სიახლეები

1330 Views
გირჩი ბლოგი

"მართალს ვიტყვი..."( 9 მაისი - გამარჯვება, თუ მარცხი? )

ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყუელება არს და არა თვალახმა ვისიმე.

ეს სიტყვები "ქართლის ცხოვრებიდანაა", წიგნი ჟამთაღმწერლისა. თუმც საბჭოთა ისტორიოგრაფია ამ პრინციპს არ სცნობს, მისთვის მითები უფრო ხელსაყრელია. 9 მაისიც ერთ ასეთ მითად მიმაჩნია.

მეორე მსოფლიო ომიდან გამარჯვებული სტალინური რეჟიმი გამოვიდა და არა ამ რეჟიმის მსხვერპლი და მძევალი ხალხი. გამარჯვება, რომელიც "პიროსის გამარჯვებას" უფრო ჰგავდა, გაუგონარი მსხვერპლის ფასად იქნა მიღწეული. საბჭოთა გენერალიტეტის უნიჭობა, სამხედრო საქმის დაბალი დონე ჯარისკაცების ხორცით და ძვლით გადაიფარა.

ერთ-ერთი მიზეზი, რომ 9 მაისს 1965 წლამდე არავინ აღნიშნავდა (დასვენების დღედაც კი არ იყო გამოცხადებული) პომპით და პარადით, სხვა მიზეზებთან ერთად ესეც იყო.

ამორალურია , გამარჯვება უწოდო რეპრესიების მორიგ ტალღას, რომელიც "ბელადმა" ომის შემდეგ ახალი ძალით და ჩვეული სისასტიკით განაახლა. უზნეობაა გამარჯვება უწოდო მთელი ხალხების თავიანთი სამკვიდრებლიდან დედაწულიანად აყრას და გადასახლებას.

შეუძლებელია გამარჯვებულად მივიჩნიოთ ათეულ ათასობით მებრძოლი, რომელსაც ომის შემდეგ გერმანული საკონცენტრაციო ბანაკებიდან თავდაღწეულებს სტალინურ გულაგში უკრეს თავი?! 

დაცინვაა, გამარჯვებული უწოდო ომიდან დაბრუნებულ ინვალიდებს, რომელთაც მოსკოვში, ლენინგრადში და სხვა მსხვილ ქალაქებში ცხოვრება აუკრძალეს -ქალაქის იერსახეს ამახინჯებთო.

სოციალიზმის ნაცისტური ფორმა დამარცხდა თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, თუმცა სოციალიზმის მეორე, ბოლშევიკური ვარიანტი, მთელი თავისი ანტიადამიანური შინაარსით -გაფართოვდა და გაძლიერდა.

მილიონობით ადამიანი კვლავ უუფლებო და დაუცველი რჩებოდა პირსისხლიანი ტირანის წინაშე. სიმართლე თუ გინდათ, ომიდან გამარჯვებული სწორედ რომ გერმანია (დასავლეთ ნაწილი) გამოვიდა, მოიცილა რა ჰიტლერული რეჟიმი, ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა, მოკლე ხანში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკად იქცა. ხოლო "გამარჯვებული" ქვეყნის მოსახლეობა და "გათავისუფლებული" აღმოსავლეთ ევროპა კიდევ ნახევარი საუკუნე იტანჯებოდა კომუნისტური უღლის ქვეშ, სანამ სისხლზე, შიშსა და ტერორზე, ტყუილსა და თვალთმაქცობაზე დაფუძნებული სისტემა შინაგანად არ დალპა და არ ჩამოიშალა. 

გაიძახიან, საბჭოთა კავშირმა ევროპა ფაშიზმისგან იხსნაო. ვინ? "ბოროტების იმპერიამ"?! იმ ქვეყნის ჯარისკაცი, რომელიც თავად მონობასა და სიდუხჭირეში ცხოვრობდა, სხვას თავისუფლებას და კეთილდღეობას როგორ მოუტანდა?! იმ ქვეყნებს რომლებშიც ნაცისტები კომუნისტებმა ჩაანაცვლეს, შეიძლება გადარჩენილი და გათავისუფლებული ეწოდოს?!  სტალინური ოკუპაცია თავისი ბუნებით ხომ გაცილებით ველური და აუტანელი იყო. თუ ყველაფერს ქართული თვალით შევხედავთ, რაც ჩვენთვის ამ მოვლენების ყველაზე მართებული აღქმა იქნებოდა, დავინახავთ, რომ მეორე მსოფლიო ომი ქართველებისთვის დიდ სასაკლაოდ და ტრაგედიად იქცა.

უსახელმწიფოდ დარჩენილი ერის ნაწილი ბოლშევიკური რუსეთისთვის ღვრიდა სისხლს, ნაწილი ნაცისტური გერმანიისთვის. ქართველი პატრიოტების იმედები ომში სტალინური რეჟიმის მარცხისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა გაცუდდა.

9 მაისი ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, მარცხის დღეა, 1921 წელს დაწყებული ოკუპაციის გახანგრძლივების დღეა. უფალმა ბრძანა: "არვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად...".

მათთვის ვისთვისაც ძვირფასია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, თავისუფლება და ამ თავისუფლების საყრდენი-კერძო საკუთრება, ვერასოდეს დაუზავდება ტერორს, დიქტატურას, ადამიანის ფუნდამენტური, დაბადებით ბოძებული უფლებების წართმევას და დამონებას. ამდენად 7 ნოემბერი, 25 თებერვალი, 9 მაისი და ზოგადად საბჭოთა წარსული ამ გადასახედიდან უნდა შეფასდეს. ეს კი სულაც არ მიშლის ხელს პატივი მივაგო კონკრეტულ მებრძოლთ, ომის ქარცეცხლიან გზებზე წამებულთ და "სიკვდილით დაკბენილთ" ! ღირებულებათა ჭიდილში კი დათმობა არ იქნება, როგორც იტყვიან, მხოლოდ ბრძოლა და მარადიული ხმლის ქნევა!

ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი

კომენტარები