ზურაბ ჯაფარიძე პირბადეებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შექმნას ითხოვს

დღეს პარლამენტმა პირბადის ტარების კანონპროექტი მესამე მოსმენით,  76 ხმით დაამტკიცა. ფიზიკური პირი დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილების შემთხვევაში, 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდმეწარმე 500 ლარით. პირბადის ტარება ასევე სავალდებულო ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით მგზავრობის დროსაც.  დამრღვევი მგზავრიც და მძღოლიც, ასევე 20 ლარით დაჯარიმდება.

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ახალ კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა:

ჩემი აზრით, ეს აკრძალვა სათანადოდ ვერ ემსახურება ვირუსის გავრცელების პრევენციის ლეგიტიმურ მიზანს. საჭირო იყო სპეციალური უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის შექმნა, რომელიც დარგის სპეციალისტებთან საჯარო კონსულტაციების გზით, მოახდენდა პირბადის საჭირო სპეციფიკაციების განსაზღვრას, ისეთების როგორიცაა მატერიის ტიპი, სისქე, ჰაერგამტარობა, წონა, ფერი, თავსუკან-საკრავის ტიპი და სხვა. არაფერი მსგავსი არ მომხდარა, რაც აჩენს საფრთხეს რომ კოვიდ -19-ის მეორე ტალღას ქვეყანა მოუმზადებელი ხვდება. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს არის საბოტაჟი და ვიღაც ძალები სპეციალურად ცდილობენ გააფუჭონ აქამდე სიმწრით და ოფლით მოტანილი მსოფლიოში საუკეთესო კორონა-სტატისტიკა.

                                                                                                                                                                         ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 



კომენტარები