სიახლეები

გვჭირდება თუ არა ეროვნული ბანკი?

დასაწყისში, უნდა ვთქვათ, რომ პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 წელს შეიქმნა. იგი დღევანდელი სახით, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალური ბანკი, 1991 წლიდან არსებობს.

დღეს ეროვნული ბანკის პოლიტიკის მთავარი მიზანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებაა. ანუ ეროვნულმა ბანკმა წესით უნდა უზრუნველყოს რომ ფასები მკვეთრად არ გაიზარდოს ქვეყანაში, რადგან ფასების ზრდა ჩვენს  მსყიდველობით უნარს აქვეითებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად ეროვნული ბანკი უკვე წლებია თავისი უნიათო პოლიტიკით ვერ ართმევს თავს ინფლაციის თარგეთირებას, მაგალითად, დღეს მათი განსაზღვრებით ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია, თუმცა 2020 წლის მაისში ქვეყანაში 6.4%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.  უფრო მძიმე მდგომარეობაა სურსათის მიმართულებით, სადაც ერთი წლის განმავლობაში ფასებმა საშუალოდ 14%-ით მოიმატა. ანუ გამოდის, რომ მაგალითად, თუ წინა წელს  ერთი თვის სამყოფ საჭმელს 300 ლარად ყიდულობდი, ახლა 342 ლარის გადახდა მოგიწევს. ანუ იმაზე მეტს მოიხმარ ვიდრე აქამდე, ანუ ღარიბდები.

რატომ ვერ უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი თავის უმთავრეს მიზანს, ინფლაციის მართვას?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ორ ძირითად მიმართულებას უნდა შევეხოთ. პირველი მიმართულება არის ის, რომ ეროვნული ბანკი ბეჭდავს და უშვებს იმაზე მეტ ფულს ეკონომიკაში, ვიდრე ეს საჭიროა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ,  მარტში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკა, როდესაც ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 100 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, რომლის მთავარი მიზანი ჭარბი ლარის ბაზრიდან ამოღება იყო, ანუ ჭარბი ფულის მასა ამოიღო ბაზრიდან, რაც რასაკვირველია ინფლაციაზე დადებითად უნდა მოქმედებდეს, რადგან ფულის მასა მცირდება ეკონომიკაში, თუმცა პარალელურად რეფინანსირების სესხის სახით ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 720 მილიონი ლარის ემისია განახორციელა. - ანუ აქ ლოგიკა სად არის? ამ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი ალოგიკური ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა სხვა ადამიანებს ხარჯზე მოიგონ. და თუ ეს ასეა, სად ჩანს რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავისი პოლიტიკის გატარებაში?

მეორე მიმართულება კი დედოლარიზაციაა. ანუ ეროვნული ბანკის რეგულაციების შედეგად, შემცირდა დოლარის მასა ეკონომიკაში, რამაც დისბალანსი გამოიწვია ლარისა და დოლარის მასებს შორის, ამან გააუფასურა ლარი და იმოქმედა ინფლაციაზე.

ასეთი არათანმიმდევრული პოლიტიკიდანაც კარგად ჩანს, რომ ეროვნული ბანკი საქმიანობას ვერ ართმევს თავს და თავისი რეგულაციებით ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

ამ ყველაფრის ფონზე, ჩნდება ლოგიკური კითხვა, გვჭირდება თუ არა ეროვნული ბანკი და ლარი?

ლარის საჭიროება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს, როცა ქვეყანა იზოლირებულია გარე სამყაროსგან, ანუ უცხოური ვალუტა როცა არ შემოდის. მაგრამ დღესდღეობით ეს ასე არაა, რადგან საქართველოს ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე ღია ქვეყანაა. ასეთ რთული ვითარებაში, ერთადერთი სწორი და რელევანტური გამოსავალი ეროვნული ბანკის საერთოდ გაუქმება და ქვეყანაში მულტისავალუტო რეჟიმის შემოღებაა, რომელიც გულისხმობს, რომ მოსახლეობას ექნება არჩევანი, თუ რომელი ვალუტა გამოიყენოს ეკონომიკურ საქმინაობაში. 

სავარაუდოა, რომ ეს ვალუტა იქნება დოლარი, რადგან მას აქვს ნდობის მაღალი ხარისხი და ამასთან, როგორც ვიცით, ჩვენს ქვეყანაში დოლარიზაციის დონე საკმაოდ მაღალია.

მულტისავალუტო რეჟიმს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია.
ის როგორც ქვეყანაში ფასების ავტომატურ სტაბილიზაციას, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს, რადგან ჩვენ პოტენციურ ინვესტორს არ ვაიძულებთ თავისი კალკულაცია ლარში აწარმოოს.

ამასთანავე არ დაგვჭირდება ბაზარზე ინტერვენციები(ანუ შესვლა და დოლარის გაყიდვა ლარის მასის ამოსაღებად). შესაბამისად ეს გამოთავისუფლებული დოლარები ხელს შეუწყობს საპროცენტო განაკვეთის შემცირებასა და ფულზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

საქართველოსნაირი ღია და გახსნილი ეკონომიკის ქვეყნისთვის მულტისავალუტო რეჟიმი დადებით გავლენას მოახდენს სწორედ ამ მიმართულებით.

მსგავსი პოლიტიკა განახორციელეს სხვა ქვეყნებმა, თანაც წარმატებით, მათ შორისაა ლუქსემბურგის წარმატებული პრაქტიკაც. შესაბამისად, შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ეროვნულ ბანკს გავაუქმებთ, ეკონომიკა თავზე დაგვექცევა არარელევანტურია.

დღეს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები აქტიურად აკრიტიკებენ აღნიშნულ მოდელს. მათი თქმით, მულტისავალუტო რეჟიმი ეკონომიკისთვის დამღუპველია. მსგავსი პათოსი, რა თქმა უნდა დაუსაბუთებელია. ამ „შიშების“ დანერგვის მიზანი ეროვნული ბანკის მიერ მონოპოლიზაციის შენარჩუნებაა, რაც მთლიანად მოსახლეობის დაზარალების ხარჯზე ხდება.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანამ ეროვნულ ბანკს ექნება პრივილეგია, რადმენი ლარიც უნდა, იმდენი დაბეჭდოს და ამასთან გვაიძულოს რო ოფიციალურ საგადამხდელო საშუალებად ლარი გამოვიყენოთ, მანამდე მუდმივ წრეზე ვიტრიალებთ.

იზრდება ფასები, გვიმცირდება რეალური შემოსავალი.

გამოსავალი კონკურენციაა. ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, ისარგებლოს იმ ვალუტით, რომელსაც ის ყველაზე მეტად ენდობა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე

კომენტარები