თავის მხრივ ვალდებულნი არიან განსაზღვრულ ვადაში გასცენ პასუხი. 

შეფასება: 

 

 

სტატუსი: წერილი გაგზავნილია / პასუხი მივიღეთ / კიდევ მივწერთ

თარიღი: 08/06/2021
პრეისტორია: 

როგორც იცით, კანაფის თესლის შეძენა აგრო მაღაზიებში თავისუფლად შეგიძლიათ, თუმცა გაცილებით მაღალ ფასად, ვიდრე თავისი რეალური ღირებულებაა. ამ პრობლემის მიზეზი გაუგებარი რეგულაციებია, რომლის გარკვევასა და შესრულებაში დროს არავინ ხარჯავს და კანაფის თესლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის სხვა გზებს მიმართავენ.  

აღნიშული რეგულაციების არსებობა განსაკუთრებით გაუგებარია მაშინ, როდესაც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, კანაფის თესლი არ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, აქედან გამომდინარე, იაგოს ინიციატივით, მივწერეთ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს საკითხში უკეთ გასარკვევად. 

თარიღი: 08/06/2021

მოგესალმებით,
 
საქართველოში კანაფის თესლების (seed) ფასი გაცილებით მაღალია თავის რეალურ ღირებულებასთან შედარებით. ამის მიზეზად აგრო მაღაზიები ასახელებენ გაუგებარ რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც კანონიერად და ოფიციალურად, საქართველოს ტერიტორიაზე, კანაფის თესლების შემოტანა ყველას არ შეუძლია.
 
აგრეთვე, კანაფის თესლის საქართველოს საზღვარზე შემოტანის პრობლემა შეუძლებელს ხდის კანაფის ზეთის ადგილზე დამზადებას და ფასიც შესაბამისად მაღალია.
 
საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გთხოვთ სამართლებრივი საფუძვლის მითითებით მომაწოდოთ წერილობითი ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
 
ა) ყველა იმ რეგულაციასა და შეზღუდვაზე, რომელიც კანაფის თესლების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის წინააღმდეგ არსებობს;
 
ბ) რა არის საჭირო საქართველოს ტერიტორიაზე კანაფის თესლების ოფიციალურად შემოტანისთვის.
 

- იაგო ხვიჩია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს

თარიღი: 18/06/2021

ბატონო იაგო,
საბაჟო დეპარტამენტმა განიხილა მიმდინარე წლის 8 ივნისის № 118687/21-10 თქვენი წერილი და პასუხად გაცნობებთ, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მცენარე კანაფი − Cannabis-ის გვარის ნებისმიერი სახეობა - მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შემცველ მცენარეებს.
კანაფი და მისი შემცველი პროდუქტები მიეკუთვნება ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნივთიერებების I სიას, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე მკაცრად არის შეზღუდული გარდა სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო და კრიმინალისტიკურ საქმიანობაში გამოყენებისა).
მოქმედი კანონმდებლობით კანაფის თესლი არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას, მაგრამ ის გამოიყენება კანაფის მოყვანა-კულტივირებისათვის. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში აკრძალულია „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს მიცელიუმის დათესვა, მოყვანა და კულტივირება“.
ამასთან, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების („ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი) თანახმად, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და იმპორტის ნებართვის გარეშე აკრძალულია იმ მცენარის თესლის (სათესლე მასალის) შემოტანა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარის მოყვანა ან/და კულტივირება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანაფის თესლის იმპორტის შემთხვევაში საქონელი დაექვემდებარება  საბაჟო კონტროლის პროცედურებს და მასში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის შემთხვევაში ტვირთზე განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პატივისცემით,
ზურაბი სიჭინავა
საბაჟო დეპარტამენტის უფროსი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი
 

- საბაჟო დეპარტამენტი იაგოს.

დოკუმენტები:

 

 

საბაჟოს წერილის მიხედვით, კანაფის თესლის საქართველოში შემოტანა იკრძალება იმ მიზნით, რომ მომავალში მისი დათესვა, მოყვანა და კულტივირება არის კანონით აკრძალული, ამის საპასუხად, ვაპირებთ გავაგზავნოთ კიდევ ერთი სადეპუტატო წერილი და დავაზუსტოთ  რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კანაფის თესლს გამოვიწერთ სუვენირად. 

სტატია განახლდება ახალი ინფორმაციის მიღების პარარელურად, გვადევნეთ თვალი.

შეფასება:

 

 

თარიღი: 23/06/2021

მოგესალმებით, როგორც თქვენს მიერ ამა წლის 18 ივნისს გამოგზავნილ წერილში N 21-10/78025 აღნიშნეთ, კანაფის თესლის საზღვარზე შემოტანა აკრძალულია იმ მიზნით, რომ მომავალში მისი დათესვა, მოყვანა და კულტივირება არის კანონით აკრძალული ქმედება, თუმცა რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ გეგმავს კანაფის თესლების, როგორც რელიგიური კულტის ელემენტის, შემოტანას სუვენირის სახით.

საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გთხოვთ, მომაწოდოთ ინფორმაცია, აკრძალულია თუ არა რელიგიური ორგანიზაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე კანაფის თესლების სუვენირად შემოტანა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ რელიგიას უკვე ჰყავს 40 ათას მღვდელმსახურზე მეტი და მათი რიცხვი განუხრელად იზრდება.

- იაგო ხვიჩიას პასუხის პასუხი საბაჟო დეპარტამენტს.

თარიღი: 05/07/2021

ბატონო იაგო, საბაჟო დეპარტამენტმა განიხილა მიმდინარე წლის 24 ივნისის №132389/21-10 თქვენი წერილი და პასუხად გაცნობებთ, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით საქართველოში აკრძალულია „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარისა და სოკოს მიცელიუმის დათესვა, მოყვანა და კულტივირება“.

ამასთან, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და იმპორტის ნებართვის გარეშე აკრძალულია იმ მცენარის თესლის (სათესლე მასალის) შემოტანა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარის მოყვანა ან/და კულტივირება. ამავდროულად, აღნიშნული დადგენილება არ ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე კანაფის თესლის სუვენირად შემოტანის გამონაკლის შემთხვევას.

ვინაიდან, კანაფი და მისი შემცველი პროდუქტები მიეკუთვნება ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნივთიერებების I სიას, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე მკაცრად არის შეზღუდული გარდა სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო და კრიმინალისტიკურ საქმიანობაში გამოყენებისა, კანაფის თესლის იმპორტის შემთხვევაში საქონელი დაექვემდებარება საბაჟო კონტროლის პროცედურებს და მასში ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენისას ტვირთზე განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

- საბაჟო დეპარტამენტი იაგო ხვიჩიას.

დოკუმენტები:

 

 

ვაპირებთ სადეპუტატო კითხვები ვაქციოთ სერვისად, რომელსაც მომავალში გირჩის სამეფოს წევრები მიიღებენ, თუმცა რადგან ეს სერვისი ჩვენთვისაც და ამომრჩევლისთვისად სიახლეა, ჯერჯერობით ღირებულება უცნობია.

ჩვენი ყველა ქმედების მორალური კომპასია გირჩის კონსტიტუცია

თუ დაინტერესდით ამ და მსგავს თემებზე ჩვენთან ერთად ბრძოლით, გირჩის სამეფო არის აქ.

კომენტარები