675 Views
ბლოგი ეკონომიკა

კარგია თუ არა პროტექციონიზმი

წინასაარჩევნოდ ალბათ ბევრი პარტიის ეკონომიკურ პროგრამაში წააწყდებოდით ისეთ კომპონენტს, როგორიცაა ადგილობრივი წარმოების ზრდა უცხური პროდუქტის იმპორტის შეზუღდვის ხარჯზე. რეალურად ეს პარტიები პროტექციონისტურ პოლიტიკას გვთავაზობენ.

მარტივი ენით რომ ვთქვათ პროტექციონიზმი იმპორტირებული საქონლის შეზღუდვაა, რომელიც ძირითადად მაღალი საიმპორტო გადასახადების ხარჯზე ხდება. ამ პოლიტიკას ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. მომხრეები მიიჩნევენ, რომ თუ იმპორტულ პროდუქტზე დავაწესებთ მაღალ ტარიფებს, ამით მათ ქვეყნის შიგნით ბაზარზე მოუწევთ პროდუქტი ძვირად გაყიდონ, ეს კი, შესაძლებლობა იქნება ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რომ მათ უფრო მეტი საქონელი აწარმოონ და კონკურენციაში შევიდნენ უცხოურ პროდუქციასთან. პროტექციონიზმის მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ ასეთი პოლიტიკით ჩვენ ვაზარალებთ მოსახლეობას, რადგან მათ მეტი ფულის გადახდა მოუწევთ სხვადასხვა საქონლის შესაძენად.


როგორი გავლენა აქვს პროტექციონიზმს ეკონომიკაზე?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ერთი მარტივი გრაფიკი უნდა განვიხილოთ, რომელიც რეალურად აღწერს სურათს.


 
სანამ გრაფიკის განხილვაზე გადავალთ პირველ რიგში, განვმარტოთ რას ნიშნავს მომხარებლის სარგებელი და რას ნიშნავს მწარმოებლის სარგებელი. მომხარებლის სარგებელი ნიშნავს სხვაობას, გადახდისთვის მზადყოფნასა და იმ თანხას შორის, რომელსაც ის რეალურად იხდის. მაგალითად, ჩემს ყოველდღიურობაში თამბაქო არის ძალიან მნიშნველოვანი და მე მზად ვარ ერთი კოლოფი თამბაქოს შესაძენად 10 ლარი გადავიხადო, თუმცა მაღაზიაში რომ შევდივარ თამბაქო მხოლოდ 6 ლარი ღირს, ანუ ჩემი სარგებლიანობა არის 10-6=4 ლარი. გრაფიკულად მომხმარებლის სარგებელი გამოისახება, როგორც მოთხოვნის მრუდის ქვემოთ ფასის ხაზით შემოსაზღვრული. რაც შეეხება ადგილობრივი მწარმოებლის სარგებელს, ის გამოისახება როგორც მიწოდების მრუდის ზემოთ ფასის ხაზით შემოსაზღვრული. ეს განმარტება ამ გრაფიკის ახსნას გაგვიმარტივებს. ახლა კი დავუბრუნდეთ გრაფიკს:

როგორც ვხედავთ, მსოფლიო ფასი არის რაღაც P(world) , მაგალითად, კარტოფილის მსოფლიო საბაზრო ღირებულება არის  3$. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კარტოფილის ადგილობრივი წარმოება უნდა განავითაროს. მაგრამ  ჩვენ შედარებით არაეფექტიანები ვართ და ერთი კგ კარტოფილს 5$ ვყიდით. გამოდის, რომ იმპორტირებული კარტოფილი ჩვენსას ჯობნის, ამიტომ გადავწყვიტეთ მივმართოთ პროტექციონისტურ პოლიტიკას და დავაწესოთ იმპორტზე ტარიფები. ამის გამო, ჩვენ ბაზარზე ფასი იზრდება P(world)-დან, P(tariff)-მდე, როგორც გრაფიკზეა ნაჩვენები. ანუ 3$ დან 5$-მდე.


რა ხდება ამ დროს?
ფასის ზრდით იგებს ადგილობრივი მწარმოებელი. როგორც ვთქვით, მწარმოებლის სარგებელი არის მიწოდების მრუდის ზემოთ, ფასის ხაზით შემოსაზღვრული. შესაბამისად, როდესაც ფასი P(tariff)-მდე იზრდება, მის სარგებლიანობას ემატება a სივრცე, ეს გრაფიკშიც კარგად ჩანს. 

ფასის ზრდით იგებს ბიუჯეტიც, რადგან იმპორტს უფრო დიდი თანხებით ბეგრავს.  გრაფიკზე მისი სარგებლიანობის სივრცე არის  C. რადგან ჩვენი ადგილობრივი წარმოება მხოლოდ Q1-დან Q2-მდე იზრდება, ხოლო მთლიანი მოთხოვნა  ჩვენს ბაზარზე არის Q3. გამოდის რომ Q2 დან Q3 მდე სირვცე არის იმპორტირებული კარტოფილი, რაც გულისხმობს დამატებით გადასახადებს ბიუჯეტში.

ამ გრაფიკზე ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მომხმარებელია.  როგორც ვთქვით, მომხმარებლის სარგებელი არის მოთხოვნის მრუდის ქვემოთ ფასის ხაზით შემოსაზღვრული. მაშინ როცა პროტექციონისტური პოლიტიკა არ არსებობდა, მომხმარებელი საქონლის შესასყიდად იხდიდა ნაკლებ თანხას და შესაბამისად, სივრეცეები abcd იყო მისი სარგებელი, მაგრამ გაზრდილი ფასების პირობებში მას შეუმცირდა სარგებელი და ამის გამო დააკლდა abcd სივრცეები -(abcd).

ახლა კი მარტივი გამოთვლა:  მწარმოებლის სარგებელს(a)- მომხმარებლის ზარალი(a) +ბიუჯეტის სარგებელი(c) -მომხმარებლის ზარალი(c) -მომხმარებლის ზარალი(b) -მომხმარებლის ზარალი(d) = -d და -b.

ანუ გამოდის, რომ საბოლოო ჯამში, ეკონომიკა ზარალზეა d და b წერტილებში. D წერტილი ეს არის მიწოდების სტიმულით დამახინჯებული ზარალი. ანუ ის კარტოფილის მწარმოებელი, როცა ახლა ბევრ კარტოფილს აწარმოებს, რესურსებს იყენებს არაეფექტიანად. არაეფექტიანად იყენებს იმიტომ, რომ მას შედარებითი უპირატესობა არ აქვს უცხოურ პროდუქციასთან. B წერტილი კი მოხმარების სტიმულით დამახინჯებული ზარალია. ანუ გაზრდილი ფასის პირობებში ჩვენ მოვიხმართ ნაკლებს და ამასთან ძვირად.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება არ უნდა მიზღუდავდეს არჩევანის თავისუფლებას, ვიყიდი მე იაფ და იმპორტირებულ პროდუქტს, თუ ძვირს და ქართულს. ეს ამორალურია. ეს ჩემს და შენს ჯიბეებს აზარალებს, ეს ჩვენი ირიბი დაბეგვრაა. ეს ჩვენ კეთილდღეობას ამცირებს.

ბლოგი საკმაოდ გაიწელა, მაგრამ თუ ემპირიულად გინდათ ნახოთ, როგორ არ მუშაობს პროტექციონზმი, გაეცანით მეოცე საუკუნეში არგენტინაში საავტომობილო ინდუსტრიის „დაცვის“ საცოდავ მცდელობას. ასევე გაეცანით 1960-იან წლებში ევროკავშირის სოფლის მეურნეობის უსუსურ პოლიტიკას.

                                                                                                                                                                        ავტორი: ნოდარ სირბილაძე
 



კომენტარები