სიახლეები

რატომ არ ჰყავს გირჩს თავკაცი?

იქნებოდა საღამოს ცხრის ნახევარი, ჰადაჰა, ცხრაც, სათათბიროს დახურულ ჯგუფში ღირსეულმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა არცთუ ბუნდოვანი შეკითხვა დასვა:

დღეს, 22.000-ზე, ვიკრიბებით? (სათათბიროს წევრებისთვის ვამბობ, რადგან მათ ეხება თავკაცის არჩევა.)

ცამეტმა კაცმა მყისიერი დადებითი პასუხი მონიშნა, პირველი მათ შორის ღირსეული ნიკა ნადირაძე იყო — ისტორიას უყვარს დეტალების შემონახვა, რადგან ეშმაკი სწორედაც რომ დეტალებში იმალება ხოლმე... (ეშმაკზე გამახსენდა და, 13 წევრის მიერ თანხმობიდ პასუხის მონიშვნა თავიდანვე არ ესიამოვნა შეკითხვის დამსმელს, მაგრამ რაღას გააწყობდა?! არა და არ ამატებდა დადებით პასუხს არავინ.)

სხდომა დათქმულ დროს დაიწყო, თუმცკი ამ სტრიქონების ავტორს შვიდი წუთი დააგვიანდა. როდესაც შევიდა, უკვე ღირსეული ნიკა ნადირაძე იყო ჰოსტი და დამსწრეებს მუშაობის წესებს აცნობდა. მოგეხსენებათ, აქამდე სხდომებს მეფის ხელდასხმითა და მთავარი მღვდელმსახურის კურთხევით ღირსეული ალექსანდრე უძღვებოდა, მაგრამ წინა სხდომაზე გამოკვეთილი წინადადების მიხედვით, ამ სხდომის გაძღოლა ღირსეულმა ნიკა ნადირაძემ ითავა.

მთავარი საკითხი ერთადერთი იყო, როგორც წინასწარვე ყველამ იცოდა — თავკაცის არჩევა. „რა უნდა გააკეთოს თავკაცმაო“, იკითხა ღირსეულმა ანრიმ (როგორ მოუხდებოდა მას სახელი არნი — არნოლდ შვარცენეგერივით, არნოლდ რეიგანივით?.. თუ ამ უკანასკნელს რონალდი ერქვა?..).  

— ნებისმიერი საორგანიზაციო საკითხის მოგვარება პარტიაში, დაწყებული ნათურის გამოცვლიდან გირჩის პორტალის ფუნქციობით დამთავრებული. მას ექნება გარკვეული ანაზღაურება, რაც განისაზღვრება უშუალოდ კანდიდატთან მოლაპარაკების პროცესში. შესაძლოა, თავკაცის ფუნქცია შეითავსოს რომელიმე თანამშრომელმაც, მაგალითად, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ან ვიდეომემონტაჟე-ოპერატორმა ან თუნდაც რომელიმე პოლიტიკოსმა, — მოკლედ განმარტა ღირსეულმა ალექსანდრემ, რითაც არამხოლოდ ღირსეულ არნის დაუკმაყოფილა ინტერესი (სხვათაშორის, კარგი გამოცდილება იქნებოდა ეს თანმდებობა ამ უკანასკნელისთვისაც. და საერთოდაც, გირჩის ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის უკეთესი შანსი რა უნდა იყოს?! ეს მოსაზრება გამოთქვა კიდეც სხდომაზე ამ სტრიქონების ავტორმა, არ გეგონოთ, რომ ბოროტად ვიყენებდე ჟამთაღმწერელობის მეფის მიერ ნაბოძებ ტიტულს.).

— ჩემი აზრით, საუკეთესო კანდიდატურა...

— მოიცა, მოიცა!.. ხელი აიწიეთ და ისე! — შეაწყვეტინა ღირსეულმა ნიკამ სიტყვის წამომწყებს და ეს წამომწყები მისდაჭირად თვით ღირსეული იაგო აღმოჩნდა, მაგრამ რაღას იზამდა?!

— აწეული მაქვს, კაცო ხელი!.. — გაოცებით თქვა იაგომ, თუმცა ძნელი ამოსაცნობი იყო, რა უფრო ეოცა მას: წამყვანმა რომ მისი აწეული ხელი ვერ დაინახა თუ სიტყვა რომ შეაწყვეტინეს...

— დიახ, გისმენთ! — ღირსეული ნიკა უხერხულობისგან ხან ჩართავდა თავის კამერას, ხან გათიშავდა...

— ჩემი აზრით, საუკეთესო კანდიდატურა იქნება დავით ფანჯაკიძე ან ოთო ზაკალაშვილი... ამათზე უკეთეს თავკაცს ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვნახავთ... მაგრამ ერთიც უარზეა და მეორეც.

— „ერთიც უარზეა და მეორეც?!“ — გონებაში გაუელვა ამ სტრიქონების ავტორს, — „როგორ?! იაგო ამბობს და ამაზე უარზე არიან?!“

— ხომ იცი, არა, ჩემი პასუხი მაგაზე, — თქვა ერთ-ერთმა დასახელებულმა.

— მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალმა თავკაცმა იმუშაოს სრული ჩართულობით და ყველანაირად შევუწყობ ამაში ხელს... თუკი რამე შემეძლება, ხომ იცით, რომ ისედაც აქ ვარ და არამხოლოდ აქ ვარ, არამედ პორტალზეც ვარ და, მოკლედ, ყველანაირად გვერდში დავუდგები — მოკლედ, არაო, თქვა მეორე დასახელებულმაც და რომელი რომელმა თქვა, ეს ამოიცნოს თავად მკითხველმა.

— ჩემი აზრით, საუკეთესო კანდიდატურა იქნება... — დაიწყო ამ სტრიქონების ავტორმა ყოველგვარი პროცედურული წესების დაცვით (და საერთოდაც, აღარ მივუთითებ ხოლმე ამ პროცედურებს, თუკი რაიმე მნიშვნელობა არ ექნება ამას.), — უფრო სწორად, რა თქმა უნდა, დავითისა და ოთოს კანდიდატურები კარგი იქნებოდა, მაგრამ რას ვიზამთ?! ამიტომ სხვა ვინმე უნდა ავირჩიოთ... მე გამიხარდებოდა, ამ საქმეს ალექსანდრე რაქვიაშვილი თუ...

— აპაპაპაპა! — ყოველგვარი ხელის აწევის გარეშე გაისმა რეპლიკა და კამერაში ალექსანდრეს ხელებიც გამოჩნდა.

— ...თუ ალექსანდრე რაქვიაშვილი მიხედავდა ამ საქმეს, მაგრამ მას ამისთვის არ ეცლება... ობიექტურად რომ ვთქვა...

— რა ობიექტურად რომ თქვა?! როგორ შეიძლება სუბიექტმა ობიექტურად ილაპარაკოს?!

...მოკლედ, ნუღარ შევაწუხებთ ღირსეულ მოთათბირეებს. დავძინოთ, რომ იმ თათბირზე თავკაცი არ აურჩევიათ. არც იმის შემდეგ თათბირზე. არც იმის შემდეგზე...

გირჩი დღესაც უთავკაცოდაა, რის გამოც ერთ-ერთი ღირსეულის გონებაში შემდეგი აზრი მომწიფდა: ხომ არ დგება საკითხი თავკაცის თანამდებობის არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე? ან სულაც ჩავწეროთ, რომ „სათათბირო, საჭიროების შემთხვევაში ირჩევს თავკაცს“... და სანამ კონსტიტუცია საპილოტე რეჟიმში მოქმედებს, ხომ არ დავსვა სათათბიროს სხდომაზე ეს საკითხიო?!

გამომდინარე იქიდან, რომ ამ ღირსეულისგან თანხმობა არ მაქვს, ვერ გავასაჯაროებ მის ვინაობას. და საერთოდაც შევთანხმდეთ, რომ ზოგჯერ გამიზნულად არ დავასახელებ ხოლმე სათთბიროს წევრთა ვინაობას, ზოგჯერ კი გაუმიზნავად... ამ აღწერილობის ბოლოს კიდევ იქნება ერთი ასეთი ფიქრის გაელვება დაფიქსირებული...

ახლა კი მოკლედ მოგახსენებთ სათათბიროს შემდგომი სამი სხდომის ძირითად მომენტებს. აქვე აღვნიშნავ, რომ შემდეგ სამ სხდომას სამი სხვადასხვა ღირსეული უძღვებოდა: ღირსეული გიორგი ჭაუჭიძე (ანუ ამ სტრიქონების ავტორი), ღირსეული ალექსანდრე რაქვიაშვილი და ღირსეული როლანდი ნაჭყებია. ქვემოთ წარმოდგენილ აღწერაში მე არ დავაზუსტებ, რომელი გამძღოლი რომელ საკითხს განიხილავდა — დაე, გირჩის მომავალმა ისტორიკოსმა იმტვრიოს ამაზე თავი.

სხდომებზე განიხილეს შემდეგი შეკითხვები:

  • რა ვუქნათ გირჩის პარლამენტარების ხელფასებს?
  • როგორ გამოვიყენოთ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში გირჩის კვოტა?
  • რატომ აქვთ შეზღუდვა გირჩის სათათბიროში ყოფნაზე იმ ადამიანებს, რომლებიც ორჯერ უკვე იქნებიან წევრები?

რატომ აქვთ შეზღუდვა გირჩის სათათბიროში ყოფნაზე იმ ადამიანებს, რომლებიც ორჯერ უკვე იქნებიან წევრები?

ამ უკანასკნელი საკითხის განხილვით დავიწყებ, რადგან ყველაზე მწვავე დებატები ამის განხილვას მოჰყვა და დაძაბულობის განმუხტვა მხოლოდ მისი უდიდებულესობისა და მთავარი მღვდელმსახურის ჩარევამ გამოიწვია (მართალია, ისინი არ ესწრებოდნენ სხდომას, მაგრამ მოგეხსენებათ მათ ამის უნარი დაუსწრებლადაც აქვთ.).

ერთ-ერთმა ღირსეულმა... არა, გატყუებთ: ორმა ღირსეულმა ამ საკითხის დაყენება მიუღებლად მიიჩნია. პირველმა თქვა, არცთუ უსარგებლო სამამაკაცო, ოღონდ ბავშვური, ორგანოს წელვააო ამ საკითხის განხილვა. მეორემ კი, სირცხვილია ხალხოო, სხვა საქმე არაფერი გვაქვსო?!

ეს გამოთქმები არ ესიამოვნა საკითხის დამყენებელს და იკითხა, საკითხის დაყენება რატომაა სამარცხვინო, ამიხსნის ვინმეო?!

სამარცხვინო არ მიხსენებიაო, გააპროტესტა საკითხის დაყენების გამპროტესტებელმა. როგორ არა, როგორ არაო, მშვიდად დაუდასტურა საკითხის დამყენებელმა. კიო, კიო, კვერი დაუკრა სხდომის წამყვანმაც. გამპროტესტებელმა კი ამ შემთხვევაში ძველ ხალხურ სიბრძნეს დაუჯერა და გაჩუმდა (თუმცა, პირუთვნელი ჟამთაღმწერელობა მოითხოვს დაზუსტებას: თუკი გადაახვევთ სხდომის ჩანაწერს, ნახავთ, რომ საკითხის დაყენების გამპროტესტებელმა სიტყვა „სირცხვილია“ გამოიყენა და არა „სამარცხვინო“, რაც ერთი და იგივე სულაც არ გახლავთ. ყოველ შემთხვევაში, ის ადამიანი სხვადასხვა შინაარსს დებს ამ სხვადასხვა სიტყვაში, მენდეთ.).

შემდეგ სიტყვა შემდეგმა ღირსეულმა აიღო და თქვა, მშვიდობა, ხალხოო! რა ლაპარაკია ესო?! რა სამარცხვინოო?! რა ტონია ესო?! მან ამავდროულად საკითხის დამყენებელსც მიმართა:

— შენ გინდა, რომ ეგ ცვლილება შევიტანოთ კონსტიტუციაში და სათათბიროს ეს შემადგენლობა დაიშალოს?!

არაო, უპასუხა საკითხის დამყენებელმა. აბა, როგორ?! თუკი წესში ცვლილებას შევიტანთ, ეს ავტომატურად სათათბიროს დაშლას ნიშნავსო, ასეა კონსტიტუციაში განსაზღვრულიო. თანო, რამდენიმე თვეში სათათათბიროს ისედაც გაუდის ვადა და მომდევნო სათათბიროში ორვადიანი შეზღუდვა უკვე აღარ გავრცელდება, შენ რომ გაინტერესებს, იმ პირებზეო...

მოკლედ, საკითხის დამყენებელმა უკან გაიწვია თავისი წინადადება, რამაც სიტუაცია ერთგვარად დაათბო და ეკრანზე რამდენიმე გულისა და ტაშის ნიშანიც კი გამოჩნდა. და ამ სრულიად იდილიურ გარემოში ღირსეულმა ალექსანდრემ (სახელს იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ მაინც მიხვდებით მისი სიტყვების მიხედვით.) სიტყვა მოითხოვა და დაახლოებით ასეთი რამე თქვა:

— ჩემი აზრით სათათბიროში საკითხის კენჭისყრაზე დაყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დადგეს. მე ვამაყობ ჩემი სიოობით (თავკაცს ადრე სიო ერქვა, CEO, უფრო სწორად.) იმიტომაც, რომ არც ერთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია კონსენსუსის გარეშე... თუკი დავინახავთ ხოლმე, რომ ამა თუ იმ საკითხზე არ არის ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბბეული, უნდა ვიგრძნოთ, რომ, ესე იგი, ამ საკითხის გადასაწყვეტად ჯერ მზად არ ვართ... მე ასე მესახება სათათბიროში გადაწყვეტიელებების მიღება და არა უმრავლესობა-უმცირესობის შეჯიბრობითობის პრინციპის დამკვიდრება...

ამ სიტყვების შემდეგ ისეთი დუმილი ჩამოწვა, რომ ყველამ თანხმობის ნიშნად მიიჩნია...

რა ვუქნათ გირჩის ხელფასებს?

გირჩის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ არ აპირებდნენ ხელფასის საკუთარი საჭიროებისთვის დახარჯვას და ითხოვეს მოსაზრებების გაზიარება, თუ რაში დახარჯვა იქნებოდა სათათბიროს წევრთა აზრით ყველაზე სასურველი. გთავაზობთ გახმიანებულ მოსაზრებებს:

  • შვეულმფრენებიდან გადმოვყაროთ ხალხმრავალ ადგილებში.
  • დავწვათ ეროვნული ბანკის წინ.
  • ტესლას ფონდში გადავრიცხოთ.
  • ველოსიპედები ვიყიდოთ და ტესლას ნაცვლად დავარიგოთ.
  • დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმების გადასახდელი ფონდი შევქმნათ.
  • თანაშემწეების ხელფასების მოსამატებლად გამოვიყენოთ.
  • ინდივიდუალურად გადაწყვიტოს თითოეულმა დეპუტატმა, რაში დახარჯავს.
  • არ აიღონ და განცხადებაში მიუთითონ, რომ არ აპირებენ თანხის აღებას და ნუ გადმორიცხავენ მათს ანგარიშებზე.
  • ბიბლიურ თავისუფლებას ჩაურიცხონ.
  • საქართველოს საპატრიარქოს გადაურიცხონ.
  • სპორტული მოედნების აშენების ფონდი დააარსონ.

ბოლოს შეჯერდნენ იმ წინადაადებაზე, რომ თითოეული პარლამენტარი ინდივიდუალურად მიიღებდა გადაწყვეტილებას, თუ როგორ განკარგავს ამ თანხას — დაწყებული თანხის განკრაგვაზე უარის თქმით, დასრულებული პირადი მოხმარებითაც კი. მათ შორის, ზემოთ დასახელებული რომელიმე იდეის რეალიზაციაც კი შეიძლება გამოვიდეს.

როგორ გამოვიყენოთ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში გირჩის კვოტა?

ღირსეულმა იაგო ხვიჩიამ სათათბიროს წევრებს აუწყა, რომ გირჩს, როგორც საპარლამენტო კვალიფიციურ პარტიას უფლება ენიჭება თითო წევრი დანიშნოს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში: ცენტრალურში, საოლქოებში და საუბნოებში... ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს ენიშნება მუდმივი ხელფასი, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს — სეზონური ხელფასი, საუბნო სააარჩევნო კომისიის წევრს არჩევნების პერიოდში ეძლევა ორასიოდე ლარი.

ამ შესაძლებლობის შესახებ ერთ-ერთმა ღირსეულმა აღნიშნა, რომ ეს კარგი ინსტრუმენტი იქნება ადგილობრივ არჩევნებზე ხმების მოსაგროვებლად და დასაცავად.

— შესაბამისად, ღირსეული წევრების მოძებნა საპასუხისმგებლო ამოცანა იქნება მომავალ საარჩევნო კამპანიაში. 50 რაიონში რომ ადეკვატური ადამიანი მოიძებნოს, რომელიც თავის მხრივ 50-50 ადამიანს შერჩევს საუბნო საარჩევნო კომიესიებისთვის, შესაძლებლად მიმაჩნია. უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამეც: პასუხისმგებლობა. ჩვენ სერიოზული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საქმეს და ვინმე „ისეთი“ არ უნდა დავნიშნოთ კომისიაში, რომ მერე შეგვრცხვეს და დაგვცინონ (აქ სათათბიროს ღირსეულმა წევრმა სიტყვა „ისეთის“ ნაცვლად სხვა სიტყვა იხმარა. აი, ის, ზემოთ რომ მამაკაცური არცთუ უსარგებლო ორგანო ვახსენეთ, ოღონდ უფრო აღმატებული ხარისხით.)

შემდეგმა ღირსეულმა კი თქვა, რომ ათასობით ადამიანის ნახვა, რომელიც გირჩის წარმომადგენელი იქნება საუბნო საარჩევნო კომისიებში საჭირო და სასარგებლო საქმე იქნებოდა. თუმცა არ გაიზიარა წინა გამომსვლელის სიფრთხილე:

— არ მიმაჩნია, რომ რაღაც ტრაგედიად უნდა გამოვაცხადოთ, თუკი ვინმე არ გაგვიმართლებს... თქვე კაი ხალხო, პარლამენტში გავიყვანეთ ჩვენი კვოტით ისეთი ადამიანი, რომელიც არ მოგვწონს და შუქრუთის საარცევნო უბანში რომ ვინმე გაგვეპაროს, რატომ უნდა აღვიქვად ტრაგედიად?! (ამ შემთხვევაში ამ ღირსეულმა ზუსტად „ისეთი“ გამოიყენა და არავითარი სხვა სიტყვა არც უთქვამს და არც უგულისხმია, მენდეთ.) 

 

P. S.  

აღწერილობის შუა ნაწილში სადღაც ვახსენე, რომ სათათბიროს ერთ-ერთი წევრის გონებაში გავლებულ ფიქრსაც შემოგთავაზებთ ბოლოს-მეთქი. ამ ფიქრის სიზუსტეზე 100 %-ით არ ვაგებ პასუხს, მაგრამ 90 %-იან გარანტიას ვიძლევი. მართალია, ამ ფიქრის ავტორი შემეკითხება, „რატომ იძლევი 90 %-იან გარანტიას და არა 95 %-იანსო“, მაგრამ ასეა და რა ვქნა?! ინებეთ დაჭერილი ფიქრიც:

„რატომ არ ესწრება მეფე ჰერმან პირველი სათათბიროს უკვე მეორე სხდომას?! ნუთუ მისმა უდიდებულესობამ სათათბიროს სხდომები თავის უდიდებულესობაზე დაიკიდა?!“

კომენტარები